Categories
სტატიები

ირიმი ტენკანი და ომოტე ურა – ხრახნი

სტატიის დედანი

ინჟინერი არ გახლავართ და აქ ვლაპარაკობ ფენომენზე, კერძოდ, კავიტაციაზე, რომელსაც მხოლოდ შორიდან ვიცნობ. ამიტომ შემისწორეთ, თუ რამეში შევცდები.

კავიტაცია ამა თუ იმ  ნივთიერებაში გაზის ბუშტუკების ან  ორთქლის გაჩენაა ატმოსფერულ წნევასთან ერთად (მაგალითად, წყალში), რომელიც მის გაზოვან ფაზასა და თხევად ფაზას შორის არსებულ წონასწორობას გააქრობს. წონასწორობის ამ დარღვევას წნევის ვარდნა იწვევს.

სწორედ ასე შეუძლია წყალქვეშა ნავს გააჩინოს ბუშტუკები ძალიან ღრმა წყლებში : წყალი ბუყბუყამდე მიჰყავს არა მაღალ სიცხეს, არამედ ხრახნისაგან წარმოქმნილ წნევის ვარდნას. ხრახნს ეს იმიტომ შეუძლია, რომ თითოეული მისი ფრთა იმგვარადაა გამოჩარხული, რომ ფრთის შიდა მხარე წყალში წნევას აჩენს, მაშინ როცა ამავე ფრთის გარეთა მხარე წნევას უგდებს წყალს. წნევის აწევისა და ვარდნის ეს მჭიდრო კავშირი წყალქვეშა ნავის წინსვლისათვის აუცილებელ ენერგიას წარმოშობს.

ადამიანს თეძოები ისე აქვს ხერხემლის გარშემო, როგორც ხრახნის ფრთებია ღერძის გარშემო : ყოველთვის, როგორც კი ერთი თეძო მიწოლით წარმოქმნის წნევას, საპირისპირო თეძო ქვევით აგდებს წნევას, და პირუკუ. აიკიდო წნევის წარმომშობ თეძოს ირიმის უწოდებს, ამავე  წნევის დამგდებს კი ტენკანს.

ისევე, როგორც წნევის ვარდნა წყალში წონასწორობას არღვევს გაზის ფაზასა და თხევად ფაზას შორის, აიკიდოში ტენკანის მიერ წნევის ეს დაგდება წონასწორობას აკარგინებს მოწინააღმდეგის სხეულს. აიკიდოს ტექნიკა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ტენკანის თეძოს მიერ გამოწვეული წნევის ვარდნის საშუალებით აიტეს სიცარიელეში შეისრუტავს და ირიმის თეძოსაგან წარმოქმილ წნევასთან ერთობლიობაში ძირს აგდებს მას. ამ პროცესში ორივე თეძო თანასწორად მოქმედებს, არც ერთ მათგანს უპირატესობა არა აქვს მეორეზე და ისინი ერთმანეთზეა დამოკიდებული. თეძოების ეს ურთიერთშემავსებელი ბრუნვა აიკიდოს მოქმედების პრინციპის პირველი ხილული გამოვლინებაა, თუ გნებავთ, ინისა და იანის პირველი ხილული გამოვლინება, გამოვლინება, რომელიც ურყევად ემორჩილება ფიზიკის კანონებს.

ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ომოტე და ურა მხარეებთან, რომლებითაც შეიძლება ადამიანმა ესა თუ ის ილეთი შეასრულოს. ომოტე და ურა ილეთის მოდალობაა და მეტი არაფერი, რაც მხოლოდ მეორე თვლაზე იჩენს თავს და რომელიც ვერ იარსებებდა, თუკი მოქმედების პრინციპი არ იქნებოდა ამუშავებული პირველ თვლაზე. ომოტე და ურა ირიმისა და ტენკანის მოქმედების ორი შედეგია, ისინი სრულიად შემთხვევით ჩნდება, იმ გარემოებათა მიხედვით, რომელთაც ესა თუ ის შესაძლებლობა მოითხოვს. და ისინი საერთოდ არ ჩნდება ზოგიერთ შემთხვევაში, რომლებშიც ეს შედარებითი სხვაობები არ მოიძევვება (მაგალითად, არ არსებობს ირიმი ნაგე ომოტე და ირიმი ნაგე ურა, ირიმი ნაგე ირიმი ნაგეა, მარად თანაბარი და თანსწორი და ის ყოველთვის მოწინააღმდეგის ზურსუკან სრულდება). ომოტესა და ურასგან განსხვავებით, ირიმი-ტენკანის მოქმედების პრინციპი ყველაფერზე წინ არსებობს, ის პიველადია, მხოლოდ თავის თავზეა დამოკიდებული, ის საკუთარი თავის სათავეა, ის თავად სათავეა.

გასაოცარია და დღეს აიკიდოს ყველაზე მაღალ დონეზე ისწავლება, რომ ირიმი-ტენკანის წყვილი და ომოტე-ურას წყვილი სინონიმებია და სხვა არაფერი და რომ ისინი ურთიერთჩანაცვლებადია ! მე ვიცნობ ტაკემუსუს სწავლების ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს სკანდინავიის ქვეყნებში, რომელმაც განაცხადა, ირიმი და ტენკანი მოძველებული და ხმარებიდან გადასული ტერმინებია – მოდიდან გადასულიც კი – რომლებსაც ოდესღაც ხმარობდნენ ომოტესა და ურას აღსანიშნავად და ახლა მათი ხმარება უკვე შეუსაბამოაო. ამიერიდან ისინი ომოტეთი და ურათი უნდა ჩავანაცვლოთო… გაუმარჯოს ბუნდოვანებას, გაუმარჯოს თანამედროვეობას!

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის მაისი.

Categories
სტატიები

ში-ჰო

სტატიის დედანი

მეთოდში ში-ჰო ნაგე საშუალებას გვაძლევს უკე ოთხი სხვადასხვა მიმართულებით მოვისროლოთ. რეალობაში კი ში-ჰო ნაგე საშუალებას გვაძლევს უკე მოვისროლოთ ერთი საწყისი წერტილიდან ოთხი სხვადასხვა მიმართულებით.

აქ ერთი დიდი განსხვავებაა : ამაში არ იგულისხმება იგივე მიმართულებები, მეთოდის მიმართულებებიდან რეალობაში მხოლოდ ორია გამოყენებადი. მაგალითად, მეთოდის კლასიკური ომოტე ფორმა აკრძალული და შუეძლებელია რეალურ კონტექსტში, იმიტომ რომ იგი არ შეესატყვისება რეალობის პრინციპს და ო-სენსეის სწავლებას, რომელიც ღაღადებს, აიკიდოს ნებისმიერი ილეთი ერთ მოწინააღმდეგესთან ისე უნდა მუშაობდეს, როგორც ოთხთან მუშაობსო.

მართლაც, ნათლად ჩანს ვიდეოში, რომ მეთოდის კლასიკური შიჰო ნაგე ომოტეს შესრულება ოთხ მოწინააღმდეგესთან შეუძლებელია, იმიტომ რომ ილეთის შესრულების ეს ხერხი ტორის დაუცველს ტოვებს გარშემო მყოფი მოწინააღმდეგეების შეტევებისაგან.

თუკი ეს ფორმა ისევე კარგად არ მუშაობს ოთხ მოწინააღმდეგესთან, როგორც ერთთან, ყველაფერი მარტივია, ეს არ არის აიკიდოს ტექნიკა : სწორედ ამას გვასწავლის ფუძემდებელი.

თუმცაღა, რაკი ეს ფორმა არსებობს მეთოდში, გამოდის, რომ მას რაღაც სარგებელი მოაქვს. ცხადია, ეს არ არის უშუალო და მყისიერი საბრძოლო სარგებელი : იგი ერთგვარი შესავალია ნამდვილ ფორმაში.

საბრძოლო ფორმა რთული შესასრულებელია და მეთოდიც გვთავაზობს, გავამარტივოთ ეს ფორმა მის უკეთ შესასწავლად და იმ ფუნდამენტის შესაქმნელად, რომელიც მეორე საფეხურზე ნამდვილ ფორმასთან მისასვლელ გზას გაგვიხსნის. ეს ფორმა ასე უფრო იოლი მისაწვდომი ხდება.

მეთოდს უდიდესი სარგებელი მოაქვს, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი, რასაც ის გვთავაზობს, გამოსაყენებელი იყოს საბრძოლო სიტუაციის რეალობაში. არ გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ პედაგოგიური ხასიათის ნებისმიერ გამარტივება, რაც რთულ რეალობასთან მისასვლელად გამოიყენება, ამავდროულად ამ რეალობის გადასხვაფერებაა. არ არსებობს დამალვა-დაფარვის რაღაც თვითნებური სურვილი, ყველაფერს მალავს თავად იმ ხერხის თავისებურება, რომელიც მათ აღმოსაჩენად და შესაცნობად გამოიყენება. სწორედ აქაა ინისა და იანის სახეები : საგნებს მალავს თავად ის მოქმედება, რომელიც მათ აღმოჩენას ცდილობს და ისინი ხილულნი ხდებან იმ მოქმედებისაგან, რომელიც მათ დამალვას ცდილობს.

სიტყვამ მოიტანა და აი კარგი ცხოვრებისეული სიბრძნე : ყველაფრის გამართლება შეიძლება მისი საპირისპიროთი, ხოლო პასუხისმგებლობებისაგან გაქცევა საუკეთესო საშუალებაა იმის დასანახად, როგორ გიჭერენ მაინც ისინი ბოლოს. მაგალითად, ამიტომ ხდება, რომ პლანეტა დღეს ადამიანს გარესამყაროს მიმართ გაუაზრებელი ქცევის საფასურს უკან უგზავნის. ადამიანმა უნდა იტვირთოს საკუთარი პასუხისმგებლობა, თუ უნდა მშვიდობიანად იცხოვროს ამ სამყაროში.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის მაისი.

Categories
სტატიები

შესაძლებელია თუ არა აიკიდოს გამოყენება რეალობაში?

წინასწარვე ვიტყვი, რომ კი… რასაკვირველია. მაგრამ საინტერესოა, რამ გააჩინა ეს შეკითხვა? რატომ დადგა ეჭვქვეშ ამ სწორუპოვარი საბრძოლო ხელოვნების რეალურობა? ვეცდებით ახსნა მოვუძებნოთ ამ გარემოებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ საზოგადოებაში ამ შეკითხვაზე აზრი ორადაა გაყოფილი: ზოგი ფიქრობს, რომ კი, რეალურია, ხოლო ზოგს ამის არ სჯერა. პირველ მოსაზრებას, ძირითადად, ორი კატეგორია ემხრობა: პირველი – ძირითადად ისინი, ვინც თავად ვარჯიშობენ ამ საბრძოლო დისციპლინაში და ამიტომ, ბუნებრივია, სუბიექტური დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ და მეორე – ისინი, ვისაც საერთოდ არანაირი შეხება არა ჰქონია ტატამთან და, ზოგადად, ნდობითა და სიმპათიით არიან განწყობილნი ტრადიციული ხელოვნებების მიმართ. მეორე მოსაზრებას (არარეალურობას) კი იზიარებენ და ამას ხანდახან ერთობ უხეში ფორმებითაც გამოხატავენ სხვა საბრძოლო ხელოვნებებისა და ამ ხელოვნებებისგან სპორტის სახეობებად ქცეული დისციპლინების მიმდევრები (კარატეკები, მოჭიდავეები, მოკრივეები და ა. შ.). ეს უკანასკნელნი აიკიდოს დახასიათებისას ხშირად „ბალეტსა“ და (საბრძოლო ხელოვნებისათვის) სხვა, უფრო შეურაცხმყოფელ ეპითეტებს იყენებენ. მართალნი არიან თუ არა ეს ბატონები?

პირადად მე ამ შეკითხვაზე (თუ რამ გამოიწვია მათი მხრიდან ეს კრიტიკა) სწორ პასუხს ვარჯიშის დაწყებიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მივაგენი. როგორც ახლა იტყვიან ხოლმე, პასუხი ცალსახა არ გახლავთ და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი ამბივალენტურია. მარტივად (და სპორტსმენებისთვის გასაგები ენით) რომ ვთქვათ – თან კი და თან არა. რა იგულისხმება ამაში? ძალიან მარტივი რამ: რასაც ეს ბატონები, რბილად რომ ვთქვათ, აკრიტიკებენ და „ბალეტს“ უწოდებენ, ის მართლაც გასაკრიტიკებელი და „ბალეტია“, მაგრამ აქვე და მყისვე უნდა დავუმატოთ შემდეგიც – იმას, რასაც ეს ბატონები აკრიტიკებენ, აიკიდოსთან საერთო არაფერი აქვს (გარდა ტატამისა, კეიკოგისა და სხვა გარეგანი ატრიბუტიკისა).

მივადექით ერთი შეხედვით თითქოს ყველაზე მარტივ, სინამდვილეში კი ალბათ ყველაზე რთულ შეკითხვას – რა არის აიკიდო? სავარაუდო პასუხი ორგვარი შეიძლება იყოს, ბანალური, რომელიც ერთი-ორი სიტყვით შემოიფარგლება (ვთქვათ, ასეთი: ერთ-ერთი საბრძოლო ხელოვნება) და განვრცობილი, რომლისთვისაც შეიძლება საათები და დღეებიც არ აღმოჩნდეს საკმარისი… სრული პასუხი კი, გასაოცარია და, შეიძლება თავად შემოქმედსა და ფუძემდებელს, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბასაც არ ჰქონოდა თავის დროზე. აკი 80 წლის ასაკში თავად უთქვამს ფუძემდებელს, გული მწყდება, კიდევ 80 წელი რომ არა მაქვს წინ, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგო, აიკიდო რა არისო. ამიტომაც, ცოტა სასაცილოდ ჟღერს ხოლმე, როდესაც მავანნი ორკვირიანი, ორთვიანი და, თუგინდ, ორწლიანი პრაქტიკის შემდგომ ბრძნულ აზრებს აფრქვევენ და ნაირ-ნაირ თეორიებს აგებენ ხოლმე აიკიდოს რაობის შესახებ.

მე აიკიდოსკენ მიმავალ გზას 33 წლის ასაკში, ნულოვანი გამოცდილებით დავადექი (ამისთვის დიდი მადლობა ჩემს მეგობარს, დევი ბერძენიშვილს). ტატამი იქამდე მხოლოდ ტელევიზორში მენახა. პირველი მასწავლებელი საქართველოს აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ბ-ნი ზურაბ გავარდაშვილი იყო. ამ ადამიანმა ავადსახსენებელ 90-იან წლებში თავდაუზოგავი და მუხლჩაუხრელი შრომით უზრუნველყო, რომ არ ჩამქრალიყო აიკიდოს იმხანად მინავლებული ნაკვერჩხალი, რისთვისაც უზომოდ მადლიერნი ვართ მისი მოწაფეები. როგორც ყველა „ახალი“, მეც გაფაციცებული და ყურებდაცქვეტილი ვისმენდი და ვისრუტავდი ყველაფერს. ამიხსნეს, რომ აიკიდო სპორტი არ არის და საბრძოლო ხელოვნებაა (თუმცა მაშინ კარგად არც მესმოდა, რაში მდგომარეობდა ეს განსხვავება) და რომ მას ჰყავს შემქმნელი, დამაარსებელი (უფრო გავრცელებული ტერმინი ‘ფუძემდებელია’), მორიჰეი უეშიბა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 1969 წელს გარდაიცვალა. სრულიად გაუთვითცნობიერებელმა ვიფიქრე, რომ ყველაფერი, ნებისმიერი მოძრაობა, მთელი ის ტექნიკა, რომელსაც მაშინ ჩვენ ტატამზე ვაკეთებდით, ამ დიდი ადამიანის მოგონილი და შექმნილი იყო. ცოტა კი მიკვირდა, ამდენი საუკუნე და ათასწლეული როგორ გამოიარა კაცობრიობამ, ასეთი (ერთი შეხედვით) მარტივი და ლოგიკური ილეთები რომ ვერ აღმოაჩინა-მეთქი, მაგრამ რას ვიზამდი? რასაც მეუბნებოდნენ, ყველაფერს ვიჯერებდი. ცოტა ხნის შემდეგ, გარკვეული ლიტერატურის კითხვის, ვიდეოების ნახვის (მაშინ იუტუბი ჯერ არ არსებობდა) და თემატური საუბრების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ჯერ ერთი, მერე მეორე, და ბოლოს პრაქტიკულად ყველა ილეთი, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებდით ვარჯიშების დროს, სხვა საბრძოლო ხელოვნებებშიც (ჯიუჯიცუ, ტაიჩი და ა. შ.) მოიძევებოდა. ამან ცოტა დამაბნია და, ბუნებრივია, გამიჩნდა შეკითხვა – კი მაგრამ, აბა რა შექმნა ო-სენსეიმ და რაში მდგომარეობს მისი ფუძემდებლობა-მეთქი? ახლა ვხვდები, რომ იმხანად, ინფორმაციის წარმოუდგენელი სიმწირის გამო ამ შეკითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არ არსებობდა და, რომც ეარსება, მე თვითონ არ ვიყავი მზად მის სწორად გაგებისათვის. საუკეთესო შემთხვევაში ასეთი ვერსია მესმოდა ხოლმე ყოველი მხრიდან: შენ ივარჯიშე და ოთხმოცი წლის ასაკში გონება გაგეხსნება და ყველაფერს მიხვდებიო.

მაშ როგორ აიხსნება, რომ ერთ შემთხვევაში X ადამიანი X1 ადამიანს ამა თუ იმ ილეთს  (ნებისმიერს, ვთქვათ, ნიკიოს ან შიჰო ნაგეს) უკეთებს და ეს აიკიდოა, ხოლო მეორე შემთხვევაში Y ადამიანი Y1 ადამიანს ზუსტად ამავე ილეთს უკეთებს და ეს უკვე ჯიუჯიცუა? ან, ვთქვათ, ჰაპკიდოა… ან სულაც სხვა რამ, ტაიჩი ან უშუ? რაში მდგომარეობს სხვაობა? რა არის ის „ჯადო“, რომელიც ამ სხვაობებს განაპირობებს?

საბრძოლო ხელოვნებებს ბევრი რამ აქვს საერთო ჩვეულებრივ, არასაბრძოლო ხელოვნებებთან (მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა და ა. შ.) ერთ-ერთი საერთო ნიშანი ის გახლავთ, რომ ზოგს ჰყავს „ავტორი“ და ზოგსაც არა და, შეიძლება ითქვას, ხალხურად ითვლება. მაგალითად, აიკიდოს ჰყავს ფუძემდებელი, ჯიუდოსაც (ჩვენში არასწორადაა დამკვიდრებული ეს სიტყვა – ძიუდო) ჰყავს, აი სუმო, კარატე, ან, სხვა, ვთქვათ, ჩინური თუ ინდური სისტემები კი, როგორც წესი, ხალხურებია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, იმას, რომ ესა თუ ის ტექნიკა, რომელსაც საბრძოლო ხელოვნებები იყენებენ, მხოლოდ და მხოლოდ „ნედლეულია“, „საშენი მასალაა“, რომელიც ამა თუ იმ კონცეფციით გამოყენების შემთხვევაში იღებს სხვადასხვა სახელწოდებას, აიკიდოს, ჯიუჯიცუს და ა. შ. ამ კონცეფციას აიკიდოსა და ჯიუდოს შემთხვევაში ჰყავს „ავტორი“, სხვა შემთხვევებში ეს კონცეფციები „ხალხურია“. მხოლოდ ტექნიკის ათვისება ამა თუ იმ კონცეფციის გარეშე, თუნდაც ძალიან მაღალ დონეზე, არ ნიშნავს, რომ ადამიანი რომელიმე საბრძოლო ხელოვნებას ფლობს. ერთი და იმავე მასალით, ვთქვათ, აგურითა და ცემენტით, შეიძლება აიგოს სასახლეც, აშენდეს სახლიც, ქოხიც და, ბოდიში და, სოფლის ტუალეტიც. ერთი და იმავე ინგრედიენტებით კარგი მზარეული სხვადასხვა კერძს ამზადებს. გამოდის, რომ მთავარია ეს კონცეფცია, რომელიც აქ მოხმობილი მაგალითებიდან ერთ შემთხვევაში „არქიტექტურული პროექტია“, მეორეში „კულინარიული რეცეპტი“ და ა. შ… სწორედ „რეცეპტი“ შექმნა ო-სენსეი მორიჰეი უეშიბამ, რომლითაც დაიტო რიუ აიკიჯიცუსა თუ ჯიუჯიცუს სხვა სკოლებში გამოყენებული ტექნიკა აიკიდოდ იქცა. ამ „რეცეპტის“ გარეშე არაფერს აზრი არა აქვს. მხოლოდ ტექნიკის შესწავლით ადამიანი ემსგავსება იმას, ვინც, მაგალითად, ხატვის ტექნიკას ეუფლება სამხატვრო აკადემიაში და ამ ტექნიკის ათვისებისთანავე თავი მხატვარი ჰგონია… არადა მხატვრობა სწორედაც ამის შემდეგ იწყება. ანდა ის, ვისაც მხოლოდ გამებისა და ეტიუდების დასწავლის შემდეგ თავი მუსიკოსი ჰგონია… გინდაც, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მენდელეევის სისტემას დაისწავლის სხაპასხუპით და ამის შემდეგ გამოაცხადებს, ქიმიკოსი ვარო… ასევეა ტექნიკაც საბრძოლო ხელოვნებებში, მათი შეძლებისდაგვარად სრულყოფილად ათვისება იმპერატიულად აუცილებელია, უამისოდ წარმოუდგენელია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ხელოვნება. ანუ ტექნიკა და ხელოვნება სხვადასხვა რამაა. ხელოვნება იყენებს ტექნიკას. უფრო შორსაც შეიძლება წასვლა – დროთა განმავლობაში ზოგი საერთოდ ივიწყებს ამ ტექნიკის არსებობას. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ტექნიკა მხოლოდ გასავლელი გზა იყო სადღაც მისასვლელად. ასე იყო მორიჰეი უეშიბას შემთხვევაში – ცხოვრების ბოლო პერიოდში თითქმის აღარც აკეთებდა „ილეთებს“, უბრალოდ მოძრაობდა ტატამზე და ჩვენი თვალისთვის „უხილავ“ და ჩვენი გონებისთვის გაუგებარ რაღაცეებს აკეთებდა.

ასეთ მარტივ და სრულიად ბანალურ რამეს (ტექნიკისა და ხელოვნების ერთმანეთისგან გარჩევა) იმიტომ დავუთმეთ ამხელა ადგილი, რომ პრაქტიკა გვიჩვენებს – ადამიანს, რაგინდ გონებაგამჭრიახიც არ უნდა იყოს ის, დროთა მანძილზე „უბლაგვდება“ ამ განსხვავების აღქმის უნარი და ბოლოს იჯერებს, რომ ის ილეთები, რომლებზეც მას წლების განმავლობაში უმუშავია, თავად ხელოვნებაა, უბრალოდ, რასაც დარბაზში ნელა ასრულებს, ის რეალობაში უფრო სწრაფად უნდა გააკეთოს.

სად არის ეს „რეცეპტი“? სად არის ის „არქიტექტურული პროექტი“, რომელიც სოკაკუ ტაკედას უბადლო ტექნიკას მორიჰეი უეშიბას ჰერმეტულ ხელოვნებად, აიკიდოდ აქცევს? აქ მივადექით ყველაზე „მტკივნეულ“ საკითხს.

მახსენდება ის დებატები, რომლებიც წინათ წლების მანძილზე იმართებოდა ხოლმე ტატამზე ამის შესახებ – გვიმალავენ აზიელები (ჩინელები, იაპონელები, კორეელები) ნამდვილ საბრძოლო ხელოვნებებს, თუ უშურველად გვაწვდიან ყველაფერს და, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვსწავლობთ მათსავით კარგად. თავიდან იმდენად რთულად და უჩვეულოდ ეჩვენება ადამიანს ყველაფერი, რომ მე არ მეგონა, კიდევ რამე თუ არსებობდა „დასამალი“. ამიტომ მეორე მოსაზრებას უფრო ვემხრობოდი, მაგრამ დრომ (და ძიებამ) აჩვენა, რომ  ვცდებოდი და მართალნი ისინი გამოდგნენ, ვინც სასწავლი მასალის „დაშიფვრისა“ და მისი ჭეშმარიტი არსის გასაიდუმლოების ვერსიას იზიარებდა.

აქ ერთი პატარა, თუმცა უმნიშვნელოვანესი ამბავი უნდა ვთქვათ, რომელიც ასევე უცნობია ამ წერილის მკითხველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ბოლომდე და სწორად რომ შევიმეცნოთ ეს პატარა ამბავი, რამდენიმე პერსონაჟზე უნდა გვქონდეს გარკვეული წარმოდგენა მაინც…

ესენი არიან:

ო-სენსეი მორიჰეი უეშიბა (აიკიდოს ფუძემდებელი)

ფოტოს წყარო

კიშომარუ უეშიბა (ო-სენსეის ვაჟი და აიკიდოს ყველაზე დიდი ორგანიზაციის, აიკიკაის დამაარსებელი)

ფოტოს წყარო

მორიჰირო საიტო სენსეი (ო-სენსეის მოწაფე, რომელიც ყველაზე დიდხანს, 24 წლის მანძილზე იყო მასწავლებელთან)

ფოტოს წყარო

სტენლი პრანინი (აიკიდოს უბადლო ისტორიკოსი და „აიკი ჯორნალის“ მთავარი რედაქტორი)

ფოტოს წყარო

ჯონ სტივენსი (იაპონიაში მცხოვრები ამერიკელი, რომელიც იმხანად თავისთვის ვარჯიშობდა აიკიდოს)

ფოტოს წყარო

რინჯირო შირატა სენსეი (უეშიბების ოჯახთან დაახლოებული, აიკიკაის ერთ-ერთი რუხი კარდინალი).

ფოტოს წყარო

ახლა კი თავად ამბავი:

ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას, უმაღლესი ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და საქმისადმი მეცნიერული მიდგომის მიუხედავად, ერთადერთი წიგნი ჰქონდა დაწერილი მთელი ცხოვრების მანძილზე (იგულისხმება საბრძოლო ხელოვნების შესახებ). წიგნს სახელად „ბუდო“, ანუ „მეომრის გზა“ ეწოდება, 1938 წელს გამოიცა და მის რუსულ თარგმანს (სამწუხაროდ, ქართულად ჯერ არ არსებობს) ბევრ თბილისელ ბუკინისტთან წააწყდება ადამიანი. ამ ამბავში მთავარი რამდენიმე შტრიხია: ეს წიგნი ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის არ დაწერილა. მისი დაწერა იაპონიის იმპერატორმა, ასე ვთქვათ, კლასგარეშე საკითხავ მასალად სთხოვა თავისი მეუღლის მკვიდრი ბიძაშვილის, პრინც კაია ცუნენორისთვის, რომელიც ო-სენსეის მოწაფე გახლდათ. ტირაჟის ზუსტი როდენობა უცნობია. ვიცით მხოლოდ ზედა და ქვედა ზღვრები – მაქსიმუმ 100 და მინიმუმ 50 ეგზემპლარი. წიგნი გამოცემისთანავე გაქრა. სავარაუდოდ, მცირე ნაწილი რამდენიმე უაღრესად დაწინაურებულ მოწაფეს გადაეცა (მადლიერების ნიშნად), დანარჩენმა ეგზემპლარებმა კი იაპონიის უმაღლესი არისტოკრატიის ოჯახების სეიფებში დაიდო ბინა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 80 წელზე მეტი გავიდა და მსოფლიოს ლამის ყველა დიდ ენაზე ითარგმნა) იაპონიაში იაპონურ ენაზე მისი ხელახალი გამოცემის რაოდენობა უდრის ნულს (!!!). წიგნი გაქრა. გაქრა! უერთგულესმა მორიჰირო საიტომაც კი, რომელიც 1946 წლიდან ო-სენსეის გარდაცვალებამდე (1969) თითქმის ყველა დღე მასწავლებელთან ერთად გაატარა, ამ წიგნის არსებობის შესახებ სულ რაღაც 1979 თუ 1980 წელს შეიტყო. ჩვენთვის უცნობ გარემოებებში ამ წიგნს სადღაც მიაგნო სტენლი პრანინმა და საიტო სენსეის აჩვენა. ალბათ თავადაც წარმოიდგენთ ამ უკანასკნელის გაოგნებას. ამის შემდეგ სტენლი პრანინმა, რომელმაც ივარაუდა, რომ ეს ამბავი უეშიბების ოჯახისთვისაც უცნობი იქნებოდა, წიგნი ერთ-ერთ სტამბაში რამდენიმე ათასიანი ტირაჟით დააბეჭდინა და ო-სენსეის ვაჟთან, კიშომარუსთან მიიტანა სახლში – სიურპრიზის გაკეთება სურდა. რაც შემდეგ მოხდა, რთულად გამოსაცნობია. მოსალოდნელი სიხარულის ნაცვლად კიშომარუმ უეშიბამ შეშა და ასანთი გაუწოდა სტენლის, ადგილიც მიუთითა ბაღში და უთხრა, რომ მას ერთი საათი ჰქონდა ამ ყველაფრის გასანადგურებლად. ალბათ პრანინის სულიერი მდგომარეობაც ადვილი გამოსაცნობია იმ მომენტში. ტირაჟი განადგურდა, მაგრამ… მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა. ხმა დაირხა, რომ ო-სენსეის მიერ დაწერილი რაღაც არსებობდა, რაღაც, რომლის გავრცელების მცდელობაც მყისიერად აღიკვეთა. ამის შემდეგ დაიწყო მორალური ზეწოლა ოჯახზე. იაპონელებზე მეტად ევროპელები აქტიურობდნენ ამ მიმართულებით. მათი არგუმენტი ოჯახის მიმართ ასეთი იყო: კი, ბატონო, მამათქვენის მიერ დაწერილი წიგნია და უფლებებიც თქვენ გეკუთვნით, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ მამათქვენი მხოლოდ თქვენ აღარ გეკუთვნით და ის უკვე ზოგადსაკაცობრიო „საკუთრებააო“… ორ-სამ წელს გაუძლო ოჯახმა ამ ზეწოლას. თან გამოსავალს ეძებდნენ. ამასობაში გამოსავალიც გამოიძებნა: კი, ბატონოო, ოჯახმა. თქვენ ნუ შეწუხდებით, ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ ყველაფერს, ინგლისურად თარგმნასაც და გამოცემასაცო. სასწრაფოდ გამოძებნეს ამ საქმისთვის შესაფერისი კანდიდატი – ვინმე ჯონ სტივენსი, ადამიანი, რომლისთვისაც უცხო გარემო არ იყო ტატამიანი დარბაზი, რომელიც საკმარისად ფლობდა იაპონურს და რომლისთვის ინგლისური მშობლიური ენა გახლდათ. დაიბარეს და გეგმა გააცნეს – ო-სენსეი წიგნი უნდა თარგმნოთ ინგლისურადო. ამხელა პატივისაგან აღფრთოვანებულ სტივენსს ერთი სული ჰქონდა, როდის წაიღებდა წიგნს სახლში და როდის შეუდგებოდა მუშაობას, მაგრამ……. ნურას უკაცრავად. წიგნი ხელშიც კი არ დააჭერინეს. მიუჩინეს ზედამხედველი, რინჯირო შირატა, რომელიც მუშაობის პროცესში თავად ამ წიგნითა და დიდი „მაკრატლით“ ხელში ადგა თავზე და იმას კარნახობდა, რისი თარგმნა (და შედეგად, ცოდნაც) საჭიროდ ჩაითვალა უბრალო მოკვდავთათვის. ანუ ის „რეცეპტი“, რაზეც ოდნავ ზევით ვილაპარაკეთ, გულდასმით იქნა გადამალული და მსოფლიოს  ამ დიდი წიგნის, ასე ვთქვათ, „კასტრირებული“ ვერსია წარედგინა. გაგრძელებაც ადვილად გამოსაცნობია – როდესაც, ვთქვათ, ფრანგები მიადგნენ ოჯახს იმავე თხოვნით, ოჯახმა ინგლისური ვერსია შესთავაზა მათ – აქედან თარგმნეთ, განა ასე უფრო იოლი არ იქნებაო? ასევე მოხდა სხვა ენებზეც. ზემოთ ნახსენები რუსული თარგმანიც, ცხადია, ინგლისურიდანაა შესრულებული და არა დედნიდან.

ჩვენი ორგანიზაციის (სტაფ – საქართველოს ტაკემუსუ აიკიდოს ფედერაცია) მთავარი მასწავლებელი, სენსეი ფილიპ ვოარინოც ასეთივე მეცნიერია, ამ წიგნს (ცხადია, „დაუჩეხავ“ დედანს) იკვლევს და ყველა სხვა, დიდი თუ პატარა სენსეისგან განსხვავებით, ერთ მარტივ შეკითხვას სვამს: რას აკეთებდა ო-სენსეი?  გავკადნიერდები და ხმამაღლა ვიტყვი, რომ მე ეს შეკითხვა მხოლოდ მისგან გამიგონია. გასაოცარია, მაგრამ ასეა. სვამს ამ შეკითხვას და, ამასთან, ეძებს კიდეც პასუხს. არქეოლოგივით ფენა-ფენა თხრის და ამ „გათხრების“ შედეგებს ჩვენ, მის მოწაფეებს, ხელის გულზე გადაფენილ შრეებად გვაცნობს უშურველად. თუმცა არა მხოლოდ ჩვენ გვაზიარებს ამ ყოველივეს – სენსეი ვოარინო ამას ღიად აკეთებს და კვლევის შედეგებს თავის საიტზე სტატიების სახით აქვეყნებს. ერთგან კი ასეთ საინტერესო რამეს წერს: „’ბუდო’ არ არის ტექნიკური სახელმძღვანელო, ის ჰერმეტული წიგნია. მასში თავმოყრილი ცოდნა უხილავი რჩება მათთვის, ვისაც ამ ნაშრომის მიწისქვეშა გეგმაზე არ მიუწვდება ხელი. ეს გეგმა კი არსებობს და იქ ყველაფერია ნათქვამი.“

მაშ, დავადგინეთ, რომ ხელოვნებისა და ამავე ხელოვნებაში გამოყენებული ტექნიკის განუსხვავებლობა წყარო ხდება ხოლმე ათასი გაუგებრობისა. ასე ხდება სხვაგან და ასე ხდება აქ, აიკიდოს წიაღშიც.

მეორე ფენომენი, რაც აიკიდოს რეალურობა-არარეალურობის შესახებ ატეხილ კამათებს ასაზრდოებს, მეთოდისა და სინამდვილის ვერგაგებისა და ერთმანეთისგან ვერგარჩევის პრობლემაა. როდესაც პირველად შევხვდი ჩემს მომავალ მასწავლებელს (სენსეი ფილიპ ვოარინოს), მიუხედავად თერთმეტწლიანი „სტაჟისა“, ორი „მცნება“ მომხვდა ყურში და დარჩა გაუგებარი გარკვეული ხნის განმავლობაში.

პირველი მცნება ასეთი იყო: იკიო, ნიკიო, სანკიო (ანუ ზოგადად ილეთები, ტექნიკა) აიკიდო არ არის.

და მეორე: მეთოდი, რაგინდ კარგიც არ უნდა იყოს ის, მაინც შეიცავს ერთ დიდ საფრთხეს – ლაბირინთსა ჰგავს და იქ შესულმა ადამიანმა შეიძლება უკან ვეღარ გამოაგნოს.

პირველმა მაშინ იმიტომ გამაკვირვა, რომ იქ ჩამოთვლილ (და კიდევ სხვა) ილეთებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვაკეთებდი წლების განმავლობაში და აიკიდო მეგონა, მითხრეს, აიკიდო არ არისო. ამ საკითხზე პირველ ნაწილში ვრცლად ვიმსჯელეთ და გამეორება აღარაა საჭირო – მე ვსწავლობდი და ვასრულებდი ტექნიკას, რომელსაც აიკიდო იყენებს (!), მაგრამ აიკიდომდე ჯერ კიდევ შორი იყო.

რაც შეეხება მეორე პუნქტს, მეთოდის შესახებ, აქაც საკუთარი გამოცდილებით დავიწყებ. როგორც ყველა ბეჯითი მოწაფე, ვარჯიშის შემდეგ სახლში მეც ძალიან ბევრს ვუყურებდი საიტო სენსეის სემინარებზე გადაღებულ ვიდეომასალას. ცხადია, თავიდან ვერაფერს ვხედავდი და თითქმის არაფერი მესმოდა, თუმცა თანდათანობით „თვალი შეეჩვია“ და ძალიან ბევრი რამ გამოჩნდა. ერთი ამბავი კი მაინც გაუგებარი რჩებოდა წლების მანძილზე: ვხედავდი თვალში საცემ სხვაობებს საიტო სენსეის სხვადასხვა პერიოდში გადაღებულ ვიდეოებში. სულ სხვა იყო 70-იანი წლების ტექნიკა, სულ სხვა 80-იანებისა, განსხვავდებოდა 90-იანების დასაწყისის და მეორე ნახევრის მასალაც. ცხადია, გაჩნდა შეკითხვაც… მარტივი შეკითხვა: რას ნიშნავდა ეს სხვაობები? აიკიდო იცვლებოდა? ვითარდებოდა? ანუ ო-სენსეის „უხეშ“ ტექნიკას საიტო სენსეი „ხვეწდა“ წლების მანძილზე? არ ჰგავდა სიმართლეს. ამას ემატებოდა საიტო სენსეის ურიცხვი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მისი ცხოვრებისეული მისია ო-სენსეის ტექნიკის დაცვა და მისი უცვლელობა იყო. აკი სინამდვილეში სულაც მორიზუ ერქვა საიტო სენსეის და, იაპონური ტრადიციის თანახმად, მასწავლებელმა შეუცვალა სახელი და მორიჰირო (ანუ „მცველი“) დაარქვა. აბა რას წარმოადგენდა ეს განსხვავებები? რა იყო ამისი წყარო და არსი? პასუხი იმხანად არც ამ შეკითხვაზე არსებობდა. სიმართლე კი ძალიან მარტივია: მეთოდი. მეთოდი იცვლებოდა. რას ნიშნავს ეს?

ო-სენსეის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ათასობით მოწაფე ჰყავდა. იგულისხმება მეტ-ნაკლებად „ფრაგმენტული“ მოწაფეები, რომლებმაც არც ისე დიდი ხანი გაატარეს ივამაში, ო-სენსეის დოჯოში. მთავარი და მნიშვნელოვანი მოწაფე კი ორ ათეულზე მეტი არ ჰყოლია: ტომიკი სენსეი, ტოჰეი სენსეი, შიოდა სენსეი, საიტო სენსეი და ა. შ. თითოეულმა მათგანმა, იმისათვის, რომ ო-სენსეისგან მიღებული ცოდნა თავისი მოწაფეებისთვის გადაეცა, საკუთარი მეთოდი შეიმუშავა. ბუნებრივია – ის, რასაც უეშიბა აკეთებდა, დამწყებისთვის რთული და, აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი იყო. მასწავლებლის ფუნქცია და მოვალეობაც ხომ სწორედ ეს გახლდათ: ის, რაც მოწაფისთვის რთული და გაუგებარია, მასწავლებელს ადვილი და გასაგები უნდა გაეხადა. ამიტომაც მასწავლებელს ო-სენსეის ტექნიკის გარკვეულწილად შეცვლა უწევდა. დავარქვათ ამას კოდირება. აქვე არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი წახნაგიც: სირთულის გარდა საბრძოლო ხელოვნებებში ვარჯიშისას, მეცადინეობისას უსაფრთხოების ამბავიც იდგა დღის წესრიგში, განსხვავებით სხვა ხელოვნებებისგან, სადაც ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებთ. ხატვის ან მუსიკის გაკვეთილისგან განსხვავებით აიკიდოს (ან სხვა საბრძოლო ხელოვნების) გაკვეთილის დროს სერიოზული ტრავმა შეიძლება მიიღოს ადამიანმა. ესეც გასათვალისწინებელი იყო ზემოხსენებული კოდირების დროს. რა განსხვავება არის საიტო სენსეისა და მორიჰეი უეშიბას სხვა მოწაფეებს შორის? საიტო ყველაზე დიდხანს იყო ო-სენსეისთან, თითქმის 24 წელი. უფრო საინტერესო კი მათ მეთოდებს შორის განსხვავებაა. თუ სხვა მოწაფეებმა თავ-თავიანთი მეთოდი გარკვეული დროის (ზოგმა ხუთი და ზოგმა ათი წლის) განმავლობაში შექმნეს და მასზე მუშაობა დაასრულეს, საიტო სენსეის თავის მეთოდის დახვეწა-დამუშავება არასდროს არ დაუსრულებია და მის შემთხვევაში ეს პროცესი მის გარდაცვალებასთან ერთად შეწყდა. მეტსაც გეტყვით, ამ მეთოდის შექმნა მან თავისთვის დაიწყო – როდესაც სულ მთლად ჯეელი და დამწყები ო-სენსეის მოძრაობებს უყურებდა და არაფერი ესმოდა. მერე თანდათანობით შეაჩვია თვალი, გარკვეული მოძრაობები ერთმანეთისგან განასხვავა და მათი დალაგება, კლასიფიკაცია დაიწყო. თავისთვის! ანუ მან ამ მეთოდის შექმნა 1946 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა და მისი დახვეწა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე (2002 წლამდე) არ შეუწყვეტია.

მაგრამ ამ მეთოდიდან ოდესმე გამოსვლაა აუცილებელი, რადგან სწორედ ის ფორმები, რომლებსაც ამ შემთხვევაში საიტო სენსეი, სხვა შემთხვევებში კი სხვა შიჰანები სთავაზობენ თავიანთ მიმდევრებს, არ მუშაობს რეალობაში. პრობლემა კი ის გახლავთ, რომ მოვარჯიშეები არათუ ვერ ან არ გამოდიან ამ მეთოდიდან, არამედ არც იციან, რომ აქედან გამოსვლაა საჭირო! სიმართლე მწარეა, მაგრამ არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა! მეთოდის ფარგლებში ყოფნა შეიძლება ჩანასახის და შემდგომ უკვე წიწილის ყოფნას შევადაროთ კვერცხის ნაჭუჭში. თუ წიწილამ საჭირო დროს არ გამოტეხა ნაჭუჭი და გარეთ არ გამოვიდა, აუცილებლად დაიღუპება. ასევეა აიკიდოშიც, თუ ადამიანი ჩარჩება მეთოდში და იქიდან არ „გამოვა“, ის, როგორც აიკიდოკა, „დაიღუპება“, ვერ შედგება. და ამ დროს რას ვხედავთ მთელ მსოფლიოში (დიახ, მთელ მსოფლიოში, ვინაიდან ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის პრობლემა)? მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში მეტ-ნაკლებად ყველა ხვდება, რომ ის, რასაც ტატამზე ასწავლიან, ე. წ. სასწავლო ფორმაა და არა რეალური, წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ერთისა და იმავეს კეთებისგან ასევე თითქმის ყველას უბლაგვდება ეს შეგრძნება და იწყებს დაჯერებას, რომ ესაა რეალობა… ასეთივე რამეს ოდნავ ზევითაც შევეხეთ, როდესაც ადამიანი დროთა განმავლობაში კარგავს უნარს, გაარჩიოს ერთმანეთისგან ტექნიკა და ხელოვნება… უბრალოდ, ქუჩაში (თუ დაგჭირდა) უფრო სწრაფად უნდა გააკეთო, ვიდრე დარბაზში და ესაა… სულ ესაა… ამგვარი განმარტება ჩემი ყურით მომისმენია აიკიდოს უმაღლესი „იერარქებისგან“… არა და არა! ამიტომ ხდება, რომ ძალიან დიდი სტაჟის მქონე აიკიდოკებს სულ იოლად უსწორდებიან ე. წ. ქუჩის მოჩხუბრები ან დამწყები მოკრივეები თუ მოჭიდავეები. თუ იმ „კოდირებული“ ინფორმაციის (ცოდნის) მიღებას, არ მოჰყვა „დეკოდირება“, მაშინ ასე მოხდება მუდამ და აიკიდო მთლიანად დაკარგავს ისედაც უკვე გარკვეულწილად შერყეულ რეპუტაციას.

საიტო სენსეის მოღვაწეობა ასე შეიძლება დავახასიათოთ ხატოვნად: წარმოიდგინეთ, რომ ევერესტზე გსურთ ასვლა. არადა არ იცით, საით მდებარეობს ეს მთა. არც ის იცით, საითაა აღმოსავლეთი. საიტო სენსეი კი გაძლევთ რუკას, კომპასს და დაგიგებთ ათას კილომეტრიან რკინიგზას სწორი მიმართულებით. მიზნამდე კი ოთხ ათას კილომეტრზე მეტია. რა უნდა ვქნათ იქამდე მისაღწევად? რა და, გავყვეთ მატარებელს და, სადაც ლიანდაგები მთავრდება, ჩამოვიდეთ ვაგონიდან. ამის შემდეგ კი ფეხით უნდა განვაგრძოთ სვლა. ამ დროს რა ხდება პრაქტიკულად ყველა დოჯოში, მთელ მსოფლიოში? ამ ათას კილომეტრიან მონაკვეთზე დაქრიან წინ და უკან (ზოგი „წრიულადაც“ კი) და არ იციან, რომ ჩამოსვლა და გზის გაგრძელებაა საჭირო. ეს უკეთეს შემთხვევაში. იმიტომ რომ არის მოვარჯიშეთა მთელი ჯგუფები და გაერთიანებები, რომლებიც საერთოდაც სამხრეთით ან ჩრდილოეთით „უბერავენ“… რას ნიშნავს ეს? მარტივ რამეს: ის ვინც საიტო სენსეის „მატარებელს“ გაჰყვება, ლიანდაგის ბოლოს ვაგონიდან ჩამოვა, ფეხით განაგრძობს სიარულს და რუკისა და კომპასის დახმარებით ამ ყველაზე მაღალი მთის ძირს მიადგება, იმას მწვერვალზე ასვლის შანსი მაინც აქვს (რადგან მთის ძირში მისვლა კიდევ არ ნიშნავს, რომ მწვერვალს იხილავ). დანარჩენები კი – მატარებლით წრიული მგზავრობის მოყვარულები და „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საზოგადოება – საერთოდაც „განწირულები“ არიან იმისათვის, რომ მთელი ცხოვრება ლიტრობით ოფლი ღვარონ ტატამზე და, მიუხედავად ყველაფრისა, თეორიული შანსიც კი ვერ მოიპოვონ იმისა, რაზეც სულ ოდნავ ზევით ვილაპარაკეთ – ახლოდან მაინც ჩაუარონ გვერდზე ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას ხელოვნებას. სიმართლე მწარეა, მაგრამ რაც უფრო ადრე გაიგებს ამას ადამიანი და გამოიტანს აქედან დასკვნებს, მით უკეთესია ალბათ.

მოკლედ რომ შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული, შეკითხვას აიკიდოს რეალურობა-არარეალურობის შესახებ ორი რამ წარმოშობს:

პირველი – ხელოვნებისა და ტექნიკის ერთმანეთში აღრევა

და

მეორე – მეთოდისა და სინამდვილის ერთმანეთში აღრევა.

ისევ და ისევ – ამის ცოდნა შანსს გვაძლევს, რომ ოდესმე სწორ გზას დავადგეთ. ამის არცოდნა კი აუცილებლად (!) გამოუვალი წყვდიადისკენ გვაძლევს ბიძგს.

არჩევანი შენზეა, მკითხველო.

P. S. არის კიდევ ერთი კატეგორია ადამიანებისა მთელ მსოფლიოში – დადიან აიკიდოს წრეზე, მაგრამ თან დარწმუნებულები არიან, რომ აიკიდო არარეალურია. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ელევიან (ალბათ სატრაბახოდ, რადგან გარკვეულ წრეებში აიკიდო მაინც ინარჩუნებს პოპულარობას) და ჩუმად (ზოგიც ღიად) კარატეს, კრავ მაგას ან რომელიმე სხვა, უფრო „რეალურ“ ხელოვნებას ეწაფებიან – მაინც, რა იცი, რა ხდება – ეგება და ქუჩაში დასჭირდეთ ხელის გაქნევა.

Categories
სტატიები

ნელა თუ ისწავლი

წყარო: https://aikidotakemusu.org/au-dela-de-la-methode-114/

კუმიჯოები (აქ ნომერი 1), კუმიტაჩები და, ზოგადად, ყველა სავარჯიშო იარაღით, უნდა სრულდებოდეს ნელა.

ივამაში საიტო სენსეი ყოველგვარ სისწრაფეს კრძალავდა იარაღით ვარჯიშისას და, როდესაც ხალხი არ იცავდა ამ მითითებას, გულწრფელად განრისხდებოდა ხოლმე. ერთ დილას, ვარჯიშის დროს, მან განმარტა ეს, პატრისია ჰერდრიქსი კი ამ ყველაფერს შერბილებულად თარგმნიდა. რაკი შესაბამისი რეაქცია ვერ იხილა ჩვენს სახეებზე, მან სთხოვა დანიელ ბუბოს, რომელიც იქვე იყო, შეეცვალა პატრისია და მთელი სიძლიერით გაემეორებინა მისი სიტყვები:

თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ გახდეთ მასწავლებლები და, თუ არ შეგიძლიათ ისწავლოთ სწორად (ნელი მუშაობით), აიკრიფეთ გუდა-ნაბადი და დაუყოვნებლივ დატოვეთ ეს დოჯო.

ნელა შესრულებისას ვარჯიში უფრო ნაყოფიერი ხდება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაქვთ აუცილებელი დრო, „შეხედოთ საკუთარ თავს“. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაინახოთ, რა არ ვარგა და გაასწოროთ ის, რაც გასასწორებელია.

საბრძოლო რეალობაში მნიშვნელოვანია არა იმდენად შესრულების სისწრაფე, რამდენადაც ჰარმონიზაცია შეტევასთან (ავასე), ხოლო რაც უფრო ნელა ვარჯიშობს ადამიანი, ავასეს შესწავლა მით უფრო უიოლდება.

პატარა სამურაიობანას სინდრომი წმინდად კონვენციური სასწავლო სავარჯიშოების ძალიან სწრაფად შესრულებაში მდგომარეობს. ეს იგივეა, მთელი სისწარფით დაუკრა გამები, იგივეა, რომ სასწავლო სავარჯიშო, რომელიც გარკვეულ წესებს, სახელდობრ კი, გარკვეულ რიტმს უნდა ექვემდებარებოდეს, სრულიად უსარგებლო და ერთთავად სასაცილო სისწრაფის სავარჯიშოდ აქციო. ეს ყოველივე ეგოს გამოვლინებაა, რომლესაც სურს გამოჩნდეს და გაბრწყინდეს.

მეომრის სიმამაცე მხოლოდ ბრძოლის ველზე არსებობს, სხვაგან კი სწავლაა ან სკოლის შესვენებების ეზო, აიკიდოს დოჯო კი – ამის თქმა უნდოდა საიტო სენსეის – არ უნდა ვაქციოთ სასკოლო შესვენებების ეზოდ.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის დეკემბერი.

Categories
სტატიები

მეთოდის მიღმა #2

ნი ნო ტაჩი

წყარო: https://aikidotakemusu.org/au-dela-de-la-methode-2/

სწორხაზოვანი სუბურის პირველი დარტყმა (შდრ. « მეთოდის მიღმა #1) ძალიან ჰგავს უჩი ტაჩის ხმლის გედანის ბლოკირებას, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ო-სენსეის სწავლებას, რომელიც ღაღადებს, რომ აიკიდოში არც თავდაცვა არსებობს და არც მოგერიება. ოთხი მიმართულებით მუშაობა ამიერიდან საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რომ აქ ლაპარაკი არ არის თავდაცვაზე უჩი ტაჩის ხმლისაგან: ის, რაც გედანის ბლოკირებად ჩანდა, სინამდვილეში ჭრაა მუხლთან და თან არა აუცილებლად იმ მოწინააღმდეგის მუხლთან, რომელიც პირისპირ გვიდგას.

უკე ტაჩის მეორე დარტყმა, რომელიც უჩი ტაჩის წინამხარისხკენაა დამიზნებული, სამართლიანად შეიძლება მოგვეჩვენოს უცნაურად და მოუხერხებლად სწორხაზოვანი სუბურის დროს, იმდენად, რამდენადაც იგი უჩი ტაჩის გედან პოზიციაში საშიშად დაშვებული ხმლის სახიფათოდ წინ სრულდება. ეს პრობლემაც ქრება ოთხი მიმართულებით ბრუნვისას, როგორც ამას ვიდეო # 2-ში ვხედავთ, სადაც სწორხაზოვანი კუმიტაჩის პირველი ორი ბიჯი ჩანს, მაგრამ ამჯერად ოთხმიმართულებიანი მოქმედებისას.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ სტატიათა ამ სერიის ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, ბევრი რამ უნდა დავინახოთ აქ:

  1. – ბრუნვისას შესრულებული ჭრა საშუალებას გვაძლევს რამდენიმე შეტევის საერთო სამიზნე ადგილს გავეცალოთ, რის სსაშუალებასაც სწორხაზოვანი სუბური არ გვაძლევს.
  2. – ბრუნვისას შესრულებული ჭრა ორ მოწინაარმდეგეს სწვდება (ნაცვლად ერთისა სწორხაზოვანი სუბურის დროს), რადგან სწორედ « ორი » დარტყმა სრულდება ერთ მოძრაობაში და ერთ თვლაზე. შესრულების ასეთი სისწრაფის მიღწევა შეუძლებელია სწორხაზოვანი სუბურის დროს, რადგან ამ უკანასკნელი სავარჯიშოს შინაგანი ლოგიკის აუცილებლობა მოითხოვს, რომ ჭრის ეს ორი მოქმედება ორ თვლად და ორ მოქმედებად შესრულდეს.
  3. – თანაც თავდამსხმელთა წრეში სწორედ ელვაზე უსწრაფესი ბრუნვით ამ ზემოხსენებულ შეჭრას ეწოდება აიკიდოში ირიმი. რამდენადაც ამგვარი ბრუნვა არ არსებობს სწორხაზოვანი სუბურის შემთხვევაში, რომელიც, სახელიდწოდებიდან გამომდინარე, სწორ ხაზზე წინიდან უკნისაკენ ან უკნიდან წინისაკენ გადაადგილებისთვისაა გააზრებულ-შექმნილი, გამოდის, რომ სწორხაზოვან სუბურში არც არის ირიმი იმ განსაკუთრებული მნიშვნელობით, რომელსაც აიკიდო ანიჭებს ამ სიტყვას.

ირიმის ცნება მხოლოდ და მხოლოდ ოთხი მიმართულებით მუშაობის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს. ამ საკუთხის ცოდნა ფუნდამენტური რამაა.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის მაისი

Categories
სტატიები

მეთოდის მიღმა #1

ნი ნო ტაჩი

წყარო: https://aikidotakemusu.org/au-dela-de-la-methode-1/

ამ ვიდეოში ნაჩვენებ სავარჯიშოს საიტო სენსეის მეთოდის მიხედვით ნი ნო ტაჩი ეწოდება. იგი უნდა განვიხილოთ, როგორც სუბური: წყვილში შესრულებული, მაგრამ მაინც ისევ და ისევ სუბური.

სუბურის არსებითი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ იგი სწორ ხაზზე სრულდება და თან ისე, რომ არავითარი ყურადღება არ ექცევა ოთხი მხრიდან ერთდროულად მომავალ პოტენციურ საშიშროებას. უკეტაჩის საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ მის პირისპირ მდგარი მოწინააღმდეგეა. ამასთან, ალბათ უფრო პარტნიორი უნდა დამეწერა აქ.

ეს სავსებით ნორმალურია, რადგან ამ სავარჯიშოს საერთო არაფერი აქვს ბრძოლასთან.
ამ სტადიაზე მხოლოდ სავარჯიშოზეა საუბარი, რომელიც ორი უნარ-თვისების განვითარებისთვისაა გამიზნული:

  1. – ზუსტი ფორმა (შისეი/კოკიუ)
  2. – ავასეს გაგება (კამაე/მააი), ანუ სხვის მოძრაობასთან და ენერგიასთან შერწყმისა და ჰარმონიზების უნარი.

სავარჯიშო უნდა სრულდებოდეს კონცენტრაციითა და სიმტკიცით (ზანჩინი), თუმცა მისი შესრულებისას სისწრაფე არ მოითხოვება, სხვათა შორის, საიტო სენსეი ყოველგვარ აჩქარებას კრძალავდა ვარჯიშის დროს და ლეგენდარული მრისხანება ეუფლებოდა, როდესაც მოწაფეთაგან რომელიმე მეტისმეტად სწრაფად ასრულებდა ამა თუ იმ სავარჯიშოს. ამის მიზეზი ის არასწორი გზა გახლავთ, როდესაც მოვარჯიშეები დროს კარგავენ და საბრძოლო რეალობას სწორ ხაზზე შესასრულებელ პრაქტიკაში ეძებენ. ცნება ერთი მეტოქის წინააღმდეგ იარაღის რამდენიმეჯერადი ხმარებისა სრულიად უცხოა აიკიდოსათვის.

ამიტომაცაა ნაადრევი აიკიდოზე ლაპარაკი ამ სტადიაზე, ეს მხოლოდ აიკიდოსათვის მოსამზადებელი სავარჯიშოებია. თუმცა სავარჯიშოს ამ ფორმით ცოდნა აუცილებელია საიმისოდ, რომ პრაქტიკის მომდევნო სტადიაზე, ანუ საკუთრივ აიკიდოზე გადავიდეთ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ესაა საიტო სენსეის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური სწავლების სისტემის ამოცანა.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის მაისი.

Categories
სტატიები

TAI-ს წარდგინება

წყარო: https://aikidotakemusu.org/presentation-de-tai/

ვინც უარს ამბობს მეტოქეობაზე, ის ყოველგვარ კრიტიკასაც გაურბის – ლაო ძი.

დისციპლინა, რომელიც ჩვენს დროში აიკიდოს სახელით ისწავლება, სპორტული პრაქტიკისკენ უფრო იხრება და აღარ შეესაბამება ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას მიერ შექმნილ ხელოვნებას. TAI და ITAF-ი ორი, ერთმანეთის საქმიანობის შემავსებელი ასოციაციაა. ისინი ამგვარ ევოლუციას არ აღიარებენ და აერთიანებენ ძალისხმევას, რომ მოვარჯიშეს მისცენ საჭირო ინფორმაცია (TAI) და სტრუქტურა (ITAF). ეს კი საშუალებას მისცემს მოვარჯიშეს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას.

მოკლედ TAI-ს შესახებ

ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალი არ არის ფედერაცია, აქედან გამომდინარე, ის არ არის არც ერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ფედერაციის მეტოქე.

TAI არის მოგებაზე არაორიენტირებული საერთაშორისო ასოციაცია, რომლის წევრებიც არიან არა ასოციაციები, არამედ ფიზიკური პირები, ინდივიდუალური და დამოუკიდებელი წევრები, რომელნიც, ცხადია, თავისუფალნი არიან ამადროულად განეკუთვნებოდნენ აიკიდოს მათთვის სასურველ ნებისმიერ სხვა ასოციაციას.

TAI 1992 წელს დაარსდა და ის ბუნებრივი პასუხი იყო შემდეგ კონსტატაზე:

დისციპლინა, რომელიც დღეს ისწავლება აიკიდოს სახელით, მსოფლიოს დოჯოთა უმრავლესობაში აღარ შეესაბამება ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას მიერ შექმნილ ხელოვნებას..

ამ ხელოვნებამ თავის ყველაზე სრულ ფორმას მიაღწია 1940-იანებიდან 1960-იან წლებამდე, მაშინ, როდესაც ფუძემდებელი ცხოვრობდა და ვარჯიშობდა ივამაში.

შეკითხვას: `როგორ ავიცილოთ თავიდან მორიჰეი უეშიბას დანატოვარი საგანძურის საბოლოოდდაკარგვა?~ ტაის დამაარსებლებმა შემდეგნაირად გასცეს პასუხი: მომავალი თაობებისთვის აიკიდოს გადაცემაზე პასუხს აგებენ მასწავლებლები, მაშასადამე ტაი კისრულობს მასწავლებელთა მომზადებას, რომ მათ ავთენტური აიკიდოს სწავლება და გადაცემა შეძლონ.

ეს სიტყვები უთუოდ პროვოკაციულად მოეჩვენება ზოგიერთს, მაგრამ ტაი არ აპირებს, ყველას აამოს. მაშინ, როდესაც აიკიდოს მრავალი მოვარჯიშე იმდენს ლაპარაკობს ევოლუციაზე, რომ ო-სენსეის ლამის ერთ მოძველებულტექნიკიან ბერიკაცად ხატავენ, საჭირო გახდა, რომ რამდენიმე ადამიანს ეთქვა, თუ რას ფიქრობენ ისინი ამ პრეტენზიულ სიტუტუცეზე. დღემდე ვერავის ვერ მიუღწევია ფუძემდებლის დონისთვის. ხოლო ის, რასაც აიკიდოს ევოლუციად ასაღებენ დღეს, არაფერია, თუ არა ამ პირთაგან ტექნიკური ნაკლოვანებებისა და უცოდინარობის გამართლების მცდელობა.

აიკიდოს ქცევა სხეულის გამომხატველობით გიმნასტიკად უკვე კარგა ძლიერადაა მოდებული ყველა კონტინენტზე და TAI-ს მესვეურთ ამ პროცესის შეჩერების იმედი არა აქვთ. სამაგიეროდ, ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება TAI სასარგებლო ორინეტირად იქცეს მათთვის, ვისაც მართლა აინტერესებს ო-სენსეის აიკიდო.

TAI-დან ITAF-ამდე

ასოციაცია TAI დაარსდა 1992 წელს იმ ევოლუციასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, რომელსაც „თანამედროვე აიკიდოს “ უწოდებენ. ეს მიზეზები ზევითაა წარმოდგენილი.

დროსთან და ასოციაციის განვითარებასთან ერთად ახალმა საჭიროებებმა იჩინა თავი, რომლებიც ტაის კომპეტენციათა და მის საწყისი, საწესდებო მიზნების ფარგლებს გასცდა. წესდების მორგება ახალ საქმიანობებთან ახალ რეალობებს შექმნიდა და ასოციაციის ხელახალი ჩამოყალიბების საჭიროებას წარმოშობდა.

არჩევანი საპირისპიროზე შევაჩერეთ. გადაწყდა, რომ ტაის მოწყობა ხელუხლებელი დარჩენილიყო და მას კვლავაც თავისი საწყისი ამოცანების შესრულება გაეგრძელებინა.

სამაგიეროდ, საერთაშორისო დონეზე სწავლებისა და გამოცდების ორგანიზების მძიმე სამუშაოს გასაწევად, რათა თანხვედრა შენარჩუნდეს ერთდორულად ტექნიკისა და ადმინისტრირების სფეროებში ჯგუფების იმ მზარდი რაოდენობებისათვის, რომლებიც ერთმანეთისგან ხანდახან ძალიან დაშორებულ ქვეყნებში ჩნდება, გადაწყდა დაარსდეს აიკიდოს ნამდვილი საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც ამ მუდმივად მზარდი მოცულობის სამუშაოს მართვას შეძლებს.ამ ფედერაციას ჰქვია ITAF : International Takemusu Aikido Federation. მისი წევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. არიან. ყოველ ქვეყანაში მხოლოდ თითო ოფიციალური წარმომადგენელია. ამგვარად, TAI-სა და ITAF-ის საქმიანობები ურთიერთშემავსებელია. ეს ორი ასოციაცია აერთიანებს თავის ძალისხმევას – თითოეული თავის სფეროში – რათა მოვარჯიშეს მისცენ მუშაობისათვის საჭირო ინფორმაცია და სტრუქტურა, რომ ეს უკანასკნელი რაც შეიძლება ახლოს იყოს აიკიდოს ფუძემდებლის,ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობასთან

TAI-ს უკეთ გაგებისათვის

TAI აიკიდოს სკოლაა

ეს არის მოგებაზე არაორიენტირებული საერთაშორისო ასოციაცია, რომლის წევრებიც ინდივიდები არიან. ეს არ არის ასოციაციათა გაერთიანება. ადამიანები, რომლებიც მართავენ ასოციაციას, მოხალისეები არიან და ასოციაცაში შესრულებული ფუნქციებისათვის გასამრჯელოს არ იღებენ.

TAI 1992 წლის სექტემბერში შეიქმნა შემდეგი მიზეზით:

თანამედროვე მსოფლიოში აიკიდო სპორტის სახით განვითარდა. აიკიდო კი სპორტი არ არის.

აიკიდოს ფუძემდებელმა, ო-სენსესი მორიჰეი უეშიბამ ნათლად გამოთქვა თავისი აზრი ამის თაობაზე 1938 წელს თავის წიგნში „ბუდო“:

დღეს სპორტი ფართოდაა გავრცელებული. ეს შესანიშნავი რამაა ფიზიკური ვარჯიშისათვის. მეომარიც ავარჯიშებს თავის სხეულს, მაგრამ ის სხეულის ამ ვარჯიშს სულიერი განვითარებისთვის იყენებს, გონების დამშვიდება და სიქველისა და სილამაზის აღქმის უნარი ის განზომილებებია, რომლებიც სპორტულ პრაქტიკას აკლია.

აიკიდოს საშუალებით განხორციელებული მუშაობა სხეულზე სულისა და გონების განვითარებას ემსახურება.

სულისა და გონების განვითარება სხეულის საშუალებით აიკიდოს ვარჯიშისას შეუძლებელია, თუკი ამ ხელოვნებას მხოლოდ მის სპორტულ ასპექტს შევუნარჩუნებთ ან მხოლოდ ილეთების შესრულებით შემოვიფარგლებით.

ილეთები (ტექნიკა) აუცილებელია, მაგრამ ეს არ არის მიზანი, ესაა საშუალება, რომელიც აიკიდოს ჭეშმარიტ არსთან მისვლის გზას გვიკვალავს. აიკიდო ტექნიკის მიღმაა. აიკიდოს სპორტად ქცევას თან დაერთო ფუძემდებლის მიერ შემუშავებული ორიგინალური ტექნიკის სიღრმისეული მოდიფიკაცია და თანამედროვე მოვარჯიშე უკვე მხოლოდ დეფორმირებულ და სრულიად აზრგამოცლილ მოძრაობებს იმეორებს.

ფუძემდებელმა აიკიდოს სახელწოდებით გააერთიანა იარაღის მხარების ტექნიკა, რასაც აიკი-კენი და აიკი-ჯო ეწოდება, და შიშველი ხელის ტექნიკა.

ამ დისციპლინის ისტორიასთან დაკავშირებული მიზეზების გამო იაპონელმა მასწავლებლებმა, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ და აიკიდო იაპონიის გარეთ გაიტანეს 1950-იანი წლების შემდეგომ, არ იცოდნენ აიკი-კენი და აიკი-ჯო. მაშასადამე, მათ ასწავლეს აიკიდოს ის ვერსია, რომელშიც იარაღის ტექნიკა არ შედიოდა, ან ეს იარაღის ტექნიკა ნასესხები იყო იმ დისციპლინებიდან, რომელთაც აიკიდოსთან საერთო არაფერი აქვთ.

ისე მოხდა, რომ ო-სენსეის ხელოვნება სინთეზისგან შეიქმნა. სინთეზს კი არ შეიძლება რომელიმე შემადგენელი ნაწილი მოვაკლოთ და კიდევ უფრო არ შეიძლება აქა-ია სხვადასხვა სკოლებიდან ალალბედად ნასესეხები შეუსაბამო ელემენტები დავუმატოთ, რაგინდ რესპექტაბელური არ უნდა იყოს ეს სკოლები.

ამიტომ ხამს, გავიხსენოთ ის დიდ განსხვავება, რომელიც სინთეზსა და სინკრეტიზმს შორის ძევს:

სინკრეტიზმი მდგომარეობს მეტ-ნაკლებად შეუსაბამო ელემენტების გარედან შეგროვებაში, რომლებიც, აქედან გამომდინარე, ვერასდროს ვერ იქნება ჭეშმარიტად შეერთებული;&ნბსპ; ეს სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი ეკლექტიკა იმ ყველაფრისა, რაც ამას მოაქვს ხოლმე – მუდამ ფრაგმენტული და არაკოჰერენტული. სწორედ ესაა წმინდად გარეგანი და ზედაპირული; ყოველი მხრიდან აღებული და ხელოვნურად შეკოწიწებული ელემენტები ყოველთვის ნასესხებ ელემენტებად დარჩება და ვერ ინტეგრირდება ამ სახელის ღირს რომელიმე დოქტრინაში.

სინთეზი კი, პირიქით, არსებითად შიგნიდან ხორციელდება; ამით იმის თქმა გვინდა, რომ ამგვარად საგნებს პრინციპით მიღწეულ ერთიანობაში განვიხილავთ, ვხედავთ, თუ როგორ გამომდინარეობს ისინი და როგორაა ისინი დამოკიდებული ამ პრინციპზე. ასე ვაერთიანებთ მათ, უფრო სწორად, ვაცნობიერებთ მათ რეალურ ერთიანობას შინაგანი კავშირების წყალობით, მათ სიღრმისეულ განუყოფლობას.

რენე გენონი „ჯვრის სიმბოლიზმი“

საკუთრივ აიკიდოს ტექნიკური ელემენტები სწორედ შინაგანი კავშირებითაა ერთმანეთთან შეერთებული. ამ კავშირს იაპონურად `რიაი~ ეწოდება. ეს კავშირი სწორედ იმ ჰარმონიული პრინციპით ხორციელდება, რომლითაც ო-სენსეიმ თავისი ხელოვების სინთეზი მოახდინა.

ტექნიკის ეს ჰომოგენურობა არსობრივად გამორიცხავს აიკიდოს ორგანიზების პრინციპისათვის ყოველგვარი შეუსაბამო ელემენტის დამატებას.

მაშასადამე, ტექნიკა აიკიდოში არ შეიძლება ინტერპრეტირდეს ერთთა სურვილებისა თუ მეორეთა გრძნობების საფუძველზე. მხოლოდ ნათელი ხედვა იმ კავშირის რეალურობისა, რომელიც სხვადასხვა მოძრაობებს აერთიანებს (იარაღით თუ უიარაღოდ) ერთი პრინციპის საფუძველზე, არ მოგვცემს საშუალებას ჩავიკარგოთ ინტერპრეტაციებში და ამას რამე ახალი და არაკოჰერენტული დავუმატოთ. აიკიდოს თანამედროვე ევოლუცია ამის გამო ჩიხშია შესული.

გარდაცვალების წინ, 1969 წელს, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბამ თავის მემკვიდრედ და ივამას დოჯოს თავკაცად ერთადერთი მოწაფე დაასახელა. ის ერთი, ვინც აიკიდოს იარაღის სფეროში სრული განათლება მიიღო: მორიჰირო საიტო.

მორიჰირო საიტო სენსეიმ ადრიდანვე გააცნობიერა აიკიდოს სპორტული ევოლუციის პრობლემა, თვით იაპონიაშიც კი. 1960-იანი წლების დასაწყისიდანვე სთხოვა ფუძემდებელს ნებართვა, შეემუშავებინა სწავლების საგანგებო მეთოდიკა, რომელიც აიკიდოს ორიგინალური ტექნიკის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს, რათა მთელი ხელოვნება ქორეოგრაფიისა და სტერილური საბალეტო მოძრაობების მიმართულებით არ განვითარებულიყო.

ო-სენსეიმ მკაფიო თანხმობა გამოთქვა ამ მეთოდის დახვეწაზე, რაც მორიჰირო საიტომ 1960-იანი წლებიდან 2002 წლამდე გამოიყენა კვალიფიციური მასწავლებლების ფორმირებისათვის.

ტაის ზოგიერთი დამაარსებელი უჩი დეში, ანუ დარბაზში მცხოვრები მოწაფე იყო საიტო სენსეისთან, იაპონიაში ამ პერიოდის განმავლობაში.

განათლება, რომელიც მათ ამ წლების მანძილზე მიიღეს, ნათლად ხსნის ასოციაციის ზოგიერთ პედაგოგიურ და მეთოდოლოგიურ არჩევანს. სახელდობრ, იმ ფაქტს, რომ ტაი ცდილობს სწავლების ის სახე წამოსწიოს წინ და ის პრინციპი წარმოაჩინოს, რომელიც აიკიდოს იარაღის ტექნიკასა და შეშველი ხელის ტექნიკას აერთიანებს.

ფუძემდებელმა არაერთხელ განმარტა, რომ აიკიდო ტაკემუსუს გამოხატულებაა:

ტაკემუსუ შესაქმის ცეცხლისა და წყლის ჰარმონია და შერწყმაა. ეს ურთიერთქმედება აიკიდოს აბსოლუტური ტექნიკის წყაროა. – მორიჰეი უეშიბა, დოკა 12

ამგვარი სიტყვები, ცხადია, გაუგებარი რჩება იმათთვის, ვინც მხოლოდ მათი წაკითხვით კმაყოფილდება. აზრი მხოლოდ თანდათანობით, წლების პრაქტიკასთან ერთად მოდის.

აიკიდო არაა გასართობი, ეს სამუშაოა. ინდივიდი უნდა იყენებდეს აიკიდოს პრაქტიკას, რომ საკუთარ სხეულზე იმუშაოს და ამგვარად გარდაქმნას საკუთარ თავში ის, რაც უნდა გარდაიქმნეს საიმისოდ, რომ გონება და სული გაიხსნეს სამყაროს ისეთი ხედვისათვის, როგორიც მას აპრიორულად არ ჰქონდა.

სხეულსა და გონებას შორის არსებობს კავშირი. ამასვე გულისხმობს ანთროპოლოგი ანრი დე ლუმლი, როდესაც განმარტავს, რომ აზროვნება ხელსა და ტვინს შორის დიალოგიდან გაჩნდა. სწორედ ამგვარი,ტაკემუსუს პრინციპზე დაფუძნებული მუშაობის ორგანიზებას ცდილობს ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალი.

ჩვეულებრივ, აიკიდო მასწავლებლისგან მოწაფეს გადაეცემა, ადამიანთა მცირე ჯგუფის წიაღში, სადაც თითოეული მოწაფე მასწავლებელთან ყოველდღიურ კონტაქტში ცხოვრობს.

ცოდნის გადაცემის ასეთი იდეალური პირობების შექმნას თანამედროვე საზოგადოება ვერ ახერხებს – ვერც იაპონიაში და ვერც სხვაგან – და ეს საზოგადოება მხოლოდ დიდი ზომის სოციალური ორგანიზაციების შექმნას ცდილობს. ზოგი ფედერაცია, რომელიც ნამდვილი ადმინისტრაციასავით იმართება, მრავალ ათას წევრს მოითვლის.

ტაის დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ ეს სტრუქტურები ვერაა მორგებული აიკიდოს გადაცემისათვის. სწორედ ამიტომ აირჩიეს მათ აიკიდოს გადაცემის და ორგანიზების სრულიად განსხვავებული მოდელი და უპირატესობას დღევანდელობაში საყოველთაოდ მიღებული და გავრცელებული კრიტერიუმებისგან სრულიდ განსხვავებულ კრიტერიუმებს ანიჭებენ.

TAI-ს ცენტრალური ორგანო საერთაშორისო კოლეგიაა

რომელიც იმ ჭკვიანი ხალხის მცირე ჯგუფისგან შედგება, რომელთაც აიკიდოს დიდი გამოცდილება აქვთ და გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად იღებენ.


ასოციაციის საგანი

TAI-ს სოციალური მიზანი აცოციაციის წესდებაშია. ეს ასოციაცია მხოლოდ და მხოლოდ მორიჰეი უეშიბას მიერ დაარსებულ და მის მიერვე ტაკემუსუს გამოვლინებად მიჩნეულ ტრადიციულ აიკიდოს ეყრდნობა.

მიზანი

ავთენტური აიკიდოს ცოდნის გადაცემა მომავალი თაობებისთვის მასწავლებელთა კარგ ფორმირებაზეა დამოკიდებული.

აქედან გამომდინარე, ტაის მიზანია, ორგანიზება გაუკეთოს – საერთაშორისო დონეზე – აიკიდოს მასწავლებელთა ფორმირებას ამ დისციპლინის ტექნიკურ და სულიერ ასპექტში. ასევე დაეხმაროს მათ თავიანთი მისიის შესრულებაში და ამ მიზნით შემდეგი საშუალებები გამოიყენოს:

  1. კონცეფცია, კოორდინაცია, ამუშავება და ადმინისტრირება აიკიდოს სწავლების საერთაშორისო პოლიტიკისა.
  2. ამ სწავლების გამოცოცხლება:
    – სტაჟებისა და სემინარების, დემონსტრაციებისა და კონფერენციების მოწყობით, ექსპერტთა მისიებითა და საჩვენებელი გამოსვლებით;
    – ბროშურების, ჟურნალების, წიგნების და, ზოგადად, ბეჭდური დოკუმენტების, აუდიო და ვიდეო მასალების შედგენით, გამოცემითა და გავრცელებით;
    – ტექნიკური და სხვაგვარი კომისიების შედგენით, რაც აიკიდოს სწავლებასა და გავრცელებას შეეხება;
    – იმ ცენტრების შექმნით, აგებით, მართვითა და გამოყენებით, რომლებიც აიკიდოს სწავლებას ეძღვნება;
    – ზოგადად ყველა აქტის, ყველა ოპერაციის და ყველა იმ საქმიანობის განხორციელებით, რომელიც ხელს შეუწყობს მორიჰეი უეშიბას აიკიდოს გადაცემას მომავალი თაობებისთვის, ყველა კანონის დაცვითა და ყოველგვარი მორალური, პოლიტიკური, რასობრივი თუ აღმსარებლობითი დისკრიმინაციის აკრძალვით;
    – ამავე მიზნების მქონე სხვა ასოციაციებთან ერთობლივი საქმიანობით ან მათი შერწყმით. 
  3. თავისი წევრების საერთო ინტერესების დაცვა და ამ ინტერესების რეპრეზენტირება ასოციაციებთან, ორგანიზაციებთან და, ზოგადად, ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო ინსტანციაში.