Categories
სტატიები

მე-7 კუმიჯოში უკე ჯო სამჯერ ზედიზედ ურტყამს ჯოხის ერთი და იმავე ბოლოთი. ეს მეთოდია.

სტატიის დედანი

ჯოს ბოლოები მეთოდში შეიძლება იხმარებოდეს ერთმანეთის მონაცვლეობით, მაგრამ საინტერესოა, შევნიშნოთ, რომ არასდროს იხმარება ისინი ერთდროულად.

ეს ნორმალურია სამი არსებითი მიზეზის გამო.

პირველი ის გახლავთ, რომ იარაღი მეთოდში ერთადერთი მეტოქის წინააღმდეგ გამოიყენება და რომ, ცხადია, შეუძლებელია ერთდროულად დაარტყა ერთ ადამიანს ჯოს ორივე დაბოლოება. ერთდროულად შეიძლება მხოლოდ ორ სხვადასხვა მოწინააღმდეგეს დაარტყა.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ორი მოწინააღმდეგისთვის ერთი ორდაბოლოებიანი იარაღის ერთდროულად დარტყმა რომ შევძლოთ, ეს იარაღი საკმარისად გრძელი უნდა იყოს, ხოლო უკე ჯო მომაკვდინებელი ხრახნის ბრუნვის ცენტრად უნდა იქცეს. ასეთ ვითარებაში გაგვახსენდება, რომ აიკიდოს ჯო სინამდვილეში შუბია, რომელსაც ორივე ბოლოში მჭრელი პირები უკეთია და რომელიც ო-სენსეიმ დაამოკლა, მაგრამ რომელიც, ჩვეულებისამებრ, შუბის წესებით უნდა იხმარებოდეს.

მესამე მიზეზი ისაა, რომ შეუძლებელია, თუნდაც საკმარისად გრძელი იარაღით, ერთდროულად დაარტყა ორ მეტოქეს, თუკი ყველანი დავრჩებით სწორ ხაზზე, მეთოდი კი მოითხოვს, რომ ხაზზე ვიმუშაოთ. ერთი შუბის ორი მოწინააღმდეგისთვის ერთდროულად დარტყმა შესაძლებელია მხოლოდ ირიმი-ტენკანის ბრუნვით, რაც საშუალებას გვაძლევს ორ მოწინააღმდეგეს შორის დარჩენილი თავისუფალი კუთხის ცენტრში დავტრიალდეთ და მისწვდეს მათ, ერთს გედანის დონეზე და მეორეს ჯოდანის სიმაღლეზე, ერთდროულად და ყოველ ჯერზე.

ნიშანდობლივია, რომ მე-7 კუმიჯოს „საბაზო“ საბოლოო მოძრაობა იცვლებოდა დროთა მანძილზე საიტო სენსეის სწავლებაში. მართლაც, 1970-1980-იან წლებში, საიტო სენსეი საბოლოო დარტყმას ასწავლიდა ჯოდანით (იდაყვში), როგორც საბაზო, და გედანის დარტყმით (ფეხში გამოდებით მოცელვა), როგორც ვარიაციულ ფორმას. შემდგომში მან გადაანაცვლა ეს მიმდევრობა, გედანის დარტყმა საბაზო, ჯოდანის დარტყმა კი სახეცვლილ ფორმად წარმოგვიდგინა.

რასაკვირველია, უნდა დავტოვოთ მეთოდის ფარგლები, განხილვებში რომ შევიდეთ, მაგრამ მისი საზრუნავი ამ ცვლილების შეტანისას აუცილებლად უკავშირდება იმ ამბავს, რომ რეალობაში საკითხი არჩევაზე კი არ დგას, ერთი დარტყმაა თუ მეორე – ვინაიდან ორივე ერთდროულია – არამედ არჩევაზე, თუ რა თანამიმდევრობით გადავწყვიტოთ მათი სწავლება. ცნებები „საბაზო“ და „ვარიაცია“ აქ, ისევე როგორც სხვაგან, მხოლოდ უფრო კომპლექსურ ცნებებთან მიახლოების პედაგოგიური საშუალებაა და სხვა არაფერი, იმისათვის, რომ გამარტივებულ დონეზე გავუშინაურდეთ ბევრად უფრო რთულ ტექნიკებს და შემდგომ ისინი საქმეში ჩართოთ ნამდვილი მოძრაობისას.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის ივლისი.

Categories
სტატიები

კი მუსუბი ნო ტაჩი

სტატიის დედანი

არ არსებობს ექვსი კუმიტაჩი, არის ხუთი კუმიტაჩი და კი მუსუბი ნო ტაჩი.

კი მუსუბი ნო ტაჩი არ გახლავთ ჩვეულებრივი კუმიტაჩი. მუსუბი ქორწინებას ნიშნავს, მაშასადამე აქ „კი-ების“ ქორწინებაა, თუ ამას რამე შინაარსი აქვს. თუმცა აქ უფრო შეერთებული კი, კის ჰარმონიული წარმოჩენა იგულისხმება ორი ენერგიის დაპირისპირების მიღმა. ეს დაპირისპირება სინამდვილეში ზედაპირულია და მხოლოდ გარედან ჩანს ასე.

კი მუსუბი ნო ტაჩი ხმლის სავარჯიშოა, რომლის მიზანიც აიკიდოში მოვარჯიშის დაყენებაა ამ კვლევა-ძიების გზაზე. ესაა სავარჯიშო, რომელიც სასარგებლო მხოლოდ იმ მომენტშია, როდესაც ადამიანი სწავლის მეთოდის ბოლოში გადის, როდესაც პრაქტიკის ყველა მთავარი ელემენტი, სახელდობრ, კენის სუბურები, უკვე ათვისებულია. კი მუსუბი ნო ტაჩის კეთება აიკი კენის სუბურებისა და კუმიტაჩების წინასწარი ათვისების გარეშე, იგივეა დრო დაუთმო სხეულის ბოჭკოებში შეცდომების შეშვებას, რის ამოძირკვასაც შემდგომში მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდება. ეს არასწორი მოქმედებაა.

ტექნიკური პუნქტებისთვის შევნიშნოთ შემდეგი:

  1. – საწყის დგომში ნაბიჯის წინ გადადგმით ვდგებით, განსხვავებით მე-3 სუბურისაგან, სადაც ეს უკნისკენ ნაბიჯით ხდება. 
  2. – პირველი ირიმი-ტენკანის ბრუნვის ძალა, რომელიც მიგი ავასეს საშუალებას გვაძლევს. 
  3. – ცკის ძალიან უცნაური დარტყმა, მჭრელი პირით ზევითკენ: სუბურებში ცკი არასდროს სრულდება ასე. შესრულების ამგვარ ყაიდას თავისი საფუძველი აქვს, თუმცა ეს არ ჩანს მეთოდში და ამის ახსნა მხოლოდ მეთოდის მიღმა მოიძევება. 
  4. – მეორე ირიმი-ტენკანი იოკომენ უჩია უჩი ტაჩის თავში, რომელიც მის ხმალზე მთავრდება. ამ მოძრაობის ბოლოს უკე ტაჩის ხმლის უჩი ტაჩის ხმალზე ამგვარი მდებარეობის ზუსტი მიზეზიც მხოლოდ მეთოდის მიღმა ჩნდება ნათლად. 
  5. – უკანასკნელი ავასე განსაკუთრებით საინტერესოა: შეუძლებელია იმის თქმა, უკე ტაჩის ხმალი „მიჰყვება“ და აკონტროლებს უჩი ტაჩის ხმალს, რომელიც ჯოდანში ადის ზევით, თუ უჩი ტაჩი აღმართავს იარაღს ჯოდანში, რათა გაექცეს უკე ტაჩის ხმალს, რომელიც მოდის კისერში საჩხვლეტად. ეს შეუძლებლობა კის სრულყოფილი ერთიანობის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა ამ სავარჯიშოში. 

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის ივლისი

Categories
სტატიები

სოტო კაიტენ ნაგე

სტატიის დედანი

სოტო კაიტენ ნაგე მეთოდის იმ ერთი სავარჯიშოთაგანია, რომელიც პირდაპირ გამოყენებადია რეალობაში ჯგუფური შეტევის დროს.

ის მართლაც აძლევს საშუალებას ტორის, შევიდეს წინა მარჯვენა ან მარცხენა კუთხეში, უკეს ჩაჭიდების მიხედვით, დატოვოს მოწინააღმდეგეთა შეტევების ცენტრი, სადაც ის იდგა და, ყურადღების გადატანის მიზნით, უკე იმავე მოძრაობით დააგდოს.

ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ტორი 180°-ით შემოტრიალდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრუნვა შესრულდეს კოკიუს შეგრძნებით (ტეკატანას, მჭრელი ხელის გამოყენებით), რათა გააკონტროლოს და წონასწორობა დააკარგინოს უკეს. საიტო სენსეი ამაზე ყურადღებას ამახვილებს ამ ვიდეოში.

წინა ფეხის უკან გაწევა, რაც მეორე თვლაზე ხდება, საშუალებას გვაძლევს ქვევით ჩავიყვანოთ უკე და მისი კეფის ზედა ნაწილი გავაკონტროლოთ. ის უნდა შესრულდეს კუთხით, ესაა უკეს წონასწორობიდან გამოყვანის პირობა. თუკი ნაბიჯს პირდაპირ უკან, უკეს დგომის პარალელურად გადავდგამთ, ეს უკანასკნელი არ დაკარგავს წონასწორობას და გაუჩნდება სურვილი, შეწყვიტოს მაჯის ჩავლება. საიტო სენსეის მიერ გამოყენებული კუთხე მკაფიოდ ჩანს ვიდეოში, ის დაახლოებით 45°-ია.

დაბოლოს, ამ საიტზე არაერთხელ გაგვიმეორებია, რომ აიკიდოს ყოველგვარ მოძრაობას აუცილებლად უკანა ფეხით მიწოლა განაპირობებს და რომ ეს მიწოლა შესაძლებელია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც უკანა ფეხი რჩება ადგილზე ამ მოქმედების დროს. ასევეა, მაგალითად, კენის მეორე სუბურის დროს, სადაც ჯერ წინ კი არ უნდა წავდგათ უკანა ფეხი და შემდეგ ვჭრათ, არამედ პირიქით, ჯერ უნდა ვჭრათ და შემდეგ გადავდგათ ფეხი წინ. ფეხის წინ გადადგმა საჭიროზე უფრო ადრე სხეულს ღიას და დაუცველს ხდის და ჭრას ყოველგვარ ძალას აცლის. ვიდეოში, ზუსტი კოორდინაციის განმარტებისას, საიტო სენსეის ბრაზიანი ჟესტიდან (ზენზენ დამე) ჩანს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამას მის სწავლებაში. უკანა ფეხი წინ იდგმება, ბუნებრივია, ოღონდ თავის დროზე, როდესაც მას დამრტყმელი თეძოების ტრიალი აწვება წინ. დროზე ადრე უკანა ფეხის წინ გადადგმა უმსხვილესი შეცდომაა აიკიდოში, შეცდომა, რომელიც სიცოცხლის ფასად შეიძლება დაჯდეს რეალური მოქმედებისას.

აქ დავუმატებ საიტო სენსეის პირად შენიშვნას ამ სემინარის დროს, რომელსაც მე გავუწიე ორგანიზება მისთვის. ის ძალიან ერთობოდა მოვარჯიშეთა ქცევაზე: “ფილიპ, – მითხრა იმ საღამოს, როცა სასტუმროს ლიფტში შევდიოდით და თან განვლილ დღეზე ვფიქრობდით, – თუ აიკიდო ვეღარ გამოდგება საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანის გადასარჩენად, მაშინ ის არ გამოდგება აღარაფერში“. დანიელ ბობოტიც იდგა იმ ლიფტში და მან მითარგმნა ეს სიტყვები. ეს იყო ოცდაათი წლის წინ, თანამედროვე აიკიდო უკვე შემოსული იყო ტატამზე და საიტო სენსეი ძალიან წუხდა ამაზე.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის ივლისი.

Categories
სტატიები

იოკომენ უჩი შიჰო ნაგე (კოტაი)

სტატიის დედანი

საიტო სენსეის მიერ ამ ვიდეოში კოტაის ყაიდაზე შესრულებული შიჰო ნაგე გადაშლილი წიგნია მათთვის, ვისაც უნდა, რომ სულ ცოტა დრო მაინც დაუთმოს ამ მოძრაობის დეტალების ნახვას.

1 – მოძრაობას იწყებს არა უკე, არამედ საიტო სენსეი. მაშასადამე, ტორი იღებს შეტევას, რომელსაც იგი წამით წინ უსწრებს, ან გნებავთ, ამზადებს.

2 – ტორის მხრიდან არავითარი უკან დახევა არ არის: ჰანმის შეცვლის მომენტში მიღებული კუთხე იდეალურია უკესთვის წონასწორობის დასაკარგინებლად და ამასთან შეიძლება ატემის დარტყმაც. სწორედ ეს კუთხე მისცემს საშუალებას ტორის, ისე გააშლევინოს უკეს ხელი, რომ ტრიალი, რომელიც ამას მოჰყვება, შესრულდეს შედეგიანად და თან მოწინააღმდეგისათვის მიუწვდომელ მანძილზე.

3 – ტორის ორივე ხელი უკეს მაჯას ძალიან ზუსტი და, ყველა შიჰო ნაგესთვის უცვლელი სახით ევლება: უკეს ხელის დაბოლოებასთან უფრო ახლოს მყოფი ტორის ხელი ევლება ცერის დასაწყისს, ის პირველ რიგში ევლება, მეორე ხელი კი, რომელიც სახეში ურტყამს, თავის სვლას უკეს წინამხრის ჩავლებით, ზუსტად პირველი ხელის ზევით ამთავრებს.

ამგვარი შესრულება, ძალიან თვალსაჩინო ამ ვიდეოში, რაციონალურია მოძრაობის მსვლელობისას, და ისე ხდება, რომ ტორის ისვე აძლევს ამავდროულად საშუალებას, საკუთრივ გდების მომენტში ხელები აღარ ჰქონდეს გადაჯვარედინებული: რაკი ხელები გადაჯვარედინებულია ტრიალის დასაწყისში, ტორის ხელს, რომელსაც უკეს ცერის დასაწყისი უჭირავს, შეუძლია კარგად გაუჭიმოს უკეს მკლავი და რაკი ხელები გადაჯვარედინებულია ტრიალის დასაწყისში, ტრიალი ბუნებრივად გადმოაჯვარედინებს მათ, რათა ჩავლება ყველაზე ძლიერი და ყველაზე ეფექტური იყოს.

ხელების მდებარეობის შენაცვლება მოძრაობის დასაწყისში ხელს უშლის უკეს მკლავის გაჭიმვას, მაშასადამე მისთვის წონასწორობის დაკარგინებას და, შედეგად, ტორი სახიფათოდ ტრიალებს წონასწორობაში მყოფი მოწინააღმდეგის მკლავის ქვეშ. თუ დავუშვებთ, რომ ტორი მაინც ახერხებს ტრიალის დასრულებას, მისი ჩავლება უკეს მაჯაში და მისი მიმართება უკესთან ძალიან სუსტია საიმისოდ, რომ ძლიერი მეტოქის დაგდება შეძლოს.

4 – ტრიალის ბოლოს უკეს წინამხარი ტორის თავის ზევით მიდის ხმალივით, ტორის ორივე ხელი ზუსტად კინკრიხოსთანაა, ისინი არ ადის თავის გვერდითა მხარეს. ეს მომენტი მეთოდში ტრიალის დასასრულს წარმოადგენს, შედეგად, უკე ძირსაა ჩაყვანილი – საწყისი ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით – რათა მისი ვარდნა მოსახერხებელი იყოს და თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაზიანება. რეალობაში საწყისი ბრუნვა იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე უკეს კეფა მიწას არ შეეხება, მაგრამ ეს მოძრაობა ძალიან დიდ ძალას ავითარებს და უკეს ვარდნის შემსუბუქების ყოველგვარ შესაძლებლობას უსპობს. ამიტომაც მეთოდი კრძალავს მის შესრულებას ბოლომდე. ილეთის ეს ასპექტი განსაკუთრებულად მკაფიოდ ჩანს საიტო სენსეის ვიდეოში.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის ივლისი.

Categories
სტატიები

იოკომენ უჩი ირიმი ნაგე (კი ნო ნაგარე)

სტატიის დედანი

ამ ვიდეოში საიტო სენსეი განმარტავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთში არ ავურიოთ კოტაის ყაიდა (სტატიკური, სწორკუთხოვანი) და კი ნო ნაგარეს ყაიდა (დინამიური).

ეს ორი რამ სულაც არ სრულდება ერთნაირად: კი ნო ნაგარეს ყაიდა სულაც არ გახლავთ კოტაის ყაიდა, რომლის შესრულების სისწრაფეც უბრალოდ გაზრდილი იქნებოდა. ფუნდამენტური ტექნიკური პუნქტები, რომლებიც წინ წამოვწიეთ სტატიაში „იოკომენ უჩი ირიმი ნაგე კოტაი“, შენარჩუნებულია, რასაკვირველია, მაგრამ კი ნო ნაგარეს ყაიდაში ტორი აღარ „აჩერებს“ უკეს დარტყმას (ეს ცნება არ არსებობს აიკიდოში), ის მას გვერდს უვლის და წარმართავს თავისი მტევნის ქვედა ნაწილით, მას იყენებს მისსავე გასაკონტროლებლად, წონასწორობის დასაკარგინებლად და უკეს ძირს დასაგდებად. კარგად უნდა გვესმოდეს და კარგად უნდა გვქონდეს დასწავლილი კოტაის დეტალები, თუკი გვინდა მთელი სიზუსტით ავამუშაოთ კი ნო ნაგარეს ყაიდა, რომელიც ამგვარად სულ სხვა სახით წარმოგვიდგება.

ამ ვიდეოს დასაწყისში საიტო სენსეის მიერ ნაჩვენები ირიმი ნაგე უკეს გარეთა მხარეს სრულდება.

ნაჩვენები მეორე ფორმა კი პირიქით, მოითხოვს, რომ ტორი წინასწარ შევიდეს უკეს შიდა მხარეს (ატემით სახეში). ამის შემდეგ გადადის გდებაზე, ოღონდ გარეთკენ, მას შემდეგ, რაც უკეს ხელს გააკონტროლებს ჯერ ქვევითკენ ჭრით, შემდეგ კი მისი მაჯაში ჩავლებით.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შესრულების ეს განსხვავებული ყაიდები ჯერ კიდევ და კვლავ სასწავლი ფორმებია, ამიტომაც ისინი მეთოდის სფეროს განეკუთვნებიან. ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენები კი ნო ნაგარე ასევე რჩება სასწავლ სავარჯიშოდ. შესაძლოა, გდება სანახაობრივია, მაგრამ საშიში იქნებოდა ირიმი ნაგეს ასე შესრულება ნამდვილ საბრძოლო კონტექსტში, სადაც ტორის ერთდროულად სხვადასხვა მხრიდან მომავალი რამდენიმე მოწინააღმდეგე შეუტევდა.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის ივნისი.

Categories
სტატიები

იოკომენ უჩი ირიმი ნაგე (კოტაი)

სტატის დედანი

MORIHIRO SAITO Sensei – YOKOMEN UCHI IRIMI NAGE KOTAI (Aikido Lost Seminar France 1989)

კოტაის ყაიდა საშუალებას გვაძლევს, მოვინიშნოთ მნიშვნელოვანი ტექნიკური პუნქტები, მათი ნელი კეთებით ჩავწვდეთ ილეთების არსს იმ სტრესის გარეშე, რომელიც სწრაფად შესრულებას ახლავს ხოლმე თან. ამასთან, რეფლექსების სახით ჩავიწეროთ ისინი სხეულის მეხსიერებაში.

აქ, მაგალითად, შეგვიძლია შევნიშნოთ:

  1. ხელების კოკიუს ფორმა კონტაქტის დაწყების მომენტში: ეს ფორმა ფუნდამენტურია, ის ერთდროულად აძლიერებს და იცავს სხეულს.
  2. შემდეგ, გადაჯვარედინების მომენტში, უკანა ხელი წინა ხელის ზევიდან გადადის, და არასდროს ქვევიდან. თუ უკანა ხელი წინა ხელს ქვევიდან გაუვლის, ჩნდება საფრთხე, რომ უჩის ძალამ ძირს დასცეს ის. თუკი ხელი ზევიდან გადავა, უჩის დარტყმა, თუნდაც ძალიან ძლიერი, აცილებული იქნება წინა ხელის მიერ.
  3. და ბოლოს, ჩაჭიდების ფაზაში, მნიშვნელოვანია, რომ ტორიმ უჩის თავი საკუთარ მკერდთან, მხრის დასაწყისთან მოაწევინოს. ამგვარად უჩი მართლაც, თან წონასწორობადაკარგულია და თან გაკონტროლებული, მას არ ძალუძს არც იდაყვით დარტყმა და არც გამოძვრომა, ხოლო გდება მით უფრო ადვილია, რამდენადაც იგი წონასწორობადაკარგულია მოძრაობაში შესვლისთანავე (წონასწორობის დაკარგვინების ძალა მეტად გაიზრდება შემდგომ, როდესაც ირიმი-ტენკანის ბრუნვა ჩაერთვება საქმეში, რაც პრაქტიკის ამ სტადიაზე ჯერ კიდევ არ არსებობს).
Categories
სტატიები

ჰაპო გირი: წრფივი მოქმედების ყაიდა

სტატიის დედანი

HAPPO GIRI – Coupe dans les 4 direction en mode linéaire (Aikido)

ჰაპო გირის გადაადგილება, ისე, როგორც ის ისწავლება მეთოდში, მოითხოვს, რომ ტერფები და ჭრა მკაცრად უნდა იყოს გასწორებული ჯვრის გვერდების ხაზზე.

ეს სავარჯიშო მახვილს სვამს იმ ამბავზე, რომ გასათვალისწინებელია ოთხი მიმართულების არსებობა და არა მხოლოდ იმისა, რომელიც ჩვენ წინაა. ამ მიზეზით – სხვებს შორის – ეს შესანიშნავი სავარჯიშოა… მაგრამ უმეტოქეო. საკმარისია, ოთხი მოწინააღმდეგე დაუყენოთ უკეს გარშემო და მაშინვე მიხვდებით, რომ ამგვარი ჭრა ნიშნავს, დაარტყათ და თან დარჩეთ ოთხი მეტოქის შეტევის ხაზზე. და ეს, ცხადია, არ მუშაობს საბრძოლო ვითარების რეალობაში.

ეს ყველაფერი სრულიად ნორმალურია, ვინაიდან მეთოდში ჰაპო გირის გადაადგილება წრფივია: რაკი ის დაცალკევებულად წრფივია თუნდაც ოთხი სხვადასხვა მიმართულებით, ეს ამბავი ვერ აქცევს მას წრიულად. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ კმარა ოთხი საპირისპირო მიმართულებით ჭრა ოთხჯერ სათითაოდ, რათა წრიული (სპირალური) გადაადგილება მივიღოთ. გადაადგილება სპირალურია მხოლოდ მაშინ, როცა ის სპირალურია თითოეულ ჯერზე.

იმისათვის, რომ მეთოდის მიხედვით შესრულებულ ჰაპო გირის აზრი ჰქონდეს, კიდევ ერთხელ უნდა გამოვიდეთ მეთოდიდან და მისი წრფივი მოქმედების ყაიდიდან, რათა ხელახლა შევასრულოთ ამ სავარჯიშოს ჭრები, ოღონდ ამჯერად წრიული მოქმედების ყაიდით, რომელიც მხოლოდ ირიმი-ტენკანის ამუშავებით მიიღება.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის ივნისი.

Categories
სტატიები

სეზონი 3

იხილეთ, ესაა TAI-ს საიტის მესამე ვერსია. ოდისეა 2003 წელს დაიწყო.

სტატიის დედანი

ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ აიკიდო შეიძლება განვითარდეს, მე ასე არ მგონია. ვითარდებიან ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ აიკიდოში, ვითარდება აიკიდოს მათეული გაგება, მაგრამ თავად აიკიდო, არა, არ ვითარდება. ადამიანები მიდიან, აიკიდო რჩება, მარად თავისი თავის ტოლი და სწორი, რადგან ის ადამიანს არ შეუქმნია, იმიტომ რომ მისი კანონები სამყარომ გადაწყვიტა. ამიტომაცაა იგი მარადიული. კაცობრიობას ნამდვილად შეუძლია დაკარგოს აიკიდოს ცოდნა, თუმცა აიკიდოს კანონები ვერ გაქრება და ისინი დარჩება იმათთვის, ვინც ერთ მშვენიერ დღეს მათ ხელახლა აღმოაჩენს, როგორც ო-სენსეიმ აღმოაჩინა ისინი თავის დროზე, მას შემდეგ, რაც წინა თაობებმა დაკარგეს.

საიტი TAI 2019-ში გადმოცემული აიკიდოს ცოდნა არ გახლავთ იგივე, რისი ხილვაც 2003 წელს შეიძლებოდა. თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, ადამიანები მოხუცდნენ, მოქნილობა დაკარგეს, მაგრამ ხედვით, უფრო ნათლად ხედავენ. ბევრია ათასწლეულების მიჯნაზე დაწერილი ტექნიკური სტატია, რომლებიც ეწინააღმდეგება დღევანდელ სტატიებს. თუმცა, ამასთან, არც ერთხელ არც ერთი პუბლიკაცია არ ამოღებულა საიტიდან, ყველაზე საჭოჭმანოებიც კი კვლავაც ადგილზეა. მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ შეიძლება შეაფასოს ადამიანმა განვლილი გზა და განსაჯოს განვითარება. მხოლოდ არც თუ ისე ჭკვიანებს შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ ცოდნას არ სჭირდება სიმწიფემდე მისვლა, ოცდაათი წლის სხეულის ფიზიკურ სიჩაუქეს შეუძლია გააჩინოს ერთგვარი ილუზია, მაგრამ ამ ასაკში ადამიანი ვერ იქნება ოსტატი.

TAI 2003 მკვახე იყო, TAI 2019 კი შესულია სიმწიფეში, არა მხოლოდ შინაარსით, რისიც დიდი იმედი მაქვს, არამედ თავად საიტის ტექნიკური თვალსაზრისითაც და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს დღეს, როდესაც ფრანსუა დიუკროს, ვებმასტერის მუხლჩაუხრელმა შრომამ დასაბამი მისცა ამ მართლაც სამკაულს – საიტის ახალ ვერსიას.

სტატიები დიდი ხნის განმავლობაში თავმოყრილი იყო სხვადასხვა რუბრიკებში, სადაც ისინი თემატურად გახლდათ დაჯგუფებული. მაგრამ რიაი, ურთიერთკავშირი ილეთებს შორის, ხანდახან ართულებდა რუბრიკის შერჩევას, თუ სად უნდა მოთავსებულიყო ესა თუ ის მოძრაობა და, მაშასადამე, სტატიაც, რომელიც მისდამი იყო მიძღვნილი.

წლებთან ერთად გამოიკვეთა აზრი, რომელიც ამიერიდან საშუალებას გვაძლევს, დავალაგოთ პუბლიკაციები უფრო ფუნდამენტური წესისა და რიგის მიხედვით. უფრო სქემატურად ავხსნათ ზემოთქმული, საიტის პირველი ათი-თორმეტი წლის დროინდელი რუბრიკები მეთოდის ახსნისკენ იყო მიმართული, მომდევნო რუბრიკები დღემდე, გახლავთ მცდელობა იმის გარკვევისა, თუ რა ხდება საიტო სენსეის მიერ შემუშავებული მეთოდის მიღმა. ამიერიდან, სტატიები დალაგებულია მათი კუთვნილების მიხედვით საიტის ამ ორი მთავარი ღერძის მიმართ, რომლებიცაა  „მეთოდი“ და „მეთოდის მიღმა“.

ამ არჩევანის შედეგად საიტის შიგთავსი უკეთ და უფრო ოპტიმალურად დალაგდა, გაადვილდა სტატიების მიგნება, გამოჩნდა ერთიანი ხაზი, რომელიც გვიხსნის მხოლოდ წინა და მომდევნო გვერდებს შორის სიარულის შეზღუდვისაგან. ამგვარად ერთი და იგივე სტატია შეიძლება გამოჩნდეს რამდენიმე რუბრიკაში, თუკი ის რამდენიმე საკითხთანაა კავშირში.

ბმულები გვერდის ქვევით საშუალებას გვაძლევს განვაგრძოთ კითხვა გახსნილ სტატიასთან დაკავშირებული სტატიებით და გვითრევს საკვლევი თემების სიღრმეებისკენ.

სტატიების გაზიარება სოციალურ ქსელებში ასევე გაიოლებულია გვერდების ზევით და მარჯვნივ განლაგებული ღილაკებით, რათა ხელი შევუწყოთ განხილულ საკითხებზე დისკუსიის გაჩაღებას და გაფართოებას. სოციალურ ქსელში სტატიის გასაზიარებლად საკმარისია დავპოსტოთ ბმული, რომელიც ავტომატურად გადმოიტანს სტატიის შემცირებულ გამოსახულებას.

და ბოლოს, ერთი ახალი მაჩვენებელი ახლავს თითოეულ სტატიას : წაკითხვისათვის საჭირო საშუალო დრო წუთებში.

საიტი ოპტიმიზებულ იქნა. უკეთაა მორგებული მობილურზე საკითხავად და, ზოგადად, ჩამოტვირთვისა და გამოსახვის სიჩქარის საგრძნობლად მომატებისათვის. ეს ტექნიკური წინსვლა ამიერიდან TAI-ს საიტს უთანაბრებს ათასობით საიტს მსოფლიოში მისი პოვნის სიიოლის თვალსაზრისითაც.

სრულიად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მივყვეთ პუბლიკაციებს და შევინარჩუნოთ კავშირი:

  • ერთი ღილაკით შეგვიძლია გამოვიწეროთ სიახლეები (ქართული დაემატება მალე), რათა კვირაში ერთხელ ელექტრონული ფოსტით მივიღოთ ბოლოს გამოქვეყნებული მასალები,
  • ფეისბუკისა (ქართული) და ტვიტერის (ქართული) ქსელები მუდმივ და მოსახერხებელ კავშირშია საიტთან,
  • იუტუბ არხის (ქართული დაემატება მალე) გამოწერით მივიღებთ ვიდეოებისა და შესაბამისი სტატიების ატვირთვის შეტყობინებებს,
  • ტექნიკაში ყველაზე მეტად გარკვეულთათვის არის თავისუფალი RSS ნაკადები ბოლოს ატვირთული სტატიებით,
  • და ბოლოს საკონტაქტო ფორმულარი კლასიკურ, მაგრამ ძალიან ეფექტურ საშუალებად რჩება.

ბლოგი“ (ქართული დაემატება მალე) საიტის მესამე დიდი დანაყოფია.

ამიერიდან კომენტარებს აწესრიგებს DISQUS და ეს სიახლე აუმჯობესებს დისკუსიას სტატიების ირგვლივ, სწორედაც კლასიფიცირების, შერჩევის, ნაწერით გამდიდრების, ბმულების პრევიზუალიზაციისა და კენჭისყრის წყალობით. ამიერიდან უფრო იოლია კომენტირება, გნებავთ იმეილით, გნებავთ ფეისბუკის, ტვიტერის ან გუგლის საშუალებით.

ამასთან შესაძლებელია გაწევრიანდეთ ბლოგში და მიიღოთ ხოლმე შეტყობინება, როდესაც ესა თუ ის საუბარი გამდიდრდება ახალი კომენტარებით.

ცოდნის გადაცემის გარდა TAI-ის იდეა თავიდანვე გახლდათ მკითხველების წახალისება აიკიდოში ვარჯიშისაკენ და ევენტუალურად დაკავშირება ტაკემუსუს სწავლების სხა დოჯოებთან, თუკი მათ ეს სურთ. ამიტომაა, რომ რუბრიკა „პრაქტიკა“ საიტის მეოთხე და უკანასკნელ საყრდენს წარმოადგენს. ის ავტომატურად გაგზავნით ეროვნული საიტებზე განთავსებული ცნობების, მათი საკონტაქტო პირების, მათი კალენდრებისა და მათ დოჯოებში დამკვიდრებული პრაქტიკის განსხვავებული მოდალობებისაკენ.

ცენტრალიზებული თარგმანი ფრანგული საიტიდან შეწყდა. სხვადასხვა ენებზე ნათარგმნი საიტები დღეიდან განთავსდება პირდაპირ ITAF-ის ეროვნულ საიტებზე. გვერდის ქვევით მოთავსებული ბმულებით დაუკავშირდება ერთმანეთს თარგმანები. TAI-ს საიტის რომელიმე სტატიის თარგმნისას და ეროვნულ საიტზე მისი განთავსებისას ერთადერთი პირობა ის გახლავთ, რომ თარგმანის განთავსების გვერდზე უნდა აისახოს ბმული, რომელიც შესაბამის დედან სტატიაზე გადაგვიყვანს aikidotakemusu.org საიტზე.

გთხოვთ, წინასწარ გაგვაფრთხილოთ საკონტაქტო ფორმულარით სტატიის გამოქვეყნების თაობაზე.

და ბოლოს, იუტუბ არხი, რომელის გამოწერაც შეიძლება, წარმოადგენს თქვენს განკარგულებაში მყოფი ვიდეოების დიდი რაოდენობა, როგორც ტაკემუსუ ასოციაციის დიდი ვიტრინა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ TAI-ს საიტის მესამე ვერსია წარმოადგენს წლების მანძილზე შეძენილი და სტატიებად წარმოჩენილი ცოდნის თავმოყრას ისეთი ინფორმაციული ინსტრუმენტით, რომელსაც ძალუძს უკეთ ასახოს ეს განვითარება, რადგანაც დღეს იგი თავად მდებარეობს ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარების მწვერვალზე.

როდესაც რომელიმე მოქმედება სწორი და მართალია, მიწა და ცა აერთიენებენ თავიანთ ძალისხმევას, რათა ამან ნაყოფი გამოიღოს. მწამს, რომ TAI-ს საიტის გული მართალია, ხოლო ფრანსუა დიუკროს მოქმედებაში, ვინც უკვე თექვსმეტი წელია, თავის ცოდნასა და დროს სრულიად უანგაროდ გასცემს, ცისა და მისი ერთიანობის გამოვლინებას ვხედავ. უმისოდ მე ვერასდროს შევძლებდი ივამაში, საიტო სენსეისგან მიღებული ცოდნის ასეთი ეფექტურობით გადაცემას, გავაგრძელებდი სწავლებას და კამათს მეტ-ნაკლებად ჩემი ტაფის გარშემო, ხოლო ჩემი მოქმედება ვერასდროს მიაღწევდა ამდენ კაცამდე და ქალამდე მთელ მსოფლიოში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მას ჩართულობისა და მისი ერთგულების გამო TAI-ის იდეალების მიმართ.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის 1-ელი ივნისი.

Categories
სტატიები

იჩი ნო ტაჩი — უჩი ტაჩის როლი

სტატიის დედანი

როდესაც პიერ შასანს უკეს (მოცემულ შემთხვევაში, უჩი ტაჩის) როლზე ელაპარაკებოდნენ, ის უცვლელად ასე პასუხობდა — „უკეს ერთადერთი როლი აქვს, მოკვდეს“. ის სრულიად მართალი გახლდათ, უბრალოდ, ტატამის უპირატესობა ბრძოლის ველთან შედარებით ისაა, რომ იქ არაერთხელ შეგვიძლია მოვკვდეთ.

როდესაც უჩი კვდება იჩი ნო ტაჩიში, კვდება კეთილშობილურად, შეტევის ამაყად წარმართვისას, ენერგიულად და გაბედულად და მარცხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სამყარო მასზე ძლიერია და პიროვნულად ეს სამყარო უკე ტაჩის სახითაა წარმოდგენილი.

უღონო და უშინაარსო შეტევა სამყაროს შეურაცხყოფაა, ეს ასევე უპატივცემულობაა მოწინააღმდეგის მიმართ, რომელსაც ვუტევ, რადგან ამით მას ხელს ვუშლით სწორად ვარჯიშში. იმისათვის, რომ სასარგებლო ვიყოთ ვარჯიშისას, უჩი ტაჩის შეტევამ უნდა მიაწოდოს „მასალა“, რომელზე „დაყრდნობითაც“ უკე ტაჩი შეძლებს თავისი შეგრძნებები განივითაროს. უკე ტაჩიმ უნდა მიიღოს უჩი ტაჩის ჭრა, მაგრამ მას ეს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუკი უჩი ტაჩი მართლა ჭრის.

ჯაჯგური და მკლავჭიდის მოწყობა უკეს ხმალთან, როდესაც ამის დრო აღარ არის, მოძრაობის დასასრულს, ანუ მას შემდეგ, რაც რეალობაში უკე ტაჩიმ გაიმარჯვა, გაუგებარია: ite missa est, როდესაც წირვა ჩატარებულია, როდესაც ლოცვა გაგზავნილია ღმერთთან, აღარ არის აქტუალური ზედმეტი ლოცვები. ჭეშმარიტი ჭრა უჩი ტაჩის მხრიდან ნიშნავს წრფელ ჭრას, როდესაც არანაირად არ აფერხებს იგი ამ ჭრას და თანახმაა, ისევე პატიოსნად დამარცხდეს, როდესაც უკე ტაჩი დაძლევს და საბოლოოდ დომინირებს უჩის ჭრას.

ყურადღება: უკე ტაჩის მეორე თვლა არც მოგერიებაა და არც შომენია, ის სრულდება ხმლის არც თუ ისე ზევით აწევით და ცკის იდეით (თუმცა ცკი არ კეთდება).

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის მაისი.

Categories
სტატიები

იჩი ნო ტაჩი – მეთოდი

სტატიის დედანი

აი სავარჯიშო ისე, როგორც სრულდება მეთოდში.

ერთი დაზუსტება: უკე ტაჩის პირველი თვლის შომენის შეტევისას ჭრა ბოლომდე უნდა შესრულდეს, მაგრამ სხეულის უკან დახევით, ცხადია, რათა თავიდან აიცილოს უჩი ტაჩის გიაკუ იოკომენ უჩის შეტევა. უკე ტაჩიმ არ უნდა შეწყვიტოს ჭრა ჯოდანის პოზიციაში და ასე, ჭრის გარეშე არ უნდა დაიხიოს უკან პირველ თვლაზე. საიტო სენსეი ძალიან ბრაზდებოდა ხოლმე, როცა მოწაფეები ასე იქცეოდნენ.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სინამდვილეში არ არსებობს არანაირი მეორე თვლა. უკე ტაჩი  უჩი ტაჩის ხმლით ყელგამოჭრილი კვდება პირველივე თვლაზე, რადგან მისთვის შეუძლებელია უჩი ტაჩის ხმლის არიდება, თუკი ეს უკანასკნელი ნამდვილ ჭრას აკეთებს.

დიდი ლოგიკა ძევს ამაში. კერძოდ ის, რომ ყველა ნამდვილი შეტევა აუცილებლად ქმნის ღიაობას შემტევის სხეულზე და როდესაც მოწინააღმდეგე ჭკვიანურად იყენებს ამ ღიაობას, შეუძლებელია მისი დარტყმის თავიდან აცილება.

პირველი კუმიტაჩი „მეორე შანსს აძლევს უკე ტაჩის“, ეს მეთოდში შემუშავებული სამუშაო შეთანხმებაა, რომლის მიზანიც მხოლოდ სავარჯიშოს ბოლომდე მიყვანაა. აქ არანაირი რეალობა არ არის და არც არის საჭირო, ადამიანმა იქ ეძებოს რეალობა, სადაც ის არ შეიძლება, რომ იყოს.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის მაისი.