შუბის ცალი დაბოლოებით ყელს ვჭრით ერთ მოწინააღმდეგეს, რომელიც ჩვენგან მაცხენა ხელის მხარეს დგას და – ამავდროულად – მეორე ბოლოთი მუხლის უკანა მყესებს ვუჭრით მეორე მეტოქეს, რომელიც ჩვენი მარჯვენა ხელის მხარესაა, ან ეს ყველაფერი საპირპირო მიმართულებებით ხდება.
ეს ვიდეო წინა სტატიის ტექნიკური გაგრძელება გახლავთ.
დაბეჯითებით გავამახვილებ თქვენს ყურადღებას იმაზე, ამ ბრუნვითი მოძრაობის შესრულება საჭიროა იმ ამბის გააზრებით, რომ იარაღის ორივე დაბოლოება ერთდროულად ხვდებათ მოწინააღმდეგეებს.
აიკი-ჯო მართლაც არ ისახავს მიზნად ჯოს ესთეტიკურად ან სპორტულად ქნევას ტანმოვარჯიშეთა დარად. თუმცა ო-სენსეის გარდაცვალების შემდეგ აიკიდოს ჯო თანდათანობით დაუახლოვდა ამ დისციპლინას, მთავარი ინტერესი მოძრაობების ვიზუალურ მხარეს გადავიდა და მათი საბრძოლო განზომილება მივიწყებულ იქნა. არადა იაპონიაში არაფერი ითვლება ესთეტიკურად, რასაც უწინარეს ყოვლისა პრაქტიკული რეალურობა არა აქვს, ყველაზე ლამაზი ფინჯნები უპირველესად ჩაის დასალევად გამოიყენება და ამიტომაც ჯოხი, რომელიც ჰაერში ელეგანტურად ქნევით შემოიფარგლება, უსარგებლო ცნობისმოყვარეობის საგანს წარმოადგენს.
იმას, რასაც გვთავაზობს და რისი გაკეთების საშუალებასაც გვაძლევს ვიდეოში ნაჩვენები სუბური, სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მოცეკვავე გოგონების გუნდის ხელოვნებასთან. შუბის ცალი დაბოლოებით ყელს ვჭრით ერთ მოწინააღმდეგეს, რომელიც ჩვენგან მარცხენა ხელის მხარეს დგას და ამავდროულად მეორეთი მუხლის უკანა მყესებს ვუჭრით მეორე მეტოქეს, რომელიც ჩვენგან მარცხენა ხელის მხარესაა, ან ეს ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით ხდება. ო-სენსეის ხელოვნებაში ცა და მიწა ერთად ურტყამენ, ერთმანეთს ავსებენ, მათ ეს შეუძლიათ, იმიტომ რომ მათ ერთი და იგივე ბრუნვა აერთიანებს ერთსა და იმავე სპირალში.
ამაში ვარჯიშია საჭირო, ამის კეთების დროს კი სავარჯიშოში ეს სულისკვეთება უნდა ჩავდოთ, თუკი გვინდა აქედან რამე სარგებელი ვნახოთ, უნდა მოვსინჯოთ ამგვარი დარტყმა ტომრებზე, აუცილებელია ტანრენიც.
მოკლე შუბის იდეალური სიგრძე, მისი სისქე და ორი მახვილი ბოლოებში ამ ორმაგი დარტყმის საშუალებას გვაძლევს. ეს ტექნიკა თავისი პრინციპით მიამოტო მუსაშის მიერ გამოყენებული ორი ხმლის ბრუნვას ენათესავება.
ესთეტიკის ძიება თვითმიზანი არ უნდა გახდეს, ის მხოლოდ ბუნებრივი და აუცილებელი მოძრაობისგან იშვება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ესა თუ ის მოძრაობა ზუსტია, სწორია, არც გადაჭარბებულია და არც ნაკლულია. საბრძოლო სფეროში ყოველგვარი ზედმეტობა სიკვდილის მისჯის ტოლფასია.
აიკიდოში გამოყენებული ჯო თავიდან შუბი გახლდათ. ამ შუბს ორივე ბოლოზე მჭრელი პირი და წვეტი ჰქონდა, რომელიც ო-სენსეიმ მოაცილა და, ამასთან, სიგრძეშიც დაამოკლა.
მიზეზები, რომელთა გამოც შეიტანა მან ეს ცვლილებები, კავშირშია თავად აიკიდოს შექმნასთან და აქ და ახლა არ წამოვწევთ ამ ფართო საკითხს განსახილველად.
ჩვენთვის საინტერესო ტექნიკური კუთხით კი იმის თქმა ვიკმაროთ, რომ „ჯოხის“ ხმარებას აიკიდოში არაფერი აქვს საერთო ნამდვილი ჯოხის ხმარებასთან შინტო მუსო რიუს სკოლის მიხედვით, სკოლისა, რომელიც მუსო გონოსუკემ დააარსა მე-17 საუკუნეში. ამ სკოლაში ჯოხი მართლაც ჯოხივით გამოიყენება.
აიკიდოში ჯოხი გამოიყენება შუბივით, რომელსაც ორივე ბოლოში მჭრელი წვეტები აქვს. ამგვარად, ყოველ ჯერზე, როდესაც ერთი დაბოლოება ურტყამს ან ჭრის, მეორე ბოლო არ რჩება უქმად, ისიც ჭრის და ცელავს მოწინააღმდეგეს ამავდროულად.
იარაღის ეს განსაკუთრებული თვისება მნიშვნელოვანია. მართლაც, ეს თვისება კომბინაციაში სხეულის ბრუნვით გადაადგილებასთან, რაც თეძოების ირიმი-ტენკანის პრინციპის გამოყენების შედეგია, საშუალებას გვაძლებს, ერთდროულად ორი მოწინააღმდეგე ჩამოვიშოროთ მხოლოდ ერთი მოძრაობით.
ჰაპო გირი ჭრის რვა მიმართულებით, მე არა, თუმცა ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი, რასაკვირველია, უნდა მივიდეს თავის ადგილას იმისათვის, რომ ჭრა იყოს ზუსტი.
რაზე ფიქრობს ბზრიალა, რომელიც ტრიალებს?
ხანდახან ასეთ შეკითხვას სვამენ ხოლმე: „სად უნდა იყოს გონება მოქმედების დროს?“.
ერთადერთი პასუხი, რომელიც საშუალებს მოგვცემს, რაიმე პრეტენზია გვქონდეს მოძრაობის თავისუფლებაზე, შემდეგია: „არსად“.
მართლაც, ყოველთვის, როცა გონება ჩნდება სადმე, ის გადანაკეცივით ხდება სარწყავ შლაგზე, რომელიც წყლის თავისუფლად გადინებას უშლის ხელს. თუკი ვფიქრობ იმაზე, რასაც ვაკეთებ, ეს ხელს მიშლის შესაფერისი თავისუფლებით მოძრაობაში, ეს ასევე დაბრკოლებად იქცევა ენერგიის ნაკადისათვის, რომელიც ჩემში გადის და იმდენადვე არ მეკუთვნის მე, რამდენადაც წყალი არ ეკუთვნის იმ შლანგს, რომელიც ის გადის.
სწორედ ესაა ვუ ვეი, არ-ქმედება. მოქმედების დროს ფიქრით თავს ვიტყუებ და საკუთარ თავს ხელს ვუშლი ნამდვილი მოძრაობის განხორციელებაში ჩემივე სხეულის გავლით. აიკიდო არ გალავთ რამე კონსტრუქცია, რამის რამეზე მორგება ან დაზუსტება, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს მისი მოძრაობები, კიდევ უფრო ნაკლებადაა სანახაობა, რაც არ უნდა ბრწყინვალე და მომხიბვლელი იყოს ის, აიკიდო სპონტანური პასუხია, შესაბამისობაა რეალობასთან, რომელიც გაუფრთხილებლად წარმოიქმნება.
როცა ადამიანს არ ესმის, რომ ყოველი ქმნილება ურთიერთსაპირისპირო ელემენტების მყიფე წონასწორობის ნაყოფია, რთული მისაღები ხდება ის ამბავი, რომ ამ სახის სპონტანურობა არ გახლავთ მყისიერი, მას საკუთარ თავზე მუშაობა და მეცადინეობა უძღვის წინ. ჰარმონიული მოქმედებისათვის წინასწარ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის შეცნობა: დელფოსის ტაძრის gnothi seauton (შეიცან თავი შენი) გადმოსული მადლის შედეგი სულაც არ არის.
შეიცან თავი შენი, ვინონა ადამონი
ჰაპო გირი ჭრის რვა მიმართულებით და არა მე, თუმცა ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი, რა თქმა უნდა, თავის ადგილას უნდა მივიდეს იმისათვის, რომ ჭრა ზუსტი იყოს. და ეს ნაწილები თავის ადგილას მხოლოდ და მხოლოდ ტრიალის იდეას მიჰყავს, ზუსტად ისევე, როგორც მხოლოდ ყვავილის იდეის წაღება შეუძლია საიქიოში ადამიანს.
ირიმი ნაგეს საბრძოლო შესრულება არ მდგომარეობს უკეს საყელოს ჩავლებაში, ჩვენ მის თავს ვიჭერთ და მის კეფაზე მძლავრ ბრუნვით მოძრაობას ვასრულებთ.
კარგად გავუგოთ ერთმანეთს: ირიმი ნაგეს საბრძოლო შესრულება არ მდგომარეობს უკეს საყელოს ჩავლებაში, ჩვენ მის თავს ვიჭერთ და მის კეფაზე მძლავრ ბრუნვით მოძრაობას ვასრულებთ, მაგრამ ეს მეტისმეტად სახიფათო მოძრაობაა საიმისოდ, რომ ის ვარჯიშის დროს შევასრულოთ.
აქ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ირიმი ნაგეს საბრძოლო მიზანი არ გახლავთ გდება, მიზანია მოწინააღმდეგის გამოყვანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც მას ჩვენთვის ზიანის მოყენება შეუძლია, გდება კი სრულიად მეორადი ხარისხის მოვლენაა.
ვარჯიშის დროს კი პირიქით, მიზანია განავითარო სხეულის მძლავრი მოძრაობა, რომელიც პარტნიორის ვარდნას გამოიწვევს. ამ მოძრაობის მისაღებად უკეს საყელოში უნდა ჩაავლოთ ხელი. საყელოში ხელის ჩავლება საშუალებაა ტორისათვის, უკე თავის მუცელთან (ჰარასთან) დააკავშიროს, მიაბას მას, და შეამსუბუქოს უკე, რათა მისთვის წონასწორობის დაკარგვინება და შემდგომ მისი გარდაუვალი გდება გაიიოლოს.
ამგვარი მოქმედება ბევრ სხვა რამესთან ერთად საშუალებას გვაძლევს, უსაფრთხოდ ვიმუშაოთ და ამასთან არც უკე დაშავდეს. რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის, რასაც სიმარტივისთვის უკეს ვარდნას ვუძახით ირიმი ნაგეს დროს, სინამდვილეში რბილი გდებაა. ვარჯიშისას ყოველგვარი ვარდნა რბილია, ტორი საშუალებას უტოვებს უკეს, შეინარჩუნოს თავისი ფიზიკური მთლიანობა სხლტომის ტექნიკით, რაც გდების ამორტიზებაში მდგომარეობს. და პირუკუ, როდესაც ტექნიკა სრულდება საბრძოლო სახით, რბილი ვარდნის საშუალებით გაქცევის შესაძლებლობა არ არსებობს.
არსებობს ჯოს ერთი მოძრაობა, რომელიც ირიმი ნაგესთვის დამახასიათებელ ამ ორმაგ ბრუნვას იყენებს. ესაა ჯოს მე-13 სუბური: კატატე ჰაჩი ნო ჯი გაეში.
ირიმი ნაგეს მოძრაობა თეძოების წინ და უკან ტრიალით სრულდება. ამ დროს თეძოები თავიდან ერთ მხარეს ბრუნავს, მერე კი საპირისპირო, რასაც აიკიდოში ორმაგი ირიმი-ტენკანი შეიძლება ეწოდოს.
ეს წინ და უკან ბრუნვა ბევრი რამის საშუალებას გვაძლევს:
‘შევისრუტოთ’ მოწინააღმდეგის ენერგია და სასურველი მიმართულებით წარვმართოთ ის,
წონასწორობა დავაკარგინოთ მოწინააღმდეგეს და ამით შესაძლებელი გავხადოთ მისი გდება,
შევცვალოთ ტორის მდებარეობა სივრცეში, რათა დატოვოს მრავლობითი შეტევის თავმოყრის წერტილი და თან ადგილიდან დაძრას უკე დანარჩენი მოწინააღმდეგეებისკენ მის მოსასროლად.
ამის განსახორციელებლად 180°-იანი ბრუნვა საწყის დგომთან მიმართებაში აუცილებელია.
შეტრიალებას იმაზე მეტად, რაც მკარცადაა აუცილებელი ამ მოქმედებების შესასრულებლად, ანუ 180°-ზე მეტად, საშიში შედეგები მოჰყვება:
რისკია, დავკარგოთ კონტროლი უკეზე, თუკი უმიზეზოდ შევბრუნდებით 180°-ზე მეტად (სპირალი არ გახლავთ მანეჟი),
180°-იანი შემოტრიალება საშუალებას გვაძლევს სახით აღმოვჩნდეთ დანარჩენ თავდამსხმელებთან და ამასთან უკე მათ მხარეს მოვისროლოთ, 360°-იანი შეტრიალება კი იმით დასრულდება, რომ ზურგით აღმოვჩნდებით დანარჩენ თავდამსხმელებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ტორი ვერ იქნება ყურადღებით ოთხივე მიმართულებით, ეს კი სრული უაზრობაა საბრძოლო თვალსაზრისით.
მოძრაობა, რომელიც გარკვეული კუთხით ლამაზად შეიძლება გამოიყურებოდეს, მაგრამ რომელსაც საბრძოლო ჭეშმარიტება არა აქვს, სინამდვილეში არც არის ლამაზი მოძრაობა. ნებისმიერი რამის სილამაზე მისივე რეალურობიდან გამომდინარეობს. ვინმეს შეიძლება ლამაზი მოეჩვენოს ჩაის ფინჯანი, მაგრამ თუკი მასში სითხის ჩასხმა შეუძლებელია, თუ მას, მაგალითად, არა აქვს ძირი, მაშინ ის ვეღაც იქნება ჩაის ფინჯანი და, აქედან გამომდინარე, ის ვერც ლამაზი ფინჯანი იქნება. ზოგადად, თუკი ესთეტიკას ესთეტიკისათვის დავუწყებთ ძიებას, აქედან გამოსავალს ვერ ვიპოვით. არსებობს ჯოს ერთი მოძრაობა, რომელიც ირიმი ნაგესთვის დამახასიათებელ ამ ორმაგი ტრიალის მოძრაობას იყენებს, ესაა ჯოს მე-13 სუბური: კატატე ჰაჩი ნო ჯი გაეში. ამ მოძრაობის კეთება ვარჯიშის დროს ჩინებული საშუალებაა ირიმი ნაგეს სასწავლად, აქ სხეული იმავე სამუშაო ფორმას იმეორებს.
თუ არ არსებობს წრფივად შესრულებული პედაგოგიური სავარჯიშოს ფორმისაგან მიღებული მკაფიო ხედვა, მისი აღდგენისა და ოთხი მიმართულებით შესრულებისას შეცდომები გარდაუვალია.
პედაგოგიურ ვერსიაში კუმიტაჩი n°4 „one to one“, სწორ ხაზზე სრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედებებს იარაღით ერთსა და იმავე მოწინააღმდეგესთან მიყოლებით ვასრულებთ.
ოთხი მოქმედებაა იარაღით:
ცკი (მიგი),
უჩის ხმლის გადაგდება მარცხნივ,
ცკი (ჰიდარი),
მენუჩი (მიგი).
საიტო სენსეი განმარტავდა, რომ ამ კუმიტაჩის დასაწყისში უკნისკენ გაცურებული პირველი ნაბიჯი აუცილებელია, თორემ მანძილი იმდენად პატარაა (უჩი მა), რომ პირველივე ცკი აუცილებლად განმსჭვალავდა უჩიტაჩის და ამგვარად მეორე თვლას აშკარად შეუძლებელს გახდიდა.
ეს ორივე მხრიდან უკან გადადგმული ნაბიჯი მოძრაობის დასაწყისში აუცილებელი მოქმედებაა სავარჯიშოს გასახანგრლივებლად პირველი მოძრაობის შემდეგ. ამასთან პარტნიორებს შორის უფრო დიდ მანძილსაც ქმნის (შიკა მა).
მაგრამ თუკი, ჩვეულებრივ, უჩი ტაჩი პირველივე თვლის შემდეგ ეთიშება ბრძოლას, მაშინ რაღა აზრი აქვს მისი ხმლის გვერდზე გადაგდებას მეორე მოძრაობის დროს?
შეუძლებელია მე-2 თვლის დროს ხმლის ამ გვერდზე გადაგდების აზრის გაგება, თუკი არ გვესმის, რომ კუმიტაჩი n°4-ის ოთხივე მოქმედება ერთი და იმავე პარტნიორისკენ მიმართული მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო საჭიროების გამოა და რომ ეს ოთხი მოქმედება სინამდვილეში ოთხი სხვადასხვა მოწინააღმდეგის მიმართ შესრულებული მოქმედებებია.
მოძრაობის სწორედ ეს რალობაა ახსნილი ვიდეოში.მაშინ გავიგებთ, რომ მეორე მოძრაობა, რომელიც ხმლის გვერდზე გადაგდებას ჰგავს, როდესაც ის ერთი მოწინააღმდეგის მიმართ და მის ხმალზე სრულდება – რაკი სხვა გზა არ არის – სინამდვილეში მოკლე დარტყმაა მეორე თავდამსხმელის მკლავზე. მიზანი სულაც არ გახლავთ მოწინააღმდეგის ხმლის გვერდზე გადაგდება, მიზანი მისი ხელის მოჭრაა: აიკიდოს ხმალი „ოტონაში ნო კენ“ გახლავთ, უხმო ხმალი, რომელიც მოწინააღმდეგის იარაღს არ ეხება.
თუ არ არსებობს წრფივად შესრულებული პედაგოგიური სავარჯიშოს მიერ მიღებული ფორმის მკაფიო ხედვა, როდესაც მას ოთხი მიმართულებით აღვადგენთ, ინტერპრეტაციული შეცდომები და დეფორმაციები გარდაუვალია. ბრძოლაში ამგვარი შეცდომები სიკვდილით ისჯებოდა, დღეისთვის კი ისინი სასწავლო პროგრამების ნაწილს ისე შეადგენს, რომ არავის ეს არ ადარდებს. მგონი, მივხვდი, რასაც უწოდებენ „თანამედროვე“ აიკიდოს განვითარებას.
როდესაც რეალურ მუშაობაზე გადავდივართ, ჰიტო ე მის გახსნა უნდა იყოს მყისიერი, ყოველგვარი მოსამზადებელი ფაზის გარეშე.
ამ სავარჯიშოს სასწავლო ფორმაში პირველ თვლაზე ტორი ისე გადაადგილდება, რომ უკეს მიმართ პერპენდიკულარულად აღმოჩნდება – დგომში, რომელსაც არასწორად უძახიან ჰიტო ე მის „პოზიციას“ – და მზადაა მოძრაობის მეორე ნაწილზე გადასასვლელად, რომელსაც უკეს ხელის გარშემო შიჰო ნაგეს ცნობილი ბრუნვა წარმოადგენს.
მართალია, რომ ჰიტო ე მის გახსნა უმნიშვნელოვანესია შიჰო ნაგეს ბრუნვის დაწყებისათვის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ პედაგოგიური შესრულება, რომელიც მოითხოვს ტორისაგან, მოამზადეოს მოძრაობა 90°-იანი დგომიდან, იმ თვლაზე, რომელიც წინ უსწრებს საკუთრივ ბრუნვას, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუკი ნებისმიერი სხვა, დამატებითი თავდამსხმელის არსებობას სრულად გამოვრიცხავთ. და ეს წესი მოქმედებს როგორც რიო კატა დორის დროს, ისე რიოტე დორისა თუ კატატე დორის შემთხვევაში.
მართლაც, თუკი ამგვარად შესრულებული სავარჯიშო უსაფრთხოა მოწინააღმდეგის მიმართ, რომელიც მხრებში გვავლებს, ის თვითმკვლელობა იქნებოდა რამდენიმე მოწინააღმდეგის შემთხვევაში, რადგან ტორის სხეულს ღიად და დაუცველად ტოვებს თავდამსხმელებისათვის, რომლებიც გვერდებიდან გვიტევენ.
იოლი გასაგებია, რომ კონფლიქტის დროს ეფექტურობის მისაღწევად ბრუნვა ყოველთვის მყისიერი უნდა იყოს და ვერაფრით ვერ იარსებებს თვლა, რომელიც წინ გაუსწრებს ბრუნვას. თვლა 90°-ზე, რომელსაც მეთოდში ვხვდებით ბრუნვის დაწყების წინ, სრულიად ხელოვნურია, ის სასწავლო მიზნით არსებობს, რათა მოწაფემ ბევრჯერ გაიმეოროს, რათა მას საშუალება მიეცეს, გაუშინაურდეს ჰიტო ე მის გახსნის პრინციპს გამარტივებულ კონტექსტში და ამგვარად, სწრაფად ჩასწვდეს მას.
როდესაც შემდეგ სასწავლო სამუშაოდან რეალურ მუშაობაზე გადავდივართ, ეს პედაგოგიური ხერხი უნდა გაქრეს და ჰიტო ე მის გახსნა მყისიერად უნდა განხორციელდეს, ყოველგვარი მოსამზადებელი ფაზების გარეშე, რადგან სწორედ მისი წყალობით ხდება შესაძლებელი ერთდროულად ბრუნვა და უკეს ხელის ქვეშ გავლა.
აქ ნაჩვენები სავარჯიშო მხოლოდ ასე შეიძლება იყოს შედეგიანი და ამასთან უზრუნველყოს ტორის უსაფრთხოება ოთხივე მხრიდან წამოსწული შეტევებისაგან.
ძალა თუ სისუსტე უმნიშვნელოა, თუკი უნაკლო სიმამაცე გექნებათ, აღარ დაგჭირდებათ თქვენი თავისთვის ამ შეკითხვის დასმა.
თუ განივითარებთ სიმამაცეს, ამით ხელს შეუწყობთ ყოველგვარ სიახლეს. სიმამაცის გარეშე ყველაზე დიდი ექსპერტიც კი ვერაფერს გამოიგონებს. ვარჯიში იმისთვისაა ჩაფიქრებული, რომ ტექნიკური უნარები განვივითაროთ, თუმცა მან საშუალება უნდა მოგვცეს, სხვა თვისებებიც განვივითაროთ, როგორიცაა, ჩვენივე ემოცების მართვა თუ საკუთარი თავის კონტროლი.
ჩვენ ვვითარდებით ვარჯიშზე, გარემოში, რომელსაც გარკვეული სირთულეები აკლია და სწორედ ამიტომაც ხდება ხოლმე, რომ ჩემპიონებს შეიძლება სხვებმა სძლიონ ისეთ სიტუაციაში, რომელიც არ შეესაბამება მის სავარჯიშო ჩვევებს. ამიტომაც ჩვენ, როგორც მოვარჯიშეებს, გვაქვს ხოლმე შეკითხვები და ეჭვები ჩვენივე რეალურ შესაძლებლობებზე.
რეგულარული ვარჯიშის დროსაც გულის სიღრმეში ვიცით, ვაღიარებთ თუ ჩვენ ამას, რომ სავსებით შესაძლებელია, ვერ გამოვიყენოთ რეალობაში ის, რასაც ვარჯიშის დროს ვაკეთებთ. მარცხი პროგრესის საწინდარია ვარჯიშის დროს, მაგრამ ამავდროულად სისუსტის ნიშანია, რომელიც ჩვენს შიშებს კვებავს (სხვის აღმატებულობის შეგრძნებას ჩვენზე, სხვის მზერას), დამარცხების შიში მნიშვნელოვანი და რთულად დასაძლევი დაბრკოლებაა. სიმამაცე წინათ ლეგენდარული გმირების ნიშან-თვისება გალხდათ, თუ ის ბუნებით არ მოსდგამდათ, მაშინ ამის შეძენა დროითა და ნებისყოფით ხერხდებოდა.
სიმამაცე ხასიათის ძლიერებაა, რომელიც ჩვენს ყოვედღიურ ყოფაში გამოიხატება ჩვენი შესაძლებლობების ამუშავებაში ყოველდღიური ამოცანების გადალახვისას მათთვის გვერდის აუვლელად, წინსვლის გასაგრძელებლად, გამოიხატება ჩვენივე შეცდომის მიღებაში, მარცხის მიღებაში პროგრესის მისაღწევად.
ირიმის პრინციპი აიკიდოში გვავალდებულებს, გამოვიჩინოთ სიმამაცე და შევიდეთ პარტნიორის შეტევაში, ჩვენივე სურვილის საპირისპიროდ ვიმოქმედოთ და დავძლიოთ ემოციები სხვის შეტევაში შესასვლელად.
მასწავლებელი მეგზურია, უამრავი რამაა, რასაც ის ჩვენ მაგივრად ვერ გააკეთებს, სიმამაცის გარეშე ტექნიკა ილუზიაა და სხვა არაფერი. სიმამაცის გარეშე შეუძლებელია ნამდვილი ტექნიკის შექმნა.
ეს ტექნიკა ათი მიმართულებიდან (ჯიპო) მომდინარეობს, რომლებიც ინისა და იანის კავშირის არსს წარმოადგენს. ამ კავშირის გარეშე ვერაფერი ვერ შეიქმნება. მათ შორის კავშირის არსს თავად უნდა ჩასწვდეთ.
აიკი მართლა ძნელი ასახსნელია სიტყვებით, მის შესაქმნელად ის უნდა შეიგრძნო.
“არ უნდა იყო დამოკიდებული ასოებსა და სიტყვებზე, წარმართე ის პირდაპირ ადამიანის სულისკენ.“ – სენგაი
ვფიქრობ, რომ აიკი მართლა ძნელი ასახსნელია სიტყვებით, მის შესაქმნელად ის უნდა შეიგრძნო. უნდა გამოიყენო სხეული, მამოძრავებელი სისტემა, ოღონდ არა ტვინის ინტელექტუალური ნაწილი.
ეს ნაწილობრივ განმარტავს, თუ რატომ ლაპარაკობდა ო-სენსეი ასე პოეტურად თავის ხელოვნებაზე, მას სურდა თავისი მოწაფეების ტვინის არა-ინტელექტუალურ ნაწილს მისწვდომოდა და ამისთვის კოანებს იყენებდა.
კოანი არის გამოცანა, ენიგმა, რომელსაც მასწავლებელი ეუბნება მოწაფეს, პარადოქსული ფრაზა, რომლის მიზანიცაა მას, მოწაფეს, ლოგიკის საზღვრები შეამეცნოს, მისცეს წინსვლის საშუალება გონების სიფხიზლის გზაზე და თან ისე, რომ ეს უკანასკნელი ინტელექტუალური განხილვებისა და მსჯელობების გარეთ გაიყვანოს, რათა მოწაფე რეალობის სხვაგვარი აღქმისთვის გაიხსნას.
1936 წლის ‘ციჰაის’ ჩინური ენციკლპედიური ლექსიკონის მიხედვით, კოანი მედიტაციის საგანია, რომელსაც შეუძლია მოახდინოს სატორი ან საშუალება მოგვცეს, გავარჩიოთ ერთმანეთისაგან გონების სიფხიზლე და გზააბნეულობა. რაკიღა ფუძემდებელი ამ პარადოქსულ განმარტებებს ხმარობდა და რაკიღა მისი ახალგაზრდა მოწაფეები მზად არ იყვნენ მასწავლებლის ამ სიტყვების მისაღებად, მათ აბსოლუტურად არაფერი არ ესმოდათ ო-სენსეის სიტყვებიდან.
გიჟია ეს ჩვენი მოხუცი მასწავლებელი, ცოტათი გიჟი და არაფერი არ გვესმის, რისი თქმა უნდა ჩვენთვის ან რას გველაპარაკებაო.
პიერ ვარკოლიე: აიკიდო, მისი შემქმნელის, ოსტატი მორიჰეი უეშიბას ილეთებისა და სულიერი გამოცდილების სულისკვეთება. – გამომცემელი გი ტრედანიელი, გვერდი 161.
პრაქტიკისათვის, ვფიქრობ, რომ აიკი ნიშნავს სრულად კონექტირებულ სხეულს და განზრახვის გამოხატვის უნარს ჰარადან. ეს ნიშნავს ერთდროულად, რომ უნდა შეიგრძნო და სცადო შეეხო მას თქვენი სხეულის საშუალებით, ეს ნიშნავს გარკვეულწილად, შეგეძლოს დარჩე უძრავად, იმიტომ რომ თქვენ თქვენივე ჰარას შიგნით განიწყვეტლივ გადაადგილდებით.
უნდა განიცადოთ აიკი ყველაფერში, რასაც აკეთებთ, ეს არ არის რაღაც, რისი მიღწევაც მხოლოდ ტატამიზე შეგიძლიათ. მეორე მხრივ, ვივარჯიშოთ ბეჯითად, ინტენსიურად და ჭკვიანურად.
ა) ტაი ნო ჰენკო (ან ჰენკა) აიკის 80%-ია.
ბ) ტექნიკის მოუქანცავად გამეორება კოტაის ფორმით და გონებით, რომელიც სრულადაა ჩართული მოძრაობისა და სუნთქვის მართვაში.
გ) როდესაც ფორმა სწორია, იმეორეთ მოძრაობები კოტაის გაქრობით, აკეთეთ მოქნილი ტექნიკა ცენტრისა და მუცლით სუნთქვის შერწყმით. ესაა ავასეს მუშაობა, სიცარიელის (მუ) ძიება, ეფექტურობა სწორედ სიცარიელეში მდგომარეობს. მაშასადამე, მუ არ უნდა ვთარგმნოთ, როგორც არაფერი.
დ) ხშირად ივარჯიშეთ მრავალ პარტნიორთან ერთად, რათა კარგად გაიგოთ აიკის გადაადგილებათა დახვეწილობა.
ე) მას შემდეგ, რაც შეიგრძნობთ აიკის თქვენსავე სხეულში, გადაიტანეთ ის უკეზე. მე გულწრფელ მადლობას ვუხდი ჰიდეო ჰიროსავა სენსეის იმისათვის, რომ მან აიკი შემაგრძნობინა. აიკის მიჩნევა სპორტად, რომელსაც მხოლოდ ის შეუძლია, რომ სტრესისგან გაგვათავისუფლოს სამუშაო დღის ბოლოს, შეცდომაა, რადგან ეს ბუდოს ძიებისაკენ არ წაგვიყვანს. ბუდო მეომრის გზაა.
წყარო : https://aikidotakemusu.org/aikido-principe-deplacement-terre/
არსებობს ინფორმაციები, რომლებსაც გვერდზე გადავდებთ, ან მომდევნო ხანებისთვის ვინახავთ ხოლმე.
მე ძალიან ადრე წავიკითხე ო-სენსეის ეს სიტყვები:
აიკიდოში აუცილებელია სამყაროს ბუნებრივი კანონების შეცნობა, მაგალითად, უნდა ვიცოდეთ და ვიყენებდეთ დედამიწის ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო.
ვიყენებდეთ დედამიწის ბრუნვას თავისი ღერძის გარშემოო… პლანეტისას… მოწინააღმდეგის ძირს დასაგდებადო… ადვილი წარმოსადგენია, რისი გაგება შეეძლო ამ ენიგმიდან ისეთ დამწყებს, როგორიც მე ვიყავი ოცი წლის ასაკში. და მაინც, შეიძლება გულუბრყვილობად ჩათვალოდ, მაგრამ ამ დამწყებს არასდროს შეუტანია ეჭვი იმაში, რომ ეს ავთენტური სწავლება იყო.
ეს ახალგაზრდა კაცი ძალიან შორს მოვიტოვე უკან, ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე, შევხვდი ოსტატებს, მათგან ვისწავლე, იაპონიაში იმ სახლში ვიცხოვრე, სადაც ოდესღაც ო-სენსეის უცხოვრია, მის ოთახში მიძინია, მისი ქვაბებით მიმზარეულია, მისი იარაღები გამომიყენებია, მისი ბიბლიოთეკის წიგნები გადამიფურცლავს და იმათთან მილაპარაკია, ვინც მას იცნობდა… შემეძლო კი უფრო მეტად მივახლოვებოდი ამ ხელოვნების სათავეებს? არადა ვერავინ ვერასდროს ვერ ამიხსნა, როგორ უნდა გამომეყენებინა დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო.
და თქვენ, ვინც ჩემს ნაწერებს კითხულობთ, შეგიძლიათ თქვათ, როგორ უნდა გამოვიყენოთ დედამიწის ბრუნვა აიკიდოში?
შეიძლება არ დამისვამს ეს შეკითხვა იმათთვის, ვისთვისაც უნდა დამესვა, ან შეიძლება გარკვეული რაღაცეები არ ისწავლება. ამიტომაც ჩავღრმავდი საკუთარ თავში იმ ცოდნის საძებნელად, რომელიც ვერსად ვიპოვე გარეთ. ძებნა ისე დავიწყე, რომ ზუსტად არც ვიცოდი, რას ვეძებდი, ყველანაირი გზა მოვსინჯე, ყოველ ჯერზე ენთუზიაზმით ვაწვებოდი წინ ჩემი უვიცობითა და იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს რომელიმე კარი გაიღებოდა. გარდაცვლილებსა და ღმერთებს მას შემდეგ მივმართე, რაც ჩემი მიმართვა ცოცხლებისადმი უპასუხო და ამაო დარჩა. იმდენი და ისე ვქენი, რომ, ეტყობა, სადღაც რაღაც ძალას შევეცოდე. და ერთ დღესაც, ირლანდიაში ერთი პატარა გზის პირას, ფოლკლორის მოყვარული ტურისტებისათვის გამართული „უმნიშვნელო წვრილმანების“ ბაზრობაზე ო-სენსეის საიდუმლოების ამოხსნა მელოდებოდა. ხუთ ევროდ ვიყიდე ჩემი ჩაკეტილი ტვინის გასახსნელად საჭირო გასაღები, თავდამსხმელთა წრეში მოქცეული ადამიანის შესაძლო გადაადგილებების გეგმა, გამოჭედილი თითბრის შენადნობიდან:
ეს უჩვეულო ნივთი ნამდვილად ვერაფერში გამომადგებოდა, რომ არა ის ხეტიალი და ჩემს გამრჯე ცხოვრებაში დაგროვილი შეცდომები, რომლებიც წინ უძღოდა მის გამოჩენას, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ იგი შესაფერის მომენტში გამოჩნდა, იმ მომენტში, როდესაც შემეძლო ბოლოს და ბოლოს დამენახა ის, რაც აგრერიგად თვალში საცემი იყო.
სტატიების სერიაში, სახელად „ო-სენსეის გადაადგილება“, მე უკვე ვრცლად განვმარტე ის მიზეზები, რომელთა გამოც მეომრის გადაადგილება უნდა მიჰყვებოდეს ცენტრის შუაგულიდან სპირალების იმ ტრაქეტორიას, რომლებიც ამ ორნამეტზეა გამოსახული. არ დავუბრუნდები ამ განმარტებებს, მაგრამ შეგახსენებთ მათემატიკურ მოდელს, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ფიგურას და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გიორგი ჭანტურიას, თეორიული ფიზიკის სტუდენტს თბილისში, რომელმაც მისი გამოცნობა შეძლო:
უნდა წარმოვიდგინოთ წრის შუაგულში მდგომი, ოთხი მოწინააღმდეგით გარშემორტყმული მეომარი, მეტოქეებს კონვენციურად ოთხი მხარე უჭირავთ და ერთდროულად უტევენ ამ პოზიციებიდან.
მაშასადამე ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი აკრძალული აქვს ამ მეომარს და მხოლოდ შემდეგ ოთხ სექტორში ძალუძს გადაადგილება:
ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით.
ის თითოეულ ამ სექტორში ბზრიალასავით შეიჭრება სხეულის ბრუნვითი მოძრაობით, რასაც აიკიდოში ირიმი-ტენკანი ეწოდება და რაც ორადორი სახით შეიძლება შესრულდეს: საათის ისრის მიმართულებით ან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, საწყისი სამკუთხა პოზიციიდან, რომელსაც აიკიდოში ჰანმის უწოდებენ.
მაშასადამე, ჩვენს მეომარს ორი არჩევანი აქვს თითო სექტორში, რვა შესაძლებლობა მთლიანობაში და, ტრიალის ეფექტით, ამ გადაადგილებებიდან თითოეული აუცილებლად მიჰყვება რვა სპირალიდან ერთ-ერთის ტრაექტორიას.
ყოველ ჯერზე, როცა ის ამგვარად გადაადგილდება, აღიდგენს წონასწორობას, ახალი წრის ცენტრში ხვდება, რომელიც მას გადაადგილების რვა ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. ამ მოქმედებას აიკიდოში საბაკუ ჰქვია: ტაი საბაკი ირიმი-ტენკანის აქტივაციის შედეგია.
ეს რვა მარშრუტი, მოქმედების ეს რვა საშუალება, შეადგენს რვა ძალას ფიზიკურ სფეროში – ჰაჩი რიკის – რაზეც ო-სენსეი ლაპარაკობს.
შევადაროთ ახლა ამგვარად მოძრაობა იმას, თუ როგორ მოძრაობს დედამიწა:
ეს ანიმაცია – აჩქარებული სახით, რასაკვირველია – ფუკოს ქანქარაა, ისტორიული ექსპერიმენტი, რომელმაც 1851 წელს აჩვენა, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს (ეს რთული მოძრაობა, ფაქტობრივად, სამი სხვადასხვა მოძრაობის გაერთიანებაა): ყურადღება მიაქციეთ, ქანქარა სინამდვილეში უძრავია, ის წარმოადგენს ღერძს და დედამიწა ბრუნავს მის გარშემო.
და ვხედავთ, რომ დედამიწა ქანქარასთან მიმართებაში ისე მოძრაობს, რომ თან რვა შტოიანი ნახაზის სპირალებს ხაზავს, რომლებიც ორ-ორად ლადგება ოთხი მთავარი მიმართულების სექტორებში, ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით.
ამასთან, გადაადგილების ეს მოდელი ზუსტად ისაა, რაზეც ცოტა ხნის წინ ვილაპარაკეთ, რომელიც „ო-სენსეის გადაადგილებაში“ ვაჩვენეთ და რომელიც აუცილებელია როგორც მებრძოლის დარტყმის საჭიროებებისათვის, ისე მისი უსაფრთხოებისათვის.
ამ შედარებიდან ის დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ მებრძოლი ისე მოძრაობს დედამიწაზე, როგორც დედამიწა მოძრაობს თავის გარშემო. იდეალური გადაადგილების მოდელი, რომელიც მეომარს მოეთხოვება თავის ხელოვნებაში საბრძოლო საჭიროებებიდან გამომდინარე, იგივეა, რაც გადაადგილების მოდელი, რომელსაც დედამიწა იყენებს სივრცეში ტრიალისთვის თავისი ღერძის გარშემო.
ეს გვიჩვენებს, რომ ო-სენსეის ფრაზა არის არა რაღაც ბნელი პარაბოლა რომელიმე იდუმალებით მოცულ ეზოთერულ სწავლებაზე მისანიშნებლად, არამედ ის წმინდად ფიზიკურ რეალობას აღწერს: აიკიდოს კეთება ნიშნავს, პირდაპირი გაგებით, იმოძრაო ისე, როგორც მოძრაობს დედამიწა, მოიქცე მასავით, ნიშნავს „იცოდე და იყენებდე დედამიწის ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო“. როდესაც მებრძოლი გადაადგილდება ისე, როგორც საჭიროა, მაშინ ის დედამიწის ნამდვილი შვილია.
აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გადაადგილების ეს კანონი არ არის მიბმული მხოლოდ ერთ რომელიმე ხელოვნებაზე, ის არ არის მეტ-ნაკლებად ორიგინალური მახასიათებელი, რომელიც აიკიდოს სხვა დისციპლინებისგან გამოარჩევდა. პირიქით, ჩვენ აქ ვხედავთ ფიზიკის კანონს, რომელიც ზოგადად ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი ადამიანის გადაადგილებას მოერგება, როდესაც, ჰორიზონტალურ ჭრილში, ის ოთხი მიმართულების ფარგლებშია მოქცეული.
თუ ამ ადამიანს უნდა სრულყოფილად შეურწყას ერთმანეთს უსაფრთხოების მოთხოვნები და ზოგად ბრძოლასთან დაკავშირებული ეფექტურობა და არა მხოლოდ მარტივი მუშტი-კრივით შემოიფარგლოს, მას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა დედამიწის გადაადგილების ზუსტად გამეორებისა.
ეს არჩევანი ოფცია არ გახლავთ, ის არ უკავშირდება ამა თუ იმ დისციპლინის ან ამა თუ იმ სკოლის პროგრამას: ყველა აღმოსავლური და დასავლური საბრძოლო ხელოვნება ერთი და იმავე რეალობის წინაშე დგას. გამარჯვებისა და გადარჩენისათვის, აქილევსიდან მიამოტო მუსაშიმდე და რაინდ ბაიარამდე, მეომრებმა ფიზიკის ერთი და იგივე კანონი უნდა დაიცვან, როდესაც საქმე მათი სხეულის გადაადგილებას ეხება საბრძოლო სივრცეში.
ერთადერთი განსხვავება აიკიდოსა და სხვა საბრძოლო ხელოვნებებს შორის შეიძლება ის იყოს, რომ დედამიწის გადაადგილების პრინციპს აქ უწინარეს ყოვლისა არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორც სტრატეგიის გული, რომელიც სრულად უნდა იყოს ათვისებული, თუკი გვინდა, რომ ხელოვნების უნივერსალურ ხასიათს ჩავწვდეთ.
ეს პრინციპი მართლაც სრულიად პრიორუტეტულად მიაჩნდა ფუძემდებელს:
ერთ მოწინააღმდეგესთანაც კი არ უნდა გვადარდებდეს მხოლოდ ის, რაც წინ ხდება, პრაქტიკის დროს აუცილებელად ყურადღებით უნდა ვიყოთ ოთხი, რვა მიმართულებით.
გონების მდგომარეობა სავარჯიშოს დროს” – რეკომენდაცია n°1 – ტექსტი, რომელიც ტოკიოს აიკიკაი სო ჰომბუ დოჯოს შესასვლელთან ეწერა 1931 წლიდან
ო-სენსეი გვიჩვენებს აქ პირდაპირი გაგებით და სრულიად არაორაზროვნად, თუ რა უნდა იყოს ყველაზე მთავარი საზრუნავი და რა უნდა ჰქონდეს გონებაში მოწაფეს: იცოდეს, რომ ის ყოველთვის დგას წრის ცენტრში და ყოველთვის წარმართოს თავისი მოქმედება შეტევის ოთხ მხარესთან და პასუხის რვა მხარესთან მიმართებაში, როგორიც არ უნდა იყოს კერძო შემთხვევა და კონტექსტი.
მაშასადამე, დიდი ხნის წინანდელი ალალი დამწყები მოვარჯიშე მართალი ყოფილა, სიტყვასიტყვით რომ გაიგო ო-სენსეის სიტყვები. მან ირწმუნა ის, რისი გაგებაც მაშინ არ შეეძლო. მცირედი რწმენა ალბათ აუცილებელია გზის დასაწყებად, შემდეგ ერთ ნაბიჯს მეორე მოჰყვება და ის, ვინც ეძებს, პოულობს კიდეც ერთ მშვენიერ დღეს.
ის ამბავი, რომ საშუალო ბუნებრივი თვისებების მქონე ამ დამწყებმა მოვარჯიშემ თავის გზაზე აიკიდოს ამ საიდუმლოების გაშიფვრა შეძლო, ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს თავის სფეროში და თავისი ჩართულობის შესაბამისად, შეუძლია ბოლოს ამგვარ შედეგს მიაღწიოს.
ყველას თავისი ხერხი, ყველას თავისი ადგილი, ყველას თავისი როლი აქვს დედამიწაზე, ყველა ვერ იქნება გოეთე, მონტენი ან ნიუტონი. პირველად რომ შექმნა ასტრონომიული ჭოგრიტი და იმით დააკვირდა მთვარესა და ვარსკვლავებს, ამიტომაც გაიხედა გალილეიმ არისტოტელეზე უფრო შორს და მიხვდა, რომ დედამიწა გადაადგილდებოდა კოსმოსში.
პიზელი ოსტატის მიმართ განმსჭვალული პატივისცემით მეც ვიყურები მთვარისა და ვარსკვლავებისაკენ, ოღონდ ჩემი ოპტიკა განსხვავებულია. და თუკი მე მისი ძიების საფუძლვებსა და მიზეზებს ვერ ჩავწვდები, ასევე ძნელი იქნება ჩემი მიზეზების გამოცნობაც, თუმცა, მიუხედავად თვისობრივი განსხვავებებისა, ესენიც მისი მიზეზებივით ეწერებიან იმ მოულოდნელ და ხანდახან თავგზის ამბნევ გეგმაში, რომელსაც სამყარო გვიხატავს და რომელიც ცხოვრებას ესოდენ ლამაზ მოგზაურობად აქცევს.
ვართ თუ არა ბრმები ამ გეგმის მიმართ, გვესმის თუ არა ის, მივყვებით თუ არა მას, ვებუტებით თუ არა მას, სამყარო თავისი გზით მიდის და „გაიგოს, ვისაც შეუძლია“, ასე ჰქვია ბობი ლაპუენტის სიმღერას.