Categories
სტატიები

ჩავლება ძალადობის გარეშე

იმისათვის, რომ ჩავლება ეფექტური იყოს, ის უნდა განხორციელდეს სწორ ადგილას უკეს სხეულზე, იმ ადგილას, რომელიც საუკეთესოდ მოგვცემს საშუალებას, წონასწორობა დავაკარგინოთ მას

იმისათვის, რომ ჩავლება ეფექტური იყოს, ის უნდა განხორციელდეს სწორ ადგილას უკეს სხეულზე, ანუ იმ ადგილას, რომელიც საშუალებას მოგვცემს საუკეთესოდ დავაკარგინოთ წონასწორობა ამ უკანასკნელს, იქნება ეს მაჯაზე, იდაყვში, მხარში თუ სხვაგან. უწინარესი ინტერესი მოწინააღმდეგის ჩავლებისა გახლავთ ის, რომ შეიქმნას კავშირი ჩვენ შორის მისთვის წონასწორობის დასაკარკიგებლად, რათა ამით შემდეგ მისი გაკონტროლება შევძლოთ.

თუმცა დაუშვებელია პირდაპირ და სწორხაზოვნად მივიდეთ ჩავლებისათვის იდეალურ ადგილას. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ჩავლება ვერ იქნება გარანტირებული ასეთ შემთხვევაში და ადვილად შეიძლება ავცდეთ ზუსტ წერტილს ჩავლებისათვის, მაგრამ უფრო იმიტომ რომ თუკი ასე, ძალისმიერად მოვეპყრობით უკეს და მას უხეშად ვაიძულებთ იქ ჩავლებას, სადაც მას სურვილი არა აქვს, აუცილებლად გამოვიწვევთ მის რეაქციასა და წინააღმდეგობას.

მაშასადამე, ყველა ჩავლება ხორციელდება თანდათანობით, სპირალური ტრაექტორიის დაცვით, რაც ერთი შეხედვით საპირისპირო ძალების სავალდებულო პასაჟია, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალები ურთიერთშემავსებელი ხდება იმ საერთო გზაზე, რომელზეც ისინი ტორის ბრუნვითი მოძრაობის გამო ხვდებიან ერთმანეთს. ჩავლება (დორი) წონასწორობის წერტილია, სადაც ეს ძალები თითქოს ერთმანეთში ინასკვება ილეთის ამ გაელვებასავით ხანმოკლე მომენტში, რათა ამის შემდეგ კვლავ მყისიერად დასცილდნენ ერთმანეთს.

ყველაზე უხერხული ჩავლებაც არ არის უხეში, ის იმ ძალების ჰარმონიის შედეგია, რომელსაც წყნარად და მშვიდად, მაგრამ მტკიცედ მივყავართ მოწინააღმდეგის გდების ან გაუძრავებისაკენ. არ არსებობს არანაირი ძალმომრეობა, იმიტომ რომ არავითარი კონფლიქტი არ ჩნდება ძალებს შორის. კავშირი, როდესაც ის ნამდვილია, პირიქით, იმ სიღრმისეული, ბუნებრივი სიბრძნისა და წესრიგის გამოხატულებაა, რომელიც ცვლილებებსა და სამყაროს უწყვეტ ტრანსფორმაციას მართავს. გავიხსენოთ, რა თქვა ამაზე ჯორდანო ბრუნომ:

„აუცილებელია, რომ ის, ვინც უნდა შექმნას კავშირი, გარკვეულწილად ესმოდეს სამყაროს ერთიანობა, თუკი უნდა, რომ მასთან დააკავშიროს ადამიანი“

ჯორდანო ბრუნო – “კავშირები”

ახლა ეს სიტყვები ო-სენსეის სწავლებას შევადაროთ:

„აიკიდოს არსებითი პრინციპია, შეერწყას სამყაროს მოძრაობას, გახდეს ‘ერთი’ თავად სამყაროსთან ერთად.“

ფუძემდებლის სიტყვები – “ტაკემუსუ აიკი”

აიკიდოში ვსწავლობთ, თუ როგორ დავუკავშირდეთ სხვას სხეულით, მაგრამ შეუძლებელია, ვინმეს დაუკავშირდე სხეულით, თუ ამავდროულად არ ვუკავშირდებით მას სულიერადაც, გონებრივადაც. და განზომილება, რომელსაც აიკიდო აღწევს აქ, ბევრად აღემატება ბრძოლის უბრალო მეთოდს. ჩვენ აქ ვეხებით იმას, რასაც ვუ-ვეის უწოდებენ დაოსისტურ ტრადიციაში, ანუ როგორ ვიმოქმედოთ მოქმედების გარეშე, როგორ ვიმოქმედოთ სრულად ისე, რომ არასდროს შევიდეთ კონფლიქტში სამყაროს ბუნებრივ მოძრაობასთან.

ფილიპ ვოარინო
7 თებერვალი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/saisir-sans-violence-uke-efficace/


Categories
სტატიები

ხიფათიდან გარიდება

აიკიდოს ყველა ილეთი საშუალებას გვაძლევს, ერთი და იმავე მოქმედებით ალყაშემორტყმული წრიდან გავიდეთ და მოწინააღმდეგე დანარჩენებისკენ მოვისროლოთ.

როდესაც სწავლების მეთოდის პედაგოგიური სივრცის მიღმა ვიწყებთ პროგრესირებას, ვამჩნევთ, რომ აიკიდოს ყველა ილეთი – გამონაკლისის გარეშე – გააზრებულია ისე, რომ საშუალებას გვაძლევს გავიდეთ თავდამსხმელთა  წრიდან და, ამასთან, მრავლობითი შეტევების გადაკვეთის წერტილს გავერიდოთ.

აიკიდოს ტექნიკა, რომელიც ეფექტური მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ იქნება და რამდენიმე მოწინააღმდეგის ერთდროულ თავდასხმას არ გაითვალისწინებს, უბრალოდ, არ იქნება აიკიდოს ტექნიკა.

აიკიდოს ნებისმიერი ტექნიკა საშუალებას გვაძლევს ერთი და იმავე მოქმედებით ალყაშემორტყმული წრიდან გავიდეთ და მოწინააღმდეგე, რომელსაც ვაკონტროლებთ, დანარჩენებისკენ მოვისროლოთ. თუკი რომელიმე ტექნიკა ამ პირობას ვერ ასრულებს, მაშინ მას ვერ ვუწოდებთ აიკიდოს. სწორედ ამაშია მისი ფუნდამენტური ნიშნანი.

„ერთადერთი მოწინააღმდეგის შემთხვევაშიც კი არ უნდა გვადარდებდეს მხოლოდ ის, ვინც წინ გვიდგას, ვარჯიშისას ყურადღებით უნდა ვიყოთ ოთხი და რვა მიმართულებით.“

ეს უმნიშვნელოვანესი ფრაზა აიკიდოს ფუძემდებელმა, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბამ დაწერა.

ამის ცოდნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ო-სენსეიმ ისურვა, ეს ყოფილიყო პირველი რეკომენდაცია აიკიკაიში, ჰომბუ დოჯოში 1931 წელს გამოცემულ ტექსტში, სათაურით „გონების წარმართვა ვარჯიშისათვის“.

რისი თქმაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ფუძემდებლის ნაწერებს?

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/quitter-le-danger/

ფილიპ ვოარინო
30 იანვარი, 2022 წელი

Categories
სტატიები

შიჰო ნაგე : საბრძოლო კიჰონი

უფრო პირდაპირი ფორმა, რომელიც ისევე აკარგვინებს უკეს წონასწორობას, მაგრამ ამას მყისიერად აკეთებს და არ ხდება საჭირო ორი ნაბიჯით გვერდზე, 90°-ზე გასვლა.

შიჰო ნაგეს კიჰონის ყველაზე საბაზო ფორმა ის ფორმაა, რომელიც ტორისაგან მოითხოვს უკეს მიმართ 90°-იან გადაადგილებას, წინასწარ, ხელის ქვეშ გასვლამდე. ეს გადაადგილება, რომელიც ორი ნაბიჯის საშუალებით სრულდება სხეულის ჰიტო ე მით გახსნისათვის, ფუნდამენტურია და მთელ თავის პედაგოგიურ შინაარსს სტატიკური (კოტაი) მუშაობის დროს იძენს. სწორედ ის გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, თუ რომელი ღერძები

აკარგვინებს წონასწორობას უკეს შიჰო ნაგეს ტექნიკის – ხელის ჩახვევის – დროს.

მაგრამ როგორც კი ეს ფორმა გამოიყენება არაერთი უპირატესობის მისაღწევად, რა უპირატესობებიც სწავლის დონეებს ახასიათებს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს პედაგოგიური თვისებები არ ანიჭებს მას საბრძოლო რეალურობას, რადგან ერთი მხრივ, ნელია, მეორე მხრივ კი ტორის ზურგს აშიშვლებს მოწინააღმდეგისათვის, რომელიც ამ მხრიდან მოვიდოდა შეტევისათვის.

ამიტომაც შემდეგ უნდა ვივარჯიშოთ უფრო პირდაპირ ფორმაში, რომელიც იმავე ხერხს ხმარობს უკეს გამოსაყვანად წომასწორობიდან, მაგრამ ამჯეად ამას ის აკეთებს მყისიერად, ისე, რომ ადგამს ორ ნაბიჯს გვერდზე, 90°-ით.

მართლაც, სხეულის გვერდზე გადაადგილება აღარ გვჭირდება უკეს ხელის ქვეშ გასასვლელად, ეს სხეულის ღერძის უბრალო ტრიალით მიიღწევა, რაც მყისიერად ხსნის სხეულს ჰიტო ე მიში და ამით საშუალებას გვაძლევს უკეს ხელი სწორად გავჭიმოთ და, ბოლოს, უკანა ფეხიც შევიტანოთ.

აქ იგულისხმება შიჰო ნაგე ომოტეს საბრძოლო ფორმა: ის სწრაფია, სრულიად ეფექტური და ზურგს არ ტოვებს სახიფათოდ გახსნილს. სწორედ ისაა ნაჩვენები ვიდეოზე, სწორედ ამას იყენებდა საიტო სენსეი, როდესაც არ ასწავლიდა საბაზო ფორმას.

კარგია ამ მოძრაობის კეთება ნელა, თუ თან ვკონცენტრირდებით სხეულის ბრუნვისა და უკეს ხელის სწორად გაჭმვის შესწავლაზე, ეს უკანასკნელი კი აუცილებლად უნდა დავზოგოთ გდების დროს. თუკი შიჰო ნაგეს საბრძოლო სახით, მთელი ძალით შეასრულებს გამოცდილი მოვარჯიშე, ეს ილეთი სასიკვდილო ხდება და ის კეფის დასამტვრევადაა შექმნილ-გააზრებული.

ყოველგვარი სახიფათო პრაქტიკა უნდა გამოირიხცოს დოჯოში, აიკიდოს ვარჯიში არ არის ძალ-ღონის გაზომვის ასპარეზი, მუდამ გონებაში უნდა გვქონდეს ის ამბავი, რომ უკე დროებით გვაძლევს თავის სხეულს, რათა ჩვენ წინსვლა შევძლოთ სწავლის გზაზე და რომ ჩვენ ვალში ვართ მასთან. როგორ დავინახოთ კონფლიქტი ამგვარ ურთიერთობაში? გზას, რომელზეც აქ არის ლაპარაკი, არ მივყავართ ძალადობისკენ, ის ადამიანთა გულებს აღებს და საშუალებას აძლევს მათ, რომ სხვაში სხვა საკუთარი თავი შეიცნონ და მიხვდნენ იმ ურთიერთდამოკიდებულებას იმ ყველაფერში, რაც სამყაროს ერთიან ოჯახად აქცევს. ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ნებისმიერი კონფლიქტი შეიძლება მივიდეს ჰარმონიამდე, აიკიდო სწორედ სამყაროს ამგვარად დანახვაში გვეხმარება.

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/shiho-nage-kihon-martial/

ფილიპ ვოარინო
23 იანვარი, 2022 წელი


Categories
სტატიები

ნიკიო – ტე-კატანა

მნიშვნელოვანი პირობა ნიკიოს ტექნიკის შესასრულებლად, მოითხოვს, რომ უკეს იდაყვი მოკეცილი იყოს და, ამასთან, თავისივე მაჯაზე დაბლა მდებარეობდეს.

მნიშვნელოვანი პირობა ნიკიოს ტექნიკის შესასრულებლად, მოითხოვს, რომ უკეს იდაყვი მოკეცილი იყოს და, ამასთან, თავისივე მაჯაზე დაბლა მდებარეობდეს.

უკეს ხელის სწორი პოზიციის მისაღებად აუცილებელია, რომ დასაწყისშივე ამ ხელზე ჩვენი მტევნის „მჭრელი“ მხარე (ტე-კატანა) „ჩამოვუსვათ“ იმ ზონაში, სადაც ორთავა კუნთი წინამხარს უერთდება, რათა მოძრაობის დასასრულს ის მაჯაზე ჩავლების ადგილას ამოვიდეს.

ეს მოქმედება უნდა განხორციელდეს თანდათანობით, სიუხეშის გარეშე, მაგრამ ამ ხელზე მუდმივი დაწოლით. ამას აიკიდოში კოკიუ რიოკუ ეწოდება და მას ერთადერთი მიზანი აქვს – უკეს გააშვებინოს თავისი ჩაჭიდება.

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/nikyo-te-katana/

Categories
სტატიები

სოლიდარული გული

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/un-coeur-solidaire/

რაც შემეხება მე, ჩავიდინე სოლიდარობის აქტი, ამ მოქმედების შედეგი კი არის მხოლოდ რისკი, მოგება და ხეირი კი ნული.

მე, ვისაც მეგონა, გული არა მაქვს-მეთქი, ამიერიდან ვიცი, რომ მაქვს.

ერთხელ რამის გაკეთება ჩვევას არ ნიშნავს და დღეს ჩემს თავზე დაგელაპარაკებით, თუმცა ნახავთ, რომ ეს ყოველივე აიკიდოსაგან განყენებულად არ მოხდება.

დიდხანს ვამბობდი უარს იმ პატარა ცხოველის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, რომელსაც ლუდისა და სიგარების ნაირგვარობის სახელი ჰქვია და რომელიც ამდენ ემოციას წარმოშობს ჩვენს საზოგადოებებში. უარს ვამბობდი, იმიტომ რომ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავდი და, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ სიტყვაზე აღარ ვენდობი იმ ადამიანებს, კაცებსა და ქალებს, რომლებიც ჩვენ გვმართავენ.

ეს უკანასკნელნი მოუწოდებენ ხალხს ვაქცინის მიმართ სოლიდარობისა და მოქალაქეობრივი მიდგომისაკენ და თან სულ ავიწყდებათ ის სირცხვილი და მათდამი უნდობლობა, რითაც წარსულმა დაფარა ისინი.

მაგალითისათვის, ბატონმა დუსტ-ბლაზიმ, ექიმმა და ჯანდაცვის მინისტრმა 1994-95 წლებში, სკოლების დონეზე წამოიწყო ტყუილ ჭორზე აგებული საყოველთაო ვაქცინაციის კამპანია B ჰეპატიტის წინააღმდეგ: ვითომ ჰეპატიტი B გადაიცემოდა ნერწყვით. არადა ეს ტყუილია. ჰეპატიტი B მხოლოდ სისხლის გზითა და დაუცველი სქესობრივი კავშირების შედეგად გადადის და ეს ყველაფერი სავსებით ცნობილი იყო იმხანად. მიუხედავად ყველაფრისა, ვაქცინაციის კამპანია სრულ ბუნდოვანებაზე დააფუძნა და ამით სრულიად ჯანმრთელი ადამიანები, ქალები და კაცები გაწირა გაფანტული სკლეროზისა და კრონის დაავადებისათვის, რაც თავისთავად ნელ აგონიას ნიშნავდა. ამ ვაქცინალური სიგიჟისაგან გამოწვეული ადამიანური დრამების შემდეგ ლაბორატორია „სანოფი-პასტორ-მერკი“ მკაცრად დასაჯა საფრანგეთის იუსტიციამ ამ უმძიმესი შეცდომისთვის. მან სრულიად უსირცხვილოდ გაასაჩივრა ეს სასჯელი ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში, რომელმაც 2020 წელს, საბედნიეროდ, ძალაში დატოვა ძველი გადაწყვეტილება.

შეგვიძლია უბოლოოდ განვაგრძოთ ამგვარი მაგალითების ჩამოთვლა. ამიტომაც მე ნდობა აღარა მაქვს. თუმცა ერთი მიზეზის გამო, რომლის აქ განვრცობაც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, მაგრამ რომელმაც გადაწონა ჩემი უნდობლობა, ბოლოს მეც დავთანხმდი, ავცრილიყავი ამ შობაზე.

უკუჩვენებები ჩემი პირველი „ფაიზერიდან“ ორ დღეში დამეწყო: ტაქიკარდია, ჰაერის უკმარისობა, ტკივილები გულ-მკედრის არეში. ელექტროკარდიოგრამა და დოპლერი ორი დღის თავზე და კარდიოლოგის დიაგნოზის დაიდო, თანაც კატეგორიული: პოსტ-ვაქცინალური მწვავე პერიკარდიტი. პერიკარდი გახლავთ ჯიბე, რომელიც გარს ახვევია გულს, ეს ჯიბე ვაქცინირს „რნმ“-ზე ხანდახან ანთების ფორმით რეაგირებს და გამოყოფს სითხეს, რომელიც, გულის შეკუმშვით, კარდიალურ ფუმქციას რევს.

ამას „არასასურველი“ შედეგი ეწოდება… სიცილის გარეშე.

ექიმები, რომლების თავიანთ პაციენტთა დაზოგვას ცდილობენ, უხსნიან, რომ ეს კარგად ნაცნობი თანამდევი ეფექტია (რაც, ამასთან, ადასტურებს კიდეც, რომ ის საკმაოდ ხშირია), და არსებობს მკურნალობაც: სამი თვე ანთების საწინააღმდეგო წამლები, თუ ამას შედეგი არ მოაქვს, გადავდივართ კორტიზონზე და თუ კორტიზონიც არაეფექტური გამოდგება, რჩება ოპერაცია ღია გულზე, რათა ამოიკვეთოს პერიკარდი… ჰოდა რა უშავს, რა პრობლემაა, მედიცინა პოულობს სხვადასხვა გამოსავალს, შობას გილოცავთ!

აი, დავმშვიდდი, ჯანმრთელი ვარ, ყოველგვარი პათოლოგიის გარეშე, სტატისტიკის მიხედვით, ძალიან მცირე რისკი მქონდა ვირუსისაგან სიკვდილისა, მკაცრი პათოლოგია კი შემიყვანეს ორგანიზმში და ახლა ასპირინითა და კოლხიცინით ვიჭყიპები და, კვლავაც სტატისტიკის მიხედვით, გარკვეული შანსი მრჩება, მოვკვდე ვაქცინისგან. რაც შეეხება ვირუსს, რაკი ის განუწყვეტლივ მუტირებს და რაკი ყოველგვარი ვაქცინაცია ამიერიდან აკრძალული მაქვს, მომდევნო ვარიანტს მხოლოდ საკუთარი იმუნური დაცვის ამარა უნდა გავუმკლავდე, იმითი, რაც დასაწყისშივე მქონდა, ანუ იმ ინექციამდე, რომელიც ჩემთვის ისეთივე უსარგებლო აღმოჩნდა, როგორც ტოქსიკური.

ნუგეშად ჩემი თერაპევტის სიტყვაღა მრჩება: “თქვენი რეაქცია გვიჩვენებს, რომ უთუოდ კარგი ბუნებრივი იმუნიტეტი გქონიათ”, ძალიან შვებისმომგვრელია იმის ცოდნა, რომ კოვიდი დიდად ვერაფერს დამიშავებდა, მაგრამ ღირდა კი ეს ამბავი აქამდე მოსასვლელად?

კიდევ კარგი, მოგება-რისკის ბალანსს არ დამაპირისპირეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყველა მედიასაშუალებაში განხილულ ამ ბუნდოვნად მორთულ კონცეპტს არავითარი სამეცნიერო საფუძველი არა აქვს, რომ ეს მრავალკრიტერიუმიანი დაგაწყვეტილებითი ანალიზსის პედანტური სახელწოდებით დაჯგუფებული სადაო ინტერპრეტაციების ქსოვილია და მეტი არაფერი. ამ ბალანსის ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა, რომ იგი გაყალბებულია, რისკი ყოველთვის ინდივიდს ემუქრება, მოგება კი ყოველთვის ფარმაცევტულ წარმოებას რჩება, რომელიც მილიარდებს აკეთებს სამარცხვინო ხერხებით და ამისთვის ხალხების გაჭირვებასა და მიმნდობობას იყენებს.

არ არის მართალი, რომ ადამიანი ეგოისტია, თუკი ის უარს ამბობს, გაიკეთოს სხეულისათვის პოტენციური საწამლავის ინექცია, საწამლავისა, რომელსაც ტკივილისა და სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. აუცრელთა ხუთ-ათ პროცენტს საფრანგეთში არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ სავალალო მართვაზე, რომელიც ამ კრიზისს გაეწია. მათი დადანაშაულება და წარმოჩენა განტევების ვაცებად, სულელური და უღირსი საქციელია. როდესაც რომელიმე რესპუბლიკის რომელიმე პრეზიდენტი ამას სჩადის თავის საახალწლო მიმართვაში ნაციისადმი 2021 წლის 31 დეკემბერს, ეს უნებლიე შეცდომა არ გახლავთ, ეს პოლიტიკურად მცდარი საქციელია.

და უსაგნო ლაპარაკს რომ მორჩნენ, აჯობებს, რომ ხალხი, რომელიც თვალებში გვჩრის სტატისტიკას ვაქცინალური აბდაუბდა სტრატეგიის ბოლომდე გასამართლებლად, ამაზე დაფიქრდეს: ტერმინ სტატისტიკას არავითარი ჭეშმარიტი აზრი არა აქვს მანამ, სანამ თვითონ არ გახდები ცუდი სტატისტიკის შემდგენელი ნაწილი.

რაც შემეხება მე, ჩავიდინე სოლიდარობის აქტი, ამ მოქმედების შედეგი მხოლოდ რისკია, მოგება და ხეირი კი ნული, აი, სულ ესაა, რისი თქმაც შეიძლება, არავითარი გამართლება, არავითარი რეაქცია მეორე მხრიდან. არაფერია, სრულიად არაფერი, უბრალოდ, ყველა თავის კუთხეში შეყუჟულა და ლოცულობს, როგორც გრაველოტში, რომ ყუმბარის თანამდევი ეფექტები როგორმე მას ასცდეს და გვერდზე დაეცეს. არსებობს არაცნობიერიც, რასაკვირველია, უბრალო ხალხი, რომელიც არაფერს ეჭვობს, როდესაც მხარს უშვერს შპრიცს. თუმცა ამ ყველაფერში ნასახი არ არის არც რაციონალურობისა და არც ჰუმანურობისა.

სიჩუმე კი დამაყრუებელია. კაბინეტის გარეთ კარდიოლოგმა ხმალაბლა გამანდო: “თქვენნაირი შემთხვევა დღეში სამი მაქვს, ეს ვაქცინა ნამდვილი სიბინძურეა“, სამედიცინო მდივანი, რომელსაც კონსულტაციის საფასურს ვუხდი, ძლივს გასაგონი ხმით მეუბნება: “კიდევ კარგი, ჩემი შვილები ძალიან პატარები არიან აცრისთვის“. აფთიაქის გამყიდველიც ჩამჩურჩულებს: “თქვენ არ ხართ პირველი“, როდესაც წამლებს ქაღალდის პარკში მიწყობს.

ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ხმა უნდა აიმაღლოს და შეწყვიტოს დუმილი, ამისათვის ვწერ მე დღეს. უნდა დავუბრუნდეთ საღ აზრს. დაიწყო ლაპარაკი, რომ ხვალ ხუთი წლის ბავშვები აცრან, რომლეთა სრულ უმრავლესობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება ვირუსისაგან. ამით, სამაგიეროდ, დიდ საფრთხეს ვუქმნით მოზარდ ორგანიზმებს ვაქცინისაგან გამოწვეული სხვადასხვა გართულებებით, რომლის გრძელვადიან შედეგებზეც არავინ არაფერი იცის: ნამდვილი კრიმინალური ერესია ყოველგვარი სამეცნიერო გამართლების გარეშე.

უნდა შეწყდეს ეს სიგიჟე, უნდა აიცრან რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, მაგრამ შეწყდეს მილიონობით ინდივიდის აცრა არაფრის გულისთვის, რომელთაც ძალიან მცირედ ემუქრებათ საფრთხე. განსაკუთრებით, ბავშვებს არ უნდა შევეხოთ. რამდენიმე მოხუცი გარდაიცვლება ამის გამო? შეიძლება, მაგრამ ეს ცხოვრების ჩვეული დინებაა. მე მოხუცი ვარ და ვთანხმდები ამ რისკს. და არ მინდა შევწიროთ ბავშვები იმას, რომ რამდენიმე მოხუცებული კიდევ დაიარებოდეს ამქვეყნად, რომლებმაც უკვე გაიარეს თავიანთი გზა და ახლა სიკვდილის მისაღებ ოთახში ყურყუტებენ მოხუცებულთა თავშესაფრებში, ანდაც მკურნალობაზე დამოკიდებულ ადამიანთა სხვა მოსაკვდინებლებში. როდესაც ახალგაზრდობას ვემშვიდობებით, ვიწყებთ გაგებას, რომ ერთ დღესაც სიკვდილი მოვა, მოხუცები უნდა გავაცილოთ სიყვარულით, მაგრამ მათ არ უნდა შევწიროთ მომავალი. უკვდავებას ვერ ვიყიდით „ფაიზერით“.

ამავდროულად უნდა გავზარდოთ საავადმყოფოების მიერ ავადმყოფთა მიღების შესაძლებლობები, რომელთა გადაჭედილობა ნამდვილ პრობლემად რჩება. თუკი ეს უკანასკნელნი ვერ უმკლავდებან ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო აგრესიულ ეპიდემიას, ეს იმის ბრალია, რომ საერო ხელისუფლებები მკურნალობის ბიუჯეტს თვალში საცემი სისწრაფით ამცირებენ წინსრების უნარისა და მკაფიო ხედვების არქონის გამო.

და ბოლოს, იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა აიკიდომდე მიგვიყვანოს, მე არ მიკვირს ჩემი სხეულის რეაქცია იმ საწამლავზე, რომელიც ჩემში შეიყვანეს. რაღაცამ მასში იცოდა, რომ ეს ინექცია არ იყო საჭირო. მე მას არ მოვუსმინე, ეს სხვა ისტორიაა და მიზეზი, რომელმაც ამისაკენ მიბიძგა, მე მეხება, თუმცა აიკიდოს პრაქტიკა ავითარებს საშიშროების ამგვარ ინტუიტიურ ხედვას. და სტატია “Trust“, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავწერე და რომელსაც ახლავს კატრინ რიბეიროს ილუსტრაცია ჟისკარ დ’ესტენის „თქვენ არა გაქვთ გულის მონოპოლია“-ზე, ამ თვალსაზრისით, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

რაკი დღეს სრულდება 2021 წელი, ვისურვებდი, ყველამ საკუთარი თავის ნდობა დავიბრუნოთ, ნდობა ჩვენივე ორგანიზმების უნარებისა – რამდენადაც ჯანმრთელები არიან ისინი – გაუმკლავდნენ უმეტეს შემთხვევაში ყველანაირი მოკრობის, ვირუსისა და ბაქტერიის მეტოქეობას და ვისურვებდი, აღარ დაგვეგდო ყური შიშის ხმისათვის, რომელიც ჩვენს გონებებს თავის გემოზე ათამაშებს და გვაქცევს ხბოსავით მორჩილ იდიოტებად, იმ ხალხის განკარგულებების უსიტყვოდ შემსრულებლებად, რომლებიც, უკეთეს შემთხვევაში, არაკომპეტენტურნი არიან, უარესში კი, ბოროტი განზრახვის მქონე უსინდისოები.არიან, უარესში კი, ბოროტი განზრახვის მქონე უსინდისოები.

ყველას გისურვებთ ჭეშმარიტი აღშფოთების ლამაზ წელიწადს. რაც შემეხება მე, განვაგრძობ მკურნალობას, ჯანმრთელობის აღდგენას და ვაქცინაციის საშვს ვეუბნები, რომ შეუძლია სხვაგან დაირტყას ბეჭედი, ამიერიდან ვეღარც ერთი ნამსი ვერ მოუახლოვდება ჩემს კანს, ან ამის გაკეთება რამდენიმე ადამიანს მოუწევს, თუკი თოკით დამაბამენსადმე.

ფილიპ ვოარინო
1 იანვარი 2022 წელი

Categories
სტატიები

ნიკიო – 4 მოწინააღმდეგე

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/nikyo-4-adversaires/

რატომ არ სრულდება ნიკიო უკე ჩვენკენ გამოქაჩვით, არამედ პირიქით, უკანა თეძოთი ვაწვებით წინისაკენ.

ნიკიოს ბიომექანიკასთან დაკავშირებული წესები ვერ იქნება მრავლობით შეტევასთან დაკავშირებული წესების საწინააღმდეგო: ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ მოწინააღმდეგესთან ნიკიოს შესრულების ერთადერთი, ფიზიოლოგიურად სწორი ხერხი ამავდროულად საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოდ ვიყოთ ოთხი მეტოქის გარემოცვაში და, აქედან გამომდინარე, მხედველობაში გვქონდეს ოთხივე მიმართულება.

ვიდეოში ნაჩვენებია ეს.

აი, რატომ არ სრულდება ნიკიო უკეს ჩვენკენ გამოქაჩვით, როგორც ზოგადად ფიქრობენ ხოლმე, არამედ პირიქით, წინისაკენ ვაწვებით მას უკანა თეძოთი. ამის გადამოწმება ო-სენსეის ფოტოებზე შეიძლება:

ნიკიოს დროს წინისაკენ ვაწვებით ხელზე, რომელიც Z-ის ფორმაშია ბლოკირებული და ეს წინისაკენ მიწოლა კიდევ უფრო აძლიერებს ამ ჩაკეტილ მკლავზე დადებულ „კლიტეს“. ამით თითქოს მართლა „ესობა მიწაში“ ტორის წინაშე მდგომი უკე.

ეს ფოტოგრაფიული „მოწმობები“ არ გახლავთ „ნიკიოს კეთების ძველებური ყაიდა“, როგორც განმარტავენ ხოლმე მარტივად, როდესაც არ ესმით აქ ო-სენსეის დგომი: ეს ერთადერთი ნამდვილი ხერხია ნიკიოს გადაკეთებლად აიკიდოში.

თავი უნდა შევიკავოთ და ფრჩხილებში არ უნდა ჩავსვათ ის, რაც არ გვესმის ფუძემდებლის სწავლებაში, ან კიდევ უარესი – ამაში შეცდომა დავინახოთ. მას უნდა ვენდოთ, მაშინაც კი, როდესაც მისი სიტყვების საწინააღმდეგო რამ სრულიად ცხადი გვეჩვენება. სირთულე ტრამპლინია შეცნობისაკენ. დაბრკოლება ჩვენი წინსვლისა და აიკიდოს შეცნობის საუკეთესო მოკავშირეა, მთავარია გონება უნდა გახსნა ამისათვის. დაბრკოლება მტერი არ გახლავთ და თუ მივიღებთ მას, ისიც წამოვა „დათმობაზე“ და მომავალში აღარ იქნება ჩვენთვის დაბრკოლება.

ფილიპ ვოარინო
26 დეკემბერი, 2021 წელი

Categories
სტატიები

ნიკიო – არმოქმედება

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/nikyo-ki-no-nagare/

არმოქმედება კი ნო ნაგარესთან ერთად ჩნდება, ანუ მაშინ, როდესაც ტორის მოქმედების დინამიკას ირიმი-ტენკანი მართავს.

სტატიაში „ნიკიო კიჰონი“ ვიხილეთ, რომ კოტაიში – ანუ მაშინ, როდესაც სავარჯიშო სტატიკურად სრულდება – საშიში იყო უკეს შიდა მხარეს შესვლა. ამ სავარჯიშოში მხოლოდ უკეს გარეთა მხარეს შეიძლება ამ ილეთის ისე შესრულება, რომ საპასუხო დარტყმის საფრთხე არ გემუქრებოდეს.

მაგრამ აიკიდო არ გახლავთ სტატიკური ხელოვნება, პირიქით, ის უსასრულო მოძრაობის ხელოვნებაა.

ივამაში ერთ მრავლისმეტყველ სცენას შევესწარი. ერთი გერმანელი მოწაფე უყვებოდა საიტო სენსეის – აიკიდოში ის მხიბლავს, რომ გაჩერებული პოზიციიდანვე შემიძლია მძლავრად გადავიდე ტექნიკის შესრულებაზეო. ის ხელოვნების საუკეთესო მხარედ ამ თავისებურებას მიიჩნევდა. ის თითქოს ღრუბლებიდან ჩამოვარდა, როდესაც საიტო სენსეიმ მყისიერად მიუგო, ვერაფერი გაგიგია ტაკემუსუ აიკიდოშიო.

მართლაც, თუკი მოძრაობა „გაჩერებულია“ სწავლების მეთოდში, ეს ხელოვნურად ხდება და ამას მხოლოდ პედაგოგიური მიზანი აქვს. თუ ეს არ გვესმის, მაშინ არც ის გვესმის, რა გააკეთა საიტო სენსეიმ აიკიდოს მომავალი თაობებისათვის გადაცემის საქმეში და, ყველაფერზე მეტად, არც ის, რომ ო-სენსეის აიკიდო სრულად ეწინააღმდეგება ამ პრაქტიკას: ო-სენსეი არასდროს ჩერდებოდა, ტაკემუსუ აიკიდო მხოლოდ მოძრაობაში არსებობს.

როდესაც ნიკიო თავისი კოტაი ფორმით სრულდება, მკაფიოდ ჩანს, რომ სწორედ ტორი დგება ამა და ამ პოზიციაში, რათა ნიკიოს ტექნიკაზე გადავიდეს, რომ სწორედ თავად ტორი აკეთებს ნიკიოს, რომ სწორედ თავად ტორი მოქმედებს.

ეს კი ვერ იქნება არმოქმედება.

არმოქმედება ჩნდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ტორი აღარ „ინდომებს“ ამა თუ იმ ტექნიკის შესრულებას. არმოქმედება ჩნდება მხოლოდ კი ნო ნაგარესთან ერთად, ანუ მაშინ, როცა ირიმი-ტენკანის მიერ მართული ტორის მოძრაობის დინამიკა ისეთია, რომ თავისთავად „კეთდება“ ნიკიო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რამე გააზრებული ნება-სურვილის შედეგი. ტექნიკა სრულდება, თუმცა ის არ მომდინარეობს ტორისაგან, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ აუცილებელი ვექტორია და არა საწყისი, მისი წარმომშობი.

ამ გაგებით ამბობდა ო-სენსეი ტაკემუსუს ტექნიკებზე, ისინი ღვთიურიაო: მათ არ ქმნის ადამიანი, რომელიც მათ ასრულებს. და სწორედ ამავე გაგებითაა მართალი ის ღრმა, მაგრამ ხშირად არასწორად აღქმული აზრი, რომ აუცილებელია „დაივიწყო ტექნიკები“, როგორც კი მათ შეისწავლი.

არმოქმედება არ ნიშნავს არაფრის კეთებას, პირიქით, ესაა ცისა და დედამიწის სრულყოფილი მოქმედება, მოქმედება, რომელიც ადამიანის საშუალებით, გავლით სრულდება, მაგრამ არაა დაბინძურებული ამ უკანასკნელის ინტერპრეტაციითა და ალალბედი, გაუაზრებელი არჩევნით. ასეთ დროს ხდება გასაგები ო-სენსეის სიტყვების შინაარსი, მე სამყარო ვარ და ვისაც ჩემთან დატოლება მოუნდება, იცოდეს, სინამდვილეში ამით სამყაროს ეტოლებაო.

ეს არ გახლავთ გასხივოსნებული ადამიანის სიტყვები, ეს რეალობის გამოხატულებაა და სწორედ ამ რეალობის წარმოჩენას ცდილობს ქვევით წარმოდგენილი ვიდეოც.

ფილიპ ვოარინო
12 დეკემბერი, 2021 წელი

Categories
სტატიები

ნიკიო – კიჰონი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/nikyo-kihon/

ნიკიო, როდესაც ვარჯიშისას კოტაის ფარგლებში სრულდება, იკიოს საწყისი გადაადგილებისაგან არაფრით განსხვავდება.

ნიკიოს საწყისი გადაადგილება, როდესაც ის ვარჯიშისას კოტაის ფარგლებში სრულდება, იკიოს საწყისი გადაადგილებისაგან არაფრით განსხვავდება. მათი შესადარებლად შეგვიძლია „იკიო კიჰონის“ სტატიას გადავავლოთ თვალი.

ამ ვიდეოში ყურადღება გამახვილებულია იმ საშიშროებაზე, რომელიც (კოტაიში) უკეს შიდა მხარეს შესვლისას წარმოიქმნებოდა. მართლაც, თუ უკე გაჩერებულია, მაშინ ის ორივე ფეხს თანაბრად ეყრდნობა და მის უკანა ფეხს, ისევე როგორც ხელს, დარტყმაც შეუძლია და ტორისაგან წამოსული ევენტუალური შეტევის მოგერიებაც.

ამიტომაცაა, რომ (კოტაიში) მხოლოდ უკეს გარეთა მხარეს შეიძლება გადაადგილება და სხვაგვარად შეუძლებელია. კოტაის გადაადგილება ჯერ კიდევ არ არის აიკიდო, იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ არ იყენებს ირიმი-ტენკანის რესურსს, როგორც ეს „იკიო კი ნო ნაგარეს“ სტატიაში ვიხილეთ, თუმცა ის სრულიად უსაფრთხო და ლოგიკურია საბრძოლო ჭრილში.

სამაგიეროდ, როგორც კი გადაადგილება აამუშავებს კი ნო ნაგარეს (ეკი ტაის სტადიაზე), შიდა მხარეს შესვლა უსაფრთხო ხდება. რადგან ეს შესვლა უკეს მხრიდან ჩავლების მოძრაობის მართლაც ძალიან ზუსტ დროს ხორციელდება, როდესაც მას საყრდენად მხოლოდ უკანა ფეხი აქვს. ეს ფეხი, ისევე როგორც მისი უკანა მუშტი, ამ მომენტში „ფიქსირებული“, მაშასადამე, გამოუსადეგარია.

რატომ უფრო ნიკიო, ვიდრე იკიო?

ის, რაც იცვლება ტექნიკურ ჭრილში იკიოსა და ნიკიოს შორის, მსუბუქი განსხვავების შედეგია უკეს მკლავის პოზიციაში ტორის მიწოლის დროს.

როდესაც უკეს მკლავი გაჭმულია, იკიოს ტექნიკა შესაძლებელი და აუცილებელი ხდება.

როდესაც უკე მიწოლაზე რეაგირებს და ხელის თავისკენ მიაქვს, ტორი მოხრილ მკლავს აწვება. ასეთ დროს იკიო შეუძლებელი ხდება, მაგრამ სამაგიეროდ, ხელის ამგვარი პოზიცია იდეალურია ნიკიოს ტექნიკისათვის.

რადგან იკიო იდაყვის სახრის ბლოკირებაა იმავე იდაყვიდან ოდნავ ზედა წერტილზე დაწოლით: ამისათვის გაჭმული ხელი აუცილებელია.

ნიკიო კი ერთდროულად მაჯისა და საპირსპირო მხარეს გრეხილი იდაყვის ბლოკირებაა: აქ მოხრილი მკლავია აუცილებელი.

ტექნიკა, რომელიც საჭირო ხდება, ამა თუ იმ მომენტის ბიომექანიკური აუცილებლობიდან გამომდინარეობს.

ფილიპ ვოარინო
4 დეკემბერი, 2021

Categories
სტატიები

იკიო – ეკი ტაი

წყარო: https://aikidotakemusu.org/ikkyo-eki-tai/

ირიმი-ტენკანი შემოდის ვარჯიშში ეკი ტაის სტადიაზე, როდესაც მოწაფე უკვე კარგად იცნობს კოტაისა და ჯუტაის ტექნიკურ ფორმებს.

რა არის იკიო ომოტეს სახელით ცნობილი სავარჯიშოს მიზანი, როდესაც ის სრულდება საბაზო ფორმაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სტატიაში იკიო: კიჰონი“?

ამგვარად შესრულებული ამ სავარჯიშოს ფუნდამენტური მიზანია, საშუალება მისცეს მოწაფეს შეიძინოს ტექნიკური ფორმა მოუქანცავად გამეორებული მოძრაობის დახმარებით, რაც, სხვათა შორის, მისი ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებასაც უწყობს ხელს.

პოსტულატი ის გახლავთ, რომ შეუძლებელია ადამიანმა რომელიმე ხელოვნებაში ერთბაშად ისწავლოს ყველაფერი, ამიტომაც სავარჯიშო გამარტივებულია, რათა დამწყებმა დასაწყისში 100%-ით მიუძღვნას თავისი ყურადღება მისთვის შემოთავაზებული ფორმის მხოლოდ ტექნიკურ შესწავლას.

ამ მიზნით მას შესასრულებლად აძლევენ სავარჯიშოს, რომლისგანაც ხელოვნურადაა ამოღებული ირიმი-ტენკანის განზომილება. ასეთ დროს ჩვენს მოწაფეს შეუძლია შეასრულოს იკიო ომოტე ისე, როგორც მას მოეთხოვება, ანუ ტრანსლაციით – პირდაპირი გადატანით, კუთხეების შეუცვლელად – და ამ დროს არ იფიქროს როტაციულ პრინციპზე, რაც აიკიდოს გულის გულს წარმოადგენს. ამგვარად ის მოძრაობების კოორდინირებას სწავლობს, აწვება უკეს იდაყვს და ამისთვის საყრდენად უკანა ფეხს იყენებს. ასე იგებს ძალების გადაცემის პრინციპს, აცნობიერებს თეძოების ამოძრავებას სხეულის ჰიტო ე მით გახსნის დროს და აღმოაჩენს მორფოლოგიას – მაგალითად, იდაყვის გამონაშვერის გამოყენებას იკიოთი იდაყვის გაუძრავებისას, და ა. შ.

ეს ყველაფერი ძალიან საჭიროა ტექნიკური ფორმის შესასწავლად. ამიტომაც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჯერ კიდევ მხოლოდ მზადებაა აიკიდოსთვის და რომ აიკიდო არ არის ტექნიკაში. აიკიდო ამ ტექნიკის მიღმაა და ის მხოლოდ როტაციულ პრინციპთან ერთად ჩნდება. ამ პრინციპს ირიმი-ტენკანი ეწოდება და ის მატერიალიზდება გადაადგილებით, რომელსაც თავის მხრივ ტაი ნო ჰენკა ჰქვია.

ირიმი-ტენკანი ვარჯიშში ეკი ტაის სტადიაზე შემოდის, ესე იგი მაშინ, როდესაც მოწაფე უკვე კარგად ფლობს ტექნიკურ ფორმებს, რომლებიც კოტაისა და ჯუტაის სტადიების დროს აითვისა. ამ დროს მას შეუძლია ეს ფორმები როტაციულ გადაადგილებას – ტაი ნო ჰენკას – შეურწყას, რაც აიკიდოს სიცოცხლესა და შინაარსს სძენს.

ამიტომაც კი ნო ნაგარე საშუალებაა, რითაც ტორი კი აღარ „პასუხობს“ უკეს შეტევას, არამედ პირიქით, აიძულებს მას, ცენტრისკენული თუ ცენტრიდანული ძალა შეიგრძნოს. ამ ძალას წარმოქმნის მოძრაობა, რომლის წყაროც ამიერიდან თავად ტორი წარმოადგენს.

ამიერიდან კოტაისა და ჯუტაის სტადიებზე მარტივი ტრანსლაციით შესრულებული მოძრაობას თავისი სახელი ერქმევა: სწავლიდან გარდამავალი ფაზა.

როგორც კი ეს ფაზა გავლილია, როტაციის ენერგია ისრუტავს უკეს და ის იკიოს გაუძრავებამდე მიჰყავს, როგორც წყალი გაიტყორცნება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გემის ვინტისაგან. აქ უკვე შეგვიძლია აიკიდოზე ლაპარაკი, ტექნიკას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი: ის კონფლიქტური სიტუაციის ტრანსფორმაციის პროცესის აუცილებელი, თუმცა კი მეორადი ელემენტია.

არ შეიძლება სათანადოდ არ შევაფასოთ სწავლების ყველაზე დიდი ნაწილის წმინდად პედაგოგიური განზომილება, რომელიც დღეს აიკიდოს სახელით გადაიცემა და რომელიც, სინამდვილეში, ჯერ კიდევ არ არის აიკიდო. სწავლების მეთოდი ლეგიტიმურია, მაგრამ ასევე ლეგიტიმურია, რომ ის არ მივიჩნიოთ იმად, რასაც ის არ წარმოადგენს. ამ ყველაფრის გარეშე აიკიდო დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის შექმნილ მეთოდოლგიამდე დაიყვანება.

ფილიპ ვოარინო
1 ნოემბერი,. 2021

Categories
სტატიები

იკიო – კი ნო ნაგარე

წყარო: https://aikidotakemusu.org/ikkyo-ki-no-nagare/

ტორი აკონტროლებს უკეს მოძრაობაში, რომელსაც თავად წარმოქმნის მხოლოდ ნაგარეს გამოყენების წყალობით. კის დინება განაპირობებს ბრძოლის დასასრულსა და შედეგს.

წინა სტატიაში ვიხილეთ კიჰონი, იკიოს საბაზო ფორმა.

ამ კიჰონზე შეგვიძლია ვიმუშაოთ სტატიკურად, ვიმოძრაოთ მხოლოდ მაშინ, რაც უკე ჩაკეტავს თავის ჩაჭიდებას, აქ დროში შეზღუდულები არა ვართ და ვარჯიშის ამ მეთოდს იაპონურად კოტაი ეწოდება.

ეს იგივე კიჰონი შეგვიძლია დავამუშაოთ დინამიური ხერხითაც, ავმოძრავდეთ მაშინვე, როგორც კი უკე ჩაგვავლებს მაჯაში. ვარჯიშის ამ მეთოდს ჯუტაი ეწოდება.

ტორის გადაადგილება ჯუტაიში არ განსხვავდება კოტაიში განხორციელებული გადაადგილებისაგან, ყველა კუთხე, ყველა ნაბიჯი შენარჩუნებულია, განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ ტორის დინამიკის ჰარმონიზაციაში უკეს შეტევასთან, მოძრაობა იდენტური რჩება ყველა პუნქტში, სხვათა შორის.

მაშასადამე, ჯუტაი ერთგვარად კოტაის „მოქნილი“ ფორმაა, რომლითაც ტორი თავისი მოძრაობის ჰარმონიზებას ცდილობს უკეს მოძრაობასთან და ამიტომაც ამჯერად დროში შეზღუდვას ანგარიშს უწევს.

ჯუტაიში ტორი ცდილობს თავისი მოძრაობა უკეს მოძრაობას  მიუსადაგოს, ის მართავს შეტევას შესაბამისი ხერხით, მაგრამ მისი მოძრაობა ჯერ კიდევ მხოლოდ რეაქციაა, პასუხია ამ შეტევაზე და ინიციატივა მოქმედებაზე უკესა აქვს.

ამიტომაც ჯუტაი ჯერ კიდევ მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო ფორმაა, თუ აიკიდო უნდა გაჩერებულიყო აქ, გამარჯვება მუდამ საეჭვო გახდებოდა, რადგან უკე გამოუცნობი და სწრაფია და ტორის დრო სჭირდება რეაგირებისთვის. მსოფლიოში საუკეთესო ტექნიკა ვერაფერში გამოდგებოდა, თუკი ვერ მოვასრებდით მის გამოყენებას, მის ჩართვას საქმეში.

სტადიაზე, რომელიც მოჰყვება ჯუტაის და რომელსაც ეკი ტაი ეწოდება, პირიქით, ტორი იღებს მოქმედების ინიციატივას. ის არ იღებს ამ ინიციატივას შეტევის დასაწყებად, არამედ იმიტომ, რომ ქმნის სიტუაციას, ერთდროულად სხეულითა და გონებით, რომელშიც უკე თავისი ნებით ეშვება, რადგან მას თითქოს ისრუტავენ. ახლა ტორის უკვე აქვს თავისი მოქმედებისათვის საჭირო დრო, რომელიც უკვე აღარ გახლავთ რეაქცია.

საშუალება, რომელიც ორ მოწინააღმდეგეს აყენებს ამგვარ სიტუაციაში, იაპონურად კი ნო ნაგარე ეწოდება. ტორი აკონტროლებს უკეს მოძრაობაში, რომელსაც თავად ქმნის ნაგარეს სწორი გამოყენებით. კის ნაკადი არის ის, რაც ბრძოლის დასასრულს და შედეგს განსაზღვრავს. ვიდეოში ნაჩვენები სავარჯიშო ამგვარ მოქმედებას განასახიერებს.

ამიტომაც ყურადღება უნდა მოვაქციოთ ამას და ერთმანეთში არ ავურიოთ ჯუტაი და კი ნო ნაგარე. კი ნო ნაგარე ჯერ კიდევ არ გვაქვს ჯუტაის სტადიაზე, ის მხოლოდ ეკი ტაის სტადიაზე ჩნდება.

ერთ ფუნდამენტურ რამესაც მივაქციოთ ყურადღება: იკიოს კოტაისა და ჯუტაის პრაქტიკისას გამოყენებული კუთხეები არ გვაძლევს საშუალებას ოთხი მხრიდან ერთდროულად მომავალი შეტევების გასამკლავებლად, მხოლოდ იკიოს ეკი ტაის პრაქტიკა აძლევს საშუალებას ტორის გავიდეს შეტევათა წრიდან ტაი ნო ჰენკას მოძრაობით, თანაც ისე, რომ ამავე მოქმედებით ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იმ სახიფათო ადგილას დააყენოს, სადაც წამით ადრე თავად იდგა.

ფილიპ ვოარინო
24 ოქტომბერი  2021