Categories
სტატიები

მინერვას ჩიტი

წყარო : https://aikidotakemusu.org/loiseau-de-minerve-garde-sabre/

ხმლის დგომი მხოლოდ და მხოლოდ სამკუთხედი შეიძლება იყოს, აიკიდოში ჩვენ ამას სანკაკუს ან ჰანმის ვუძახით. ეს სამკუთხედი მოძრაობის შესაძლებლობა და სათავეა.

ფილოლოგიის ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი გოგონა იყო და სჯეროდა, რომ რომელიმე საბრძოლო ხელოვნების შესწავლა ხელს უშლის სპონტანურობას – ოცი წლის ასაკში, რაღაცეებს რომ წაიკითხავ ადამიანი, ნაირნაირი აზრები მოდგის თავში. მეც ამავე ასაკისა გახლდით, სულ ახალი დაწყებული მქონდა აიკიდო და ამიტომ ვერც გავაცნობდი ამ მარტივ მოსაზრებას: რითაა სპონტანურობა ზუსტი, სწორი მოქმედების გარანტი?

ოცდაათი წლის ასაკში ჩემს წასრულს ჩავუფიქრდი. მიღწეული გამარჯვებები არ მოსულიყო ათვისებული სტრატეგიის შედეგად. შეიძლება ისინი ბუნებრივი ნიჭის ან სხვა ღვთიური თანრიგის მოცემულობათა ნაყოფი ყოფილიყო, ან შეიძლება სულაც სხვა სკოლების სტრატეგიათა უვარგისობით გამოწვეული. მაშინ დილა-საღამოს ამ გამარჯვებების პრინციპს დავუწყე ძებნა და სტრატეგიის გზას ორმოცდაათი წლის ასაკში მივხვდი.

მიამოტო მუსაშიმ, რომელმაც ეს თავისი ცხოვრების მიწურულს დაწერა, პირველი მოწინააღმდეგე დუელში, ცამეტი წლის ასაკში მოკლა, მეორე კი თექვსმეტი წლისამ გააგორა, ოცდაათი წლისას კი ყველა ღირებული მეტოქე დამარცხებული ჰყავდა სამოციოდე დუელის დროს. სიმართლეს ჰგავს ის ამბავი, რომ ის ამ ბრძოლების დროს ვერ გადარჩებოდა, სპონტანურად რომ არ დაეცვა ზოგიერთი კანონი, რომელთა აზრში ჩაწვდომასაც მომდევნო ოც წელს მოანდომებდა. მაგრამ მოფარიკავის მისეული სპონტანური თვისებები არ იქებოდა საკმარისი მის ასე დასაზოგად, რომ არა ბედისწერა, რომელმაც, მისივე სიტყვებით, დიდად შეუწყო ხელი მის ცოცხლად გადარჩენას. თუკი იგი დარწმუნებული იყო, რომ სპონტანურობა აუცილებელი იყო, მხოლოდ ეს თვისება ვერ შეძლებდა სრულყოფილი მოქმედების გარანტირებას, ამისათვის პრინციპის უფრო მკაფიო ხედვა გახლავთ საჭირო.

არაფერია იმაზე უფრო ბუნებრივი, ვიდრე მოქმედების პრინციპი, თუკი ის ამასთან ბუნების საგანძურიცაა. მაგრამ ადამიანი სპონტანურად ვერ უდგება თავის ბუნებას, მან ის უნდა მოძებნოს, შრომა სჭირდება ამას.

ცოდნა ისევე ვერ არის სპონტანური, როგორც დაპროგრამებული თავისუფლება, არაფერია თანდაყოლილი, ყველაფერს მოპოვება სჭირდება, ყველაფერი ძალისხმევის შედეგია, წვალებისაც კი. მაგრამ არსად წერია, რომ სოლფეჯიოს სწავლა ხელს უშლის ადამიანს, გახდეს ბახი ან მოცარტი, რადგან ადამიანი არ ხარ ასეთი, არამედ ხდები ასეთი, სწორედ ამას ვერ მიხვდა ჩემი ახალგაზრდა ფილოლოგი სტუდენტი გოგონა.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედების პრინციპი სპონტანურად არ წარმოუჩნდება ადამიანს, სპონტანურობა მაინც აუცილებელია მის ასამუშავებლად. რადგან გონება და ინტუიცია ხელიხელჩაკიდებულები მიაბიჯებენ მუსაშის მიერ განვლილ გზაზე და მხოლოდ ამ ორი რამის შეჯვარებით ხდება შესაძლებელი შინაარსი შესძინოს ასევე მის ფრაზას, რომელიც სხვაგვარად ჰერმეტული დარჩებოდა:

“ფარიკაობის ჭეშმარიტი ღირებულება მისი ტექნიკით არ შემოიფარგლება.”

ამის გასაგებად გავცდეთ გონიერების საზღვრებს და ამ ერთხელ სიტყვა მივცეთ პოეზიას, ვკითხოთ ვერლენს, რას ფიქრობს ამაზე, ამით ჩემი ახალგაზრდობის დროინდელ სტუდენტ გოგონასაც ჩავუკრავთ თვალს.

ჯერ მუსიკა და მერე ყოველი,

მეფობდეს ჰანგი იგი რჩეული

ჰაერში ვნებით მიმობნეული,

აურწყავი და დაუწყობელი.

( თარგმანის წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=69647 )

არსებობს ხუთი დგომი გრძელი ხმლისათვის, ხუთივე ლეგიტიმური და სრულიად აუცილებელია, მაგრამ ისინი არ „აწევს“ ზევიდან თავსახურივით მოძრაობის თავისუფლებას, თუკი მათ როგორც პოზიციებს, ისე შევხედავთ. მუსაში გვაფრთხილებს:

“დგომი შეტევის ლოდინია. კარგად გაიგეთ ეს.“

ყველანაირი პოზიცია მართლაც პაუზაა, მოლოდინია. ნამდვილი დგომი ასე არ არის. დგომის მიჩნევა პოზიციად, ნიშნავს გააშეშო გონება თავდაცვის მდგომარეობაში, რაც არ შეესაბამება დუელის მოთხოვნებს და კიდევ უფრო ნაკლებად ბრძოლის ველის მოთხოვნებს, სადაც მოწინააღმდეგეები ნებისმიერი მხრიდან გამოტყვრებიან ხოლმე და ასეთ დროს მობილურობა უსაფრთხოების მთავარი გასაღები ხდება.

უსაფრთხოების ძიებაც არ უნდა გახდეს თვითმიზანი, ისევე როგორც გადაადგილება. მხოლოდ  ხმლის დარტყმა წარმართავს ყველაფერს, ის მოითხოვს მოძრაობას. ჭრა მოძრაობის გარეშე იგივეა, რაც რამე მქომედება სიცოცხლის გარეშე, მოქმედებას სიცოცხლის გარეშე კი შედეგი არ მოქვს. ნებისმიერი, ვინც შეეცდება თითო ხელში თითო ხმალი აიღოს და რეალურად ჭრას შუაზე მყარი საგნები, მიხვდება, რომ შეუძლებელია ამის გაკეთება მხოლოდ ხელის ძალით: მხოლოდ სხეულის ბრუნვითი მოძრაობა იძლება საშუალებას, რომ საჭირო ძალა შევძინოთ ჭრას, პროპელერის ფრთასავით.

ამგვარად, გადაადგილება მუდამ და მხოლოდ მოძრაობის შედეგია, ხოლო უსაფრთხოება გადაადგილების შედეგი. როდესაც მოძრაობა პრინციპს ექვემდებარება, აღარ უნდა ვიდარდოთ გადაადგილებასა და უსაფრთხოებაზე, ესენი მოჰყვება კვალდაკვალ და სრულყოფილად. საერთო გადაადგილებით გამოხატული ჭრისა და უსაფრთხოების ეს პერმანენტული დამთხვევა შესანიშნავია და ამაზე უნდა დაგვაფიქროს: რომელი სასწაულით ხდება, რომ გადაადგილება, რომელიც იდეალურად შეესაბამება ხმლის ჭრას, ამავდროულად არის გადაადგილებაც, რომელიც მეომრის უსაფრთხოებას იდეალურად შეესაბამება?

ნამდვილ ჭრას „ტალღის“ ენერგია აქვს და იმავე მარშრუტსაც გადის. ტალღა ნელი და მძლავრი რიტმით გორდება და ინავლება და ეს რიტმი მოდის არა მისგანვე, არამედ ოკეანის სიღრმეებიდან. ხმლის მოძრაობა ტალღის მოძრაობასავითაა, ის არ გახლავთ იმ ადამიანის რაიმე განსაკუთრებული არჩევნის შედეგი, რომელსაც ის უჭირავს ხელში, არამედ იმ უფრო დიდი რიტმის გამოხატულება, რომელიც მის სხეულს რხევითი მოძრაობით გაივლის.

ეს რიტმი კავშირშია სამყაროს „მუსიკასთან“, სამყაროს მუსიკა კი „კენტ“ რიცხვზეა დამყარებული. არავინ იცის, რატომ გაიყო ერთ დღესაც ერთი – შეიძლება უსასრულო მარტოობის გამო – ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე გაჩნდა ორი, რომელსაც აღმოსავლეთმა ინი და იანი უწოდა. დიადმა ‘ყოველივემ’, ‘ერთმა’, შვეს ‘ორი’, ხოლო ‘სამი’ სხვა არაფერია, თუ არა იგივე მოქმედება, რომლითაც ‘ორი’ იშვა ‘ერთისაგან’, ამიტომაც უწოდებენ ამ ფენომენს ‘სამებას’: მამისგან ძეს, სულიწმინდის გავლით. ‘სამება’ წმინდაა როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, კენტია და სულიერი ბუნებისაა, მაგრამ ამ სამით პრინციპი ენერგიას მიმართავს მატერიალური საგნების წარმოქმნისაკენ, რომელთა სათავეც და შესაძლებლობაც თავადაა.

ამიტომაცაა, რომ ხმლის დგომი მხოლოდ სამკუთხედი შეიძლება იყოს და აიკიდოში ჩვენ ამას სანკაკუს ან ჰანმის ვუწოდებთ. ეს სამკუთხედი, როგორც ყველანაირი შესაქმისა, მოძრაობის შესაძლებლობა და სათავეა. მაგრამ მხოლოდ ‘ორით’ შეუძლია შექმნა სამკუთხედს, სხეულის ორი ნაწილის ურთიერთშემავსებელი ბრუნვით ხერხემლის ღერძის გარშემო (ორი თეძო, ორი ფეხი, ორი ხელი), ბრუნვით, რომელსაც აიკიდოში ირიმი-ტენკანის სახელი აქვს. ასეთ დროს წარმოჩნდება ‘პრინციპისაგან’ შობილი სხვადასხვანაირი ფორმები, როდესაც ის მოქმედებას იწყებს ხმლის სფეროში: ესენია ტექნიკური ფორმები. როდესაც ‘სამი’ ქმნის, მუსიკა სწორია, ტექნიკა ღვთიური, ადამიანს წარმართავს ძალა, რომელიც მასზე უფრო დიდია. როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ შეუძლია მარტომ იმოქმედოს, თავის ყაიდაზე, როდესაც ტექნიკა პერსონალური და ძალიან ადამიანურია, როდესაც ღმერთები, რომლებიც, როგორც წესი, აცეკვებენ ხოლმე ხმალს, მიატოვებენ მას, მოძრაობას აშკარად ყალბად ჟღერს.

‘გზა’ ადამიანისთვის მდგომარეობს იმაში, რომ მან საკუთარი სხეულის გავლით უნდა ალაპარაკოს სამყაროს დიადი გეგმა. თუკი ტექნიკა არ იქნება ღვთიური, მას არანაირი ღირებულება არ ექნება, ან ილუზია იქნება ეს, ან მოჩვენებითობა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. როდესაც  პირქით, ტექნიკა ჰარმონიაში იქნება სამყაროს გეგმასთან, ის მოქნილი და მსუბუქია, ჰაეროვანი და „ჰაერში შეიძლება გაიხსნეს“.

მარად მუსიკა, ისევ და ისევ,

რომ შენი ლექსი ლაჟვარში ქსოვდეს,

და გრძნობა ერთი სულიდან რბოდეს,

სხვათა ტრფობისკენ და სხვათა ცისკენ.

( თარგმანი იგივე )

ამგვარად,

ხმალი პოეტის ლექსივით დაფრინავს ერთი ადგილიდან მეორესკენ და არასდროს ჩერდება.

პოეზია თავის თავში ატარებს სიყვარულს. მის მსგავსად, კენტი, ტალღა და ჰაერში აქროლადი, გრძელი ხმალი თავის თავში სიკვდილს ატარებს. მაგრამ ორივენი მარადიული კანონების მიხედვით მოქმედებენ, რომლებიც არსებათა განახლებით სამყაროს გარდაქმნას წარმართავენ. ისინი ერთი და იმავე ენერგიის ორი განსხვავებული სახეა და ორივენი სიცოცხლის ჰიმნს წარმოადგნენენ.

სიყვარული და სიკვდილი, დიდი ხანი უნდა წითლისა და შავის წონასწორობის გაგებას და ყველაფერი გვიან მოდის, უთუოდ, მაგრამ ბუნებრივი ამბავია, რომ მინერვას ჩიტი მხოლოდ ჩამობნელებულზე თუ აფრინდება ხოლმე და რომ მისთვის გარიჟრაჟის დაპირებები სრულიად აკრძალულია.

ახლა შენი ჯერია, იანუს, დასასრულთა და დასაწყისთა ბატონ-პატრონო, რომელიც ყოველ ას წელიწადში ერთხელ გვესტუმრები ხოლმე. იმ საუკუნისათვის, რომელსაც ახლა ხსნი შენ მე-20-სა და 21-ეს შორის, და კიდევ იმისთვის, რომ პოეტურად დავასრულოთ, გთხოვ „ხელის ერთი მოძრაობით  ჩარაზე შენი წრფელი საკურთხევლის კარები“.

ასეთია ჩემი ჭეშმარიტი სურვილები თქნენდამი.

ფილიპ ვოარინო, იანვარი 2021