Categories
სტატიები

უშირო რიოტე დორი ჯუჯი ნაგე

უშირო რიოტე დორი ჯუჯი ნაგე სხვა არაფერია, თუ არა იკიოს შესრულების ერთგვარი ხერხი, როცა უკეს იდაყვს მისივე მეორე ხელით ვაწვებით ზევიდან.

ჯუჯი ნაგეს ეს სტატია უშუალოდ მოჰყვება „უშირო რიოტე დორი იკიოს“ სტატიას.

პირდაპირი კავშირი მართლაც არსებობს ამ ორ მოძრაობას შორის და უშირო რიოტე დორის კარგად ფლობა აუცილებელია იმისათვის, რომ უშირო რიოტე დორი ჯუჯი ნაგეს სწორად შესრულება ვისწავლოთ.

უშირო რიოტე დორი იკიოს დროს ვთქვით, რომ თეძოების ტრიალს ფეხი უკან გააქვს შეტევის ხაზიდან და ამგვარად ქმნის სიცარიელეს, რომელშიც „ვარდება“ უკე.

ფეხის ეს გატანა უკნისკენ იმისთვისაცაა აუცილებელი უშირო რიოტე დორი ჯუჯი ნაგეს დროს, რომ საჭიროა საკმარისი ძალა განვავითაროთ უკეს მეორე ხელის ასაღებად, რათა იკიო მის იდაყვზე მისივე საკუთარი ხელით შევასრულოთ:

მართლაც, უშირო რიოტე დორი ჯუჯი ნაგე მხოლოდ და მხოლოდ ოდნავ და ერთგვარად თავისებური ხერხია იკიოს შესასრულებლად, და უკეს იდაყვს თავისივე მეორე ხელით ვაწვებით. უკანა თეძოს უკან გატანა აუცილებელია საჭირო ძალის მისაღებად, იმისათვის, რომ უკეს ხელებს ჯვრის ფორმა მივაღებინოთ.

გავიხსენოთ, რომ ჯუჯი იაპონურად რიცხვ ათს (ჯუ) ნიშნავს და იწერება ასე:  十. ამიტომაც საჭიროა უკეს ხელებს რიცხვი  十 (10)-ის ფორმა მივაღებინოთ :

უკანა ფეხის უკან გატანა მხოლოდ თეძოს წინისაკენ ბრუნვის შედეგია და მართალია, რომ ჯუჯი ნაგეს გაკეთება ამ ფეხის უკან გატანის გარეშეც შესაძლებელია. მაგრამ, სამაგიეროდ, შეუძლებელია ამ ტექნიკის შესრულება თეძოს უკნისაკენ შეტრიალების გარეშე. სწავლება მოითხოვს, რომ მოძრაობები გავზარდოთ, გადაჭარბებულად ვაკეთოთ, ამიტომაც ფეხის უკან გატანა აუცილებელია დამწყებთათვის, რომლებსაც უამისოდ არ ეგონებათ, რომ თეძოების ბრუნვა მოძრაობისთვის საჭიროა და რომლებიც დაკმაყოფილდებიან იმით, რომ ტექნიკას მხოლოდ ხელების ძალით შეასრულებენ, რად აიკიდო არ არის.

ეს შენიშვნა პასუხს სცემს ერიკის ამასწინანდელ პოსტს უშირო რიოტე დორი იკიოს შესახებ.

უშირო რიოტე დორისაგან განსხვავებით, უკეს ზედა ხელის მაჯას ამჯერად ზევიდან ვავლებთ ხელს კოკიუ ჰოს შეგრძნების ფორმით:

შეუძლებელია ჯუჯი ნაგეს შესრულება, თუკი მაჯას ქვევიდან ჩავავლებთ, როგორც უშირო რიოტე დორი იკიოს საბაზო ფორმაშია.

თუმცა შეგახსენებთ, რომ არსებობს უშირო რიოტე დორი იკიოს უფრო პირდაპირი ფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უკეს მაჯას ზევიდან ჩავავლოთ ხელი. მე ვიტყოდი, რომ ეს ფორმა უფრო ზედა დონის პრაქტიკას მიეკუთვნება, რადგან თეძოების ბრუნვის კარგი ფლობა აუცილებელია მაჯის ზევიდან ჩასავლებად, ისე რომ გაძალიანების ან კონტრ-ტექნიკის საფრთხე არ დაგვემუქროს:

მთელი ეს ახსნა-განმარტება რომ შევაჯამოთ, უკნისაკენ ბრუნვა აუცილებელი პირობაა უშირო რიოტე დორი ჯუჯი ნაგეს სწორი შესრულებისათვის. უკანა ფეხის უკან გატანა, რაც ამ ბრუნვას შედეგად მოჰყვება, მხოლოდ თანმხლები, მეორადი ელემენტია, მაგრამ თუკი დარჩება შესრულებისას, ის სწორია და ტექნიკის სწორ ხაზს ინარჩუნებს. სხვათა შორის, ის აუცილებელია მოწაფეთა სწორი განვითარებისთვის.

ფილიპ ვოარინო
2 ოქტომბერი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ushiro-ryote-dori-juji-nage/

Categories
სტატიები

უშირო რიოტე დორი კოკიუ ნაგე

უკეს ამგვარად გადაგდებისათვის დიდი ძალაა საჭირო და ამ ძალას მთელი სხეულის ბრუნვითი მოძრაობა იძლევა.

უშირო რიოტე დორიდან სხეულის ასეთი ბრუნვა დიდი რაოდენობით ილეთს უდებს სათავეს.

ორი მათგანი, იკიო და ჯუნი ნაგე წინა სტატიებში ავხსენით. აი მესამეც, კოკიუ ნაგე.

იკიოსა და ჯუჯი ნაგეს შემთხვევებისათვის ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეძოების ბრუნვა, რასაც ფეხი უკნისაკენ გააქვს და ამგვარად სიცარიელეს წარმოქმნის, რომელშიც უკე „ვარდება“.

თეძოების ბრუნვა აქაც ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ის იწევს ტორის სხეულის გახსნას, რაც, თავის მხრივ, ტორის სხეულზე თავისი კეიკოგის საყელოთი „კაუჭივით გამოდებული“ უკეს გადაგდების საშუალებას იძლევა (NB: საბრძოლო გდებისას კეიკოგის საყელოს არ ვავლებთ, არამედ მოწინააღმდეგის ტრაქეას ვურტყამთ. ეს მოქმედება შეიძლება ლეტალური გამოდგეს, ისევე როგორც აიკიდოს ნებისმეირი ტექნიკა, როდესაც ის გამოიყენება განადგურებისთვის. ამიტომაც ეს არ უნდა გავაკეთოთ ვარჯიშის დროს):

უკეს ამგვარად გადაგდებისათვის დიდი ძალაა საჭირო და ამ ძალას ვერ მივაღწევთ ფიზიკური ღონით. ძალას ტორის მთელი სხეულის ბრუნვითი მოძრაობა იძლევა, რაც წონასწორობას აკარგვინებს უკეს და ის დიდი ძალისხმევის გარეშე მიჰყავს გდებისაკენ:

ატემი, ცხადია, ბრუნვისას არის შესაძლებელი:

მაგრამ თუ ატემი დავარტყით, უკეს გდება შეუძლებელი გახდება. ამიტომაც, უნდა ავირჩიოთ.

იყო დრო, ევროპაში აიკიდოს დასაწყისში, როდესაც ამბობდნენ, ატემი „ფიქსაციისთვისააო“ და მხოლოდ მისი გაკეთების შემდეგ გვეძლევა საშუალება, ტექნიკა შევასრულოთო. ცხადია, ეს ხუმრობა იყო… რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჭეშმარიტება ეგონათ.

ფილიპ ვოარინო
9 ოქტომბერი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ushiro-ryote-dori-kokyu-nage/

Categories
სტატიები

უშირო რიოტე დორი იკიო – კიჰონი

ეს გახლავთ საბაზო ფორმა, რომელსაც საიტო სენსეი ასწავლიდა. ის უნდა ვიმეოროთ და ვიმეოროთ.

მოძრაობის დასაწყისში სხეული ისე იკუმშება, რომ ხელები კიკაი ტანდენის (ჰარა) წინ აღმოჩნდნენ. ასეთ დროს მათი ატანა შეგვიძლია კოკიუ ჰოს ფორმით და თან მივყვეთ სხეულის ცენტრალურ ღერძს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი, რომ თავსზევით გადავიტაროთ მოწინააღმდეგის ხელი, რომელიც ძლიერად გვავლებს:

მოძრაობის მეორე თვლაზე თეძოების ბრუნვას უკან გააქვს ფეხი და ამავდროულად ტორის ზედა ხელი ზევიდან ქვევით „ჭრის“. ფეხის უკან გატანა ქმნის სიცარიელეს, სადაც „ვარდება“ უკე, რომელიც ტორის „მჭრელ“ ხელში საკუთარი ჩავლებისაგან წონასწორობას კარგავს:

უკეს მაჯას ვავლებთ შემდეგ, ჩახვევითი მოძრაობით, რომლიე დროსაც ტორის ცერის დასაწყისი კონტაქტში რჩება. მაშასადამე უკეს მაჯას ვავლებთ ქვევიდან, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები.

ამ დროს ტორი მეორე ხელს ზევიდან ავლებს იდაყვს. ამგვარად შექმნილი ბერკეტით იდაყვის სახსარი მაქსიმალურად იშლება და ბლოკავს მას ქვევით, რაც უკეს სხეულის სრულად გაკონტროლების საშუალებას იძლება:

ეს გახლავთ საბაზო ფორმა, რომელსაც ასწავლიდა საიტო სენსეი. ის უნდა ვიმეოროთ და ვიმეოროთ, რადგან სწორედ ის გვეხმარება მოძრაობის ფიზიკურად ათვისებისა და დაუფლების საქმეში.

არსებობს უფრო პირდაპირი ფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უკეს მაჯას ჩავავლოთ ამჯერად ზევიდან, ფეხის უკან გატანის გარეშე, მაგრამ ის პრაქტიკის უფრო მაღალ დონეს შეესაბამება.

ფილიპ ვოარინო
24 სექტემბერი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ushiro-ryote-dori-ikkyo-kihon/

Categories
სტატიები

ნამდვილი მე-5 კუმიტაჩი

ხმლის თითოეული დარტყმა საბოლოოა და თითო სხვადასხვა მოწინააღმდეგისთვისაა განკუთვნილი. მაშასადამე, იმდენი მოწინააღმდეგე იქნება, რამდენი დარტყმაცაა.

წინა სტატიაში მე-5 კუმიტაჩის (გო ნო ტაჩის) სასწავლო ფორმა ვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს სავარჯიშო პედაგოგიურ მიზნებზე მორგებული მეთოდის ნაწილია. ის ერთ სწორ ხაზზე და ერთ მოწინააღმდეგესთან აერთიანებს დარტყმებს, რომლებიც სინამდვილეში სხვადასხვა მხრიდან მომავალი სხვადასხვა მოწინააღმდეგეების სინქრონულ შეტევებს სცემს პასუხს:

მორიჰირო საიტოს უზარმაზარი პედაგოგიური ნიჭის დამსახურებაა, რომ ეს რეალური და რთული ფორმები ამგვარადაა შემჭიდროვებული და თანაც ისე, რომ მინიმალური გამრუდებითაა ჩასმული მარტივ და დასახსომებლად იოლ ფორმებში, რომლებსაც კუმიტაჩები და კუმიჯოები წარმოადგენს.

მაგრამ დგება მომენტი, როდესაც მეთოდის მიღმა წინსვლა ხდება აუცილებელი და ამისთვის იგივე გზა უკუღმა უნდა გამოვიაროთ – წრფივი სავარჯიშოდან 360°-იანი წრიდან წამოსული დარტყმების რეალობაში გადავიდეთ. ეს დარტყმები სასწავლო სავარჯიშოს საჭიროებებისათვის შეაჯამა და ერთ ხაზზე გააწყო საიტო სენსეიმ. ახლა კი ამ გამარტივებული და კოდირებული ფორმიდან რთულ საბრძოლო რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. სწორედ ეს სამუშაოა ნაჩვენები ვიდეოში.

ყურადღება: ასეთი სახის სავარჯიშოებში არ არის საჭრო ახალი ფორმების გამოგონება. სასწავლო სავარჯიშოს ფორმები რეალური, სრულყოფილი ფორმებიდან მომდინარეობს და, ცხადია, აქ არაფერი არ უნდა შევცვალოთ. უნდა ვიცნოთ თავდაპირველი ფორმა და ჩავანაცვლოთ ის იმ კონტექსტში, სადაც ეს აუცილებელია და საიდანაც ის სასწავლო სავარჯიშოს ფორმად „კონდენსირდება“:

უკე ტაჩი ვერ დაარტყამს ზედიზედ ორჯერ ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს ისე, რომ თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს სხვა მიმართულებებიდან. ხმლის თითოეული დარტყმა საბოლოოა და თითო სხვადასხვა მოწინააღმდეგისათვისაა დანიშნული.  მაშასადამე, რეალობაში იმდენი მოწინააღმდეგეა, რამდენი დარტყმაცაა სასწავლო სავარჯიშოში. მე-5 კუმიტაჩში ექვსი დარტყმაა, ამიტომაც ამ სავარჯიშოსთვის აუცილებელია ექვს მოწინააღმდეგესთან მუშაობა.

და მაინც, იმისათვის, რომ არ გადავტვირთოთ ზედმეტად სამართავი სივრცე, აქ შემდეგი არჩევანი იჩენს თავს: ოთხი მოწინააღმდეგე ნაცვლად ექვსისა, იმ დაშვებით, რომ ორ მოწინააღმდეგეს ხელმეორედ შეტევის საშუალება ეძლევა. ეს მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებაა, რომლის მიზანიც შესრულების გაიოლებაა. მოწინააღმდეგეთა როცხვი თავისუფლად შეიძლება იყოს ექვსი, ოღონდ მათ უნდა შეეძლოთ თავი გაართვან იმ სირთულეს, რომელიც მათმა მომატებულმა რაოდებამ შეიძლება გამოიწვიოს.

მოწინააღმდეგეებმა უნდა დაარტყან ერთდროულად, მაგრამ აუჩქარებლად, რათა უკე ტაჩიმ სიტუაციის ვიზუალიზაცია მოახერხოს და გაიგოს, როგორ აირჩიოს სწორი გადაადგილება. ასევე არსებითია, რომ დარტყმები ნამდვილი იყოს დისტანციის (მააი) თვალსაზრისით, რათა უკე ტაჩიმ შეძლოს და შეამოწმოს, აყენებს თუ არა ეს გადაადგილება ყოველ ჯერზე იმ სიტუაციაში, როცა მას დარტმა შეუძლია ისე, რომ ამავდროულად თავად აღმოჩნდეს მოწინააღმდეგეთათვის მიუწვდომელ მანძილზე:

ფილიპ ვოარინო
10 სექტემბერი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/le-veritable-5eme-kumitachi/

Categories
სტატიები

კუმიტაჩი #5 – კიჰონი

მე-5 კუმიტაჩი თავის კლასიკურ, პედაგოგიურ ვერსიაში, რათა შევძლოთ ეს სასკოლო ვერსია იმ საბრძოლო რეალობას შევადაროთ, რომელსაც იგი ამარტივებს.

მე-5 კუმიტაჩი, ისევე როგორც ყველა კუმიტაჩი, არის სავარჯიშო, რომელიც ერთ ხაზზე და ერთ მოწინააღმდეგესთან გვიჩვენებს იმ დარტყმებს, რომლებიც სინამდვილეში სხვადასხვა მხრიდან წამოსული სხვადასხვა მოწინააღმდეგის დატყმებს სცემს პასუხს.

დამწყებისთვის მართლაც რთული იქნებოდა პირველივე დღეს შეესწავლა წრის 360°-დან წამოსული შეტევების მართვა.

კუმიტაჩები შეიმუშავეს სწავლის გასამარტივებლად და ყველა დარტყმა ერთი მოწინააღმდეგისკენაა ერთი და იმავე მიმართულებით. კუმიტაჩები მრავალფორმიანი საბრძოლო რეალობის შემცირებული სახეა და პედაგოგიური მიზნების გათვალისწინებით აქ ყველაფერი ერთ ხაზზე ხდება.

ეს აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რათა ღრმა შეცდომაში არ ამოვყოთ თავი, იგულისხმება ის, რომ კუმიტაჩი ბრძოლად მივიჩნიოთ: კუმიტაჩები სხვა არაფერია, თუ არა სასწავლო სავარჯიშოები, რასაც კავშირი არა აქვს ხმლით ბრძოლის რეალობასთან და მხოლოდ მოწაფის აღზრდას ემსახურება.

მომდევნო სტატიაში მე-5 კუმიტაჩი თავისი საბრძოლო კონტექსტის რეალობაში იქნება განხილული. ავხსნით მის შესრულებას სხვადასხვა მიმართულებებით.

მგონია, რომ კარგი იქნებოდა, გვენახა ამ ვიდეოში მე-5 კუმიტაჩი კლასიკურ პედაგოგიურ ვერსიაში, რათა შევძლოთ და ეს სასკოლო ვერსია იმ საბრძოლო რეალობას შევადაროთ, რომელსაც ის ამარტივებს, რომლიდანაც ის წარმოიშვება და რომელთან მიახლოებაც მხოლოდ იმის შემდეგაა საჭირო, როდესაც მისი შესრულება სასწავლო მეთოდით გვეცოდინება.

ფილიპ ვოარინო
4 სექტემბერი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kumitachi-5-kihon/

Categories
სტატიები

სიჩი ნო ავასე – ჰენკა

წრე ჰანმიდან ჰანმიში ჰიტო ემისა და კენკა გოშის გავლით იკვრება და ტექნიკები სულ ერთი და იმავე მოდელის მიხედვით შეიძლება გადაებას ერთმანეთს.

სიჩი ნო ავასე არის ავასეს (ჰარმონიზაციის) სავარჯიშო, რომელიც მე-7 (სიჩი ნო) სუბურს ეფუძნება და მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს.

ის ჰიდარი ნო კამაედან (მარცხენა დგომი) იწყება:

პირველ თვლაზე უჩი ტაჩი იოკომენით უტევს უკე ტაჩის, ეს უკანასკნელი კი შომენით პასუხობს:

მეორე თვლაზე კი უკე ტაჩი შეტევის ხაზიდან გვერდით აწევინებს ხმალს უჩი ტაჩის:

ყოველგვარი ღიაობის ჩასაკეტად უკე ტაჩის ხმალმა არ უნდა დატოვოს თავისი ადგილი ცენტრალურ ხაზზე, რაც ხდება ხოლმე, როდესაც უჩი ტაჩის ხმალს ზედმატად დიდი ამპლიტუდით ურტყამენ. მოძრაობა უნდა იყოს მოკლე და უჩი ტაჩის ხმალი იმ ზომით უნდა გადაწიოს გვერდით, რომ თავად ცკით შესვლა შეძლოს:

ხმლის შესასვლელად საკმარისია ეს სივრცე და მოკლე იმპულსი კმარა ამ გახსნისათვის. უნდა მოვიშოროთ ის აზრი, რომ საჭიროა უჩი ტაჩის ხმლის დიდი მოძრაობით ძალიან შორს გაწევა.

სინამდვილეში არ არსებობს ორი მოძრაობა – ერთი ხმლის გადასაწევად და მეორე ცკით საჩხვლეტად – არის მხოლოდ ერთი მოძრაობა. მოწინააღმდეგის ხმალს თავად ცკი წევს გვერდით, რომელსაც უკე ტაჩის ხმალი ერთგვარი ჩახვევით ასრულებს:

ყურადღება

არ უნდა ვუჩხვლიტო ჰანმიში, რადგან ჰანმი დგომია და არა მოქმედების რომელიმე მომენტი.

ჰანმი წინ უნდა უსწრებდეს და მოჰყვებოდეს მოქმედებას, ხოლო დარტყმის მომენტში კენკა გოშის (ტერფები ოთხკუთხედად) პოზიციაში უნდა ვიყოთ, ეს ზოგადი წესი ძალაშია აიკიდოს ყველა მოძრაობის დროს, ესაა ცნობილი კვადრატი, რომელიც სხეულის მიერ ჰანმიში სამკუთხედად დგომას მოჰყვება და რომელსაც ჰიტო ე მით გახსნის საშუალებით ვაღწევთ.

ჰანმის პოზიციის მიღება გვაშორებს უჩი ტაჩისაგან, ეს ბიომექანიკური ფაქტი ადვილად შეიძლება შემოწმდეს. უკანა თეძოს გარიდებისას ეს გარდაუვალი შედეგია. შეუძლებელია სხეულის ამ უკან დაწევის კომპენსირება ხელების წინ გაშვერით, რადგან ამ უკანასკნელთ არა აქვს ამდენი ავტონომია და მოქმედება აიკიდოში. ხელები მხოლოდ სხეულთან ერთად მოძრაობს.

ასეთ დროს ვხვდებით, რომ ეს დაშორება შეუთავსებელია ირიმის ცნებასთან, რაც პირიქით, მოწინააღმდეგესთან მიახლოვებას მოითხოვს.

და პირუკუ, ეს დაშორება სრულიად აუცილებელია მოწინააღმდეგის სხეულიდან ხმლის წვერის გამოსაძრობად, როდესაც ერთი მოქმედება დასრულდება და მეორე უნდა დაიწყოს… სწორედაც ჰანმით:

წრე ჰანმიდან ჰანმიში ჰიტო ემისა და კენკა გოშის გავლით იკვრება და ტექნიკები ერთმანეთს უცვლელი ციკლით, ყოველთვის ერთი და იმაბე მოდელით შეიძლება გადაებას.

საბრძოლო ეფექტურობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა პასუხი ერთნაირია ყველა გარემოებაში, როდესაც გამოსავალთა „კატალოგი“ არ არსებობს. შეტევებისა და სიტუაციების ნაირგვარობა, ისევე როგორც მათი მოულოდნელობა, ერთ, საერთო პასუხს მოითხოვს.

აიკიდო არის გზა, რომელიც ცდილობს იპოვოს მრავალთაგან „ერთი“ და რომელიც ამ სიმრავლეს ამ „ერთით“ პასუხობს. აიკიდოს ტექნიკები, გარეგნულად რაგინდ განსხვავებულიც არ უნდა იყოს ერთმანეთისაგან, ყველანი ერთადერთი ფუნადმენტური გადაადგილებისაგან იშვება. ეს გახლავთ ო-სენსეის დიადი აღმოჩენა. ირიმი-ტენკანი ამ გადაადგილების სახელწოდებაა, ტაი ნო ჰენკა მისი გამოყენების დასახელება, ხოლო ტაი საბაკი ტაი ნო ჰენკას შედეგია. ტექნიკები (ილეთები) შემთხვევითობებია, ისინი ნაკლებად მნიშვნელოვანია და სწორედ ამ მნიშვნელობით უნდა „დავივიწყოთ“ ისინი.

ფილიპ ვოარინო
28 აგვისტო, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/shichi-no-awase-henka/

Categories
სტატიები

ტე საბაკი

მაჯის გამოთავისუფლება მნიშვნელოვანია. აქ ეს მხოლოდ და მხოლოდ წინამხრის დატრიალების შედეგია.

კანჯი 捌, რომელიც სიტყვა „საბაკის“ შემადგენლობაში შედის, დაპირისპირების, მართვის და სირთულისა თუ სიტუაციის მოგვარების მნიშვნელობა აქვს.

აიტე (აგრესორი) მოდის, ჰარმონიას ურღვევს ტორის და აიძულებს მას ახალი წონასწორობა შექმნას. ამისათვის ტორიმ ისე უნდა გადააადგილოს სხეული, რომ შეტევა ვერ შეეხოს და ამავდროულად რამენაირად მოწინააღმდეგის გაკონტროლება შეძლოს.

აი, ესაა ტაი საბაკის არსი აიკიდოში.

თუმცა ტაი საბაკი არასდროს არის მარტო, მას ყოველთვის თან ახლავს ტე საბაკი.

ტეს (ხელს) მართლაც აქვს მნიშვნელოვანი როლი ახალი წესრიგის დამყარებისას. მაგალითად, ბრუნვისას ის საშუალებას გვაძლევს ჩავლებისაგან გავითავისუფლოთ მაჯა.

ხელის მტევანს ამბობენ, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი ხილული ნაწილია ბრუნვისას. თუმცა მაჯას, სინამდვილეში, სულაც არ შეუძლია ტრიალი, ხოლო ხელი მხოლოდ და მხოლოდ მიჰყვება წინამხრის ტრიალს იდაყვის გარშემო (კოტე მავარუ). სინამდვილეში სწორედ ის უზრუნველყოფს ბრუნვას, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავი გავითავისუფლოთ ჩაჭიდებისაგან.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მაჯის გამოთავისუფლება მნიშვნელოვანია, ის ასევე მხოლოდ წინამხრის ტრიალის ერთ-ერთი შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ ამ დამახასიათებელ მოძრაობას აიკიდოს ყველა ტექნიკაში ვხვდებით, იკიოდან დაწყებული და ტენჩი ნაგეთი დასრულებული, ირიმი ნაგეს ჩათვლით. ეს ყველა ილეთის ფუნდამენტური ელემენტია და დამახასიათებელია კოკიუ ჰოსათვის: მას ვხვდებით ყველგან. აიკიდოს ყველა ტექნიკა ამგვარ ქცევას ეფუძნება.

კოკიუ ჰოს ქცევა , „იდაყვები სხეულთან“, გულისხმობს ორივე წინამხრის ბრუნვას შიგნითკენ (პრონაციას), რომელიც ხელის გულის ბაზას წარმოადგენს წინამხრის გაგრძელებაზე. ის საშუალებას გვაძლევს, გადავცეთ დარტყმის ან მიწოლის ძალა, რომელიც მთელ სხეულს ეყრდნობა და ამავდროულად მისი სრულყოფილი გაგრძელებაა. ეს ძალა ხელის მტევნამდე აღწევს და აიკიდოში მას ტე კატანა (ხელი ხმალი) ეწოდება. კოკიუ ჰო ეფექტური ტე კატანას აუცილებელი პირობაა. ამით ვხვდებით, თუ რატომ ურტყამენ აიკიდოში გაშლილი ხელით და არა შეკრული მუშტით.

ეს იმიტომ ხდება, რომ წინამხრის შიგნითკენ ბრუნვით წარმოქმნილი ენერგიის კონცენტრაცია აიკიდოს ყველა ტექნიკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ის ისწავლება და სისტემატურად სრულდება ყველა ვარჯიშის დასაწყისსა და დასასრულს ივამაში: კოკიუ ჰო ზეზეულად სრულდება ვარჯიშის დასაწყისში და კოკიუ ჰო მუხლებზე კეთდება ვარჯიშის ბოლოში. ეს გვიჩვენებს, თუ რატომ არის სხეულის ამგვარი ქცევა ძალიან მნიშვნელოვანი აიკიდოს პრაქტიკაში.

აუცილებლად უნდა გამოვნახოთ ხოლმე დრო და გადავხედოთ იმ მეთოდოლოგიურ ფორმებს, რომლებიც ტრადიციულმა სწავლებამ შემოინახა, რადგან ისინი არ არის ტყუილუბრალოდ, ისინი მოწაფეების სწორად ჩამოყალიბებისათვისაა შერჩეული და შეიცავს ნიშნებს, რომლებმაც უნდა დაგვაფიქროს და ცოდნა გაგვიღრმაოს.

ფილიპ ვოარინო
20 აგვისტო, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/te-sabaki/

Categories
სტატიები

უჩი კაიტენ სანკიო – როგორ ავიცილოთ ტკივილი

როდესაც უკეს სწორად ვაკარგვინებთ წონასწორობას, ის ვარდება ბუნებრივად, სახსრებზე ზემოქმედების ზღვარზე.

უჩი კაიტენ სანკიოს გასაღები წონაწორობის დაკარგვინებაშია.

თუ უკეს წონასწორობა დაკარგული არა აქვს მოძრაობის დასაწყისიდან დასასრულამდე, ტექნიკა არასრულყოფილია, ვინაიდან ის ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ უკეს სახსრებზე მიყენებულ ტკივილს ემყარება.

აიკიდოს ილეთები იყენებს ადამიანის სხეულის სახსრებს, ცხადია. ილეთებს სახსრები იმ მდგომარეობამდე და ისეთი კუთხით მიაქვს, რომლებიც მათი ბუნებრივი მოძრაობის ზღვარს წარმოადგენს. მაგრამ სწორი ტექნიკა ამ ზღვარს ისე აღწევს, რომ მას არ სცდება, რადგან ის უკეს წონასწორობას სწორედ სახსრებზე ზემოქმედებით აკარგვინებს. და როდესაც უკეს სწორად ვაკარგვინებთ წონასწორობას, ის ვარდება ბუნებრივად, სახსრებზე ზემოქმედების ზღვარზე:

სხვა სიტყვებით, თუკი უკეს წონასწორობას სწორად ვაკარგვინებთ, შეუძლებელია, ვატკინოთ მას, რადგან ტკენინება ნიშნავს, „ვაიძულოთ“ სახსრები, გასცდნენ იმ საზღვრებს, რომელსაც წონასწორობიდან იდეალურად გამოყვანა მოითხოვს. ძალა დაატანო უკეს სახსრებს, ატკინო მას, ეს ნიშნავს, შექმნა კონფლიქტი წონაწორობის დაკარგვინებასა და სახსროვან ბლოკირებას შორის და ამასთან, მხარი დაუჭირო მეორეს, პირველის საზიანოდ. ეს არასრულყოფილი ტექნიკა და სისუსტეა, რადგან ტკივილი ყოველთვის არ კმარა ზოგიერთი ადამიანის დასამორჩილებლად.

სწორი ქცევა მდგომარეობს იმაში, რომ არ გვინდოდეს ტკენინება, არა რომელიმე მორალური ცნების დასაკმაყოფილებლად, არამედ მოძრაობის დასახვეწად, ამასთან უნდა ვიცავდეთ ფიზიკის კანონებს, რომლებიც მოითხოვს, რომ წონაწორობის დაკარგვინება და სახსრების ბლოკირება ურთიერთშეთახმებულად მოქმედებდეს და არასდროს დაირღვეს მათი გამაერთიანებელი ჰარმონია.

ფილიპ ვოარინო
31 ივლისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/uchi-kaiten-sankyo-eviter-la-douleur/

Categories
სტატიები

უჩი კაიტენ სანკიო – ჰენკა ვაზა

სანკიოს ტექნიკის ეფექტურობა არ ეფუძნება იმ ტკივილს, რომელიც უკეს სახსრებს ადგება. ტკივილი აქ მხოლოდ მეორეხარისხოვანი შემადგენელი ნაწილია.

უჩი კაიტენ სანკიოს კლასიკურ ფორმაში უკეს ხელის მტევანს მთლიანი ხელის ჩამოტანის შემდეგ ვავლებთ და ის სრულ გაუძრავებამდე გრძელდება. ამ ტექნიკის ვარიანტში (ჰენკა ვაზა) კი პირიქით, ტორიმ უნდა ჩაავლოს უკეს ხელის მტევანს უშუალოდ იმ მომენტში, როდესაც იგი მისი ხელის ქვეშ გადის.საჭიროა, რომ მან ორჯერ შეცვალოს ხელების ჩავლება ტრიალის დროს, რათა გაუძრავების გაზას მიაღწიოს:

ეს ცვლილებები შეიძლება რთული მოგვეჩვენოს, თუმცა რეგულარული პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, რომ უკეს კონტროლი აქ უწყვეტი და მძლავრია და არ არსებობს არავითარი სუსტი მონაკვეთი, რომლის გამოყენებითაც უკე გაქცევას მოახერხებდა.

ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ უკე გვერდითკენ წონასწორობადაკარგული იყოს მოძრაობის დასაწყისიდან დასასრულამდე. წონასწორობას კი მის მკლავზე ჩავლებულის ხელის გვერდითკენ მიწოლით ვაკარგინებთ:

იმის საპირისპიროდ, რაც შეიძლება იფიქროს ადამიანმა, სანკიოს ტექნიკის ეფექტურობა არ ეფუძნება იმ ტკივილს, რომელიც უკეს სახსრებს ადგება. ტკივილი აქ მხოლოდ მოძრაობის მეორეხარისხოვანი შემადგენელი ნაწილია და მის სიდიდეს სრულად ზომავს ტორი. აიკიდოში უკეს წონასწორობის დაკარგვინებით ვაკონტროლებთ. ყველაზე სრულყოფილი სანკიო ისაა, რომელიც ტკივილს არ აყენებს უკეს.

ფილიპ ვოარინო
17 ივლისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/uchi-kaiten-sankyo-henka-waza/

Categories
სტატიები

მოიქციე უკე მკლავებში

აიკი ნიშნავს, რომ კი (ენერგია) უნდა შეერთდეს. ტორის ენერგია უნდა შეუერთდეს უკესას, რათა ამ ყველაფერმა ერთიანი და უფრო დიდი ძალა წარმოქმნას.

აიკიდოს მოძრაობა შეერთების, გაერთიანების აქტია.

აიკი ნიშნავს, რომ კი (ენერგია) უნდა შეერთდეს. ტორის ენერგია უნდა იყოს ერთიანი და ეს ერთიანი ენერგია უერთდება უკეს ენერგიას, რათა წარმოქმნას კიდევ უფრო დიდი ენერგია.

ვერ შეუერთდები სხვას, თუ დაშორდები ან შეეწინააღმდეგები მას, უკესთან შესაერთებლად ტორი მისკენ უნდა წავიდეს. ამგვარი სვლა სხვისკენ მასთან გასაერთიანებლად სიყვარულის განსაზღვრებაა და ამიტომაც ამბობდა ო-სენსეი, აიკიდო სიყვარულის გამოხატულებააო.

სიყვარულს არა ჰყავს მტერი, გაერთიანებული კი არის ძალა, რომელიც არ ცდილობს განადგურებას, თუმცა მას შეუძლია დაგვეხმაროს გაუწონასწორებელი სიტუაციის გამოსწორებაში.

ვიდეოში ნაშვენები მოძრაობა აიკიდოს ამ განზომილებას განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოხატავს, უკე პირდაპირი გაგებით უნდა მოიქციო მკლავებში:

ფილიპ ვოარინო
10 ივლისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/prendre-uke-dans-ses-bras/